Facebook Twitter

3კ-1091-02 11 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: საცხოვრებელი ფართის გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1997წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. შ.-ის სარჩელი და მოპასუხეები _ მ. ი.-ი და გ. ა.-ე გამოსახლებულ იქნენ თბილისში, ... მდებარე შენობის პირველი სართულის ¹2 საცხოვრებელი ოთახიდან, რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ლ. შ.-ე ფლობს ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე სახლის 3/5 წილს (ოთხ ოთახს), ხოლო ამ სახლის მესაკუთრეთა შორის გაფორმებული და ნოტარიულად დამოწმებული სახლის საკუთრების და სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ოთახი არის მოსარჩელის საკუთრებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 4 ივლისის განჩინებით.

1999წ. 1 ოქტომბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიმართა მ. ქ.-მ სარჩელით, მოპასუხის _ ლ. შ.-ის მიმართ და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე სახლის მესაკუთრეებს შორის გაფორმებული სახლის საკუთრების და სარგებლობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით, მ. ქ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. შ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 30 მარტის განჩინებით თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება შეწყდა იმის გამო, რომ მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვითაც მ. ქ.-ს მიეკუთვნა საცხოვრებელი სახლის 2/15 წილი (აქედან საცხოვრებელი 1/15, დამხმარე ფართი – 1/15).

2001წ. 10 მაისს მ. ი.-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეიტანა განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და მოითხოვა ამავე სასამართლოს 1997წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: მ. ი.-ის განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 30 მარტის განჩინების თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მ. ქ.-ის წილი შეადგენს არა 2/15, როგორც ეს შეცდომით იყო დაფიქსირებული ტექბიუროში, არამედ 1/15. აქედან გამომდინარე, 1/15 არავისზე არ არის აღრიცხული. მ. ი.-ის აზრით, აღურიცხავი 1/15 სწორედ ¹2 ოთახია, რომლიდანაც იგი გამოსახლებულ იქნა ლ. შ.-ის სარჩელის საფუძველზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 დეკემბრის განჩინებით, ი.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მ. ი.-მ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა საქმეზე გამოტანილი განჩინების გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ, დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლო 1997წ. 2 ივნისის გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო საქმეში არსებულ მასალებს და დადგენილია, რომ ლ. შ.-მ 1970წ. 18 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 3/15 ნაწილი, ხოლო 1996წ. 30 ნოემბერს აღნიშნული სახლის მესაკუთრეებს შორის დაიდო და ნოტარიულად დამოწმდა სახლის საკუთრების და სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ. შ.-ს გამოეყო სადავო ¹2 ოთახი. მოპასუხეებმა – მ.ი.-მ და მისმა ვაჟმა გ.ა.-მ სასამართლოს ვერ წარუდგინეს სათანადო მტკიცებულებანი, რომ მათ გააჩნდათ ამ ოთახის ფლობის უფლება, რის გამოც ლ. შ.-ის სარჩელი მათი გამოსახლების შესახებ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან განცხადებაში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქმისათვის რაიმე ახალ გარემოებას. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 423-ე მუხლი.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის განჩინებაზე მ. ი.-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი.

კასატორის მოსაზრებით განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია. კერძოდ, სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლითაც ირკვევა სახლის მობინადრეთა წილობრივი საკუთრება, არ მისცა სათანადო შეფასება.

მ. ი.-ი ითხოვს სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 30 მარტის განჩინებით დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ. ქ.-ს ეკუთვნოდა თბილისში, ... მდებარე სკოლის საცხოვრებელი ფართის 1/15 წილი, არ არის საქმისათვის ახლად აღმოჩენილი გარემოება, ვინაიდან ამავე განჩინებით დადგენილია, რომ მ.ქ.-ი ფლობს საკუთრების უფლებით მთლიანი სახლის 2/15 წილს. ამასთან, ტექბიუროს ჩანაწერის წარდგენა სასამართლოში მას შემდეგ, რაც საქმის წარმოება დასრულდა, არ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის (განმცხადებლისთვის) ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 30 მარტის განჩინებით (რომლითაც მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება) დადგენილი გარემოებები, ასევე ტექბიუროს ჩანაწერი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროდან სათანადო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იყო საქმის არსებითად განხილვის დროს, სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე აღნიშნული საფუძვლით დაუშვებელია საქმის წარმოების განახლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ი.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.