Facebook Twitter

საქმე N 330141313009356436

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№211-24 ქ. თბილისი

მ. ს, 211-24 4 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ – კობა ნოზაძის

ადვოკატ – გ. თ-ს

მსჯავრდებულ – ს. მ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით, ს. მ, – დაბადებული 19.. წლის .. ოქტომბერს, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

2. 2013 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე გრძელიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ს. მ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება. შუამდგომლობაზე თანდართული დაზარალებულ ა. ლ-სთან გასაუბრების ოქმის მიხედვით, იგი წინააღმდეგი იყო ს. მ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენში, ს მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, 1/4-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა – 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის სხვა ნაწილი დარჩა უცვლელად.

4. ძებნილი მსჯავრდებული ს. მ. დაკავებულია და სასჯელს იხდის 2024 წლის 14 მარტიდან.

5. 2024 წლის 29 აპრილს მსჯავრდებულმა ს. მ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება და მოითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის გამოყენება. ს. მ-ს პირად საქმეში მოიპოვება დაზარალებულ ა. ლ-ს 2024 წლის 4 აპრილის, ნოტარიულად დამოწმებული, ხელწერილი, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა აუნაზღაურა ზიანი, რის გამოც, არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და თანახმაა, ს. მ-ს მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი.

6. მსჯავრდებულ ს. მ-ს საჩივარი და საქმის მასალები, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 30 მაისს.

7. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ს. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. თ-მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

8. სასამართლო სხდომაზე პროკურორი კობა ნოზაძე არ დაეთანხმა მსჯავრდებულ ს. მ-ს საჩივრარს, რადგან მიიჩნევს, რომ დარღვეულია განჩინების გასაჩივრების ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირველ რიგში, ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში, თუმცა იმის მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოში წარმოდგენილი საქმის მასალებით, მათ შორის, არც პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილი ს. მ-ს პირადი საქმიდან არ დგინდება, თუ როდის ჩაბარდა მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა ჩაეთვალოს დაცულად.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

4. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად, დაზარალებულ ა. ლ-ს არ გააჩნია პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ, ს. მ-მ დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა ზიანი და დაზარალებული თანახმაა, მსჯავრდებულზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, ს. მ., „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისგან.

5. რაც შეეხება, ს. მ-სათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით, დამატებითი სასჯელის სახით, დაკისრებულ ჯარიმას – 3000 ლარს, მიუხედვად იმისა, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა არ მოიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მის მიმართ აღსრულებას, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ვრცელდება როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო კვლავაც მიიჩნევს: როდესაც საქმის მასალებით იკვეთება ს. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, მასზე ასევე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის №291-22 განჩინება), გამომდინარე იქიდან, რომ კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს, საქმეში არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვის და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-20).

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

7. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, კერძოდ, 2012 წლის 7 თებერვალს და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, რის გამოც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ს. მ. ასევე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკისრებული, 3000-ლარიანი ჯარიმის მოხდისაგან.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს. მ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრისა 2021 წლის 11 იანვრის კანონებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ს. მ. გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელის – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისგან;

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ს. მ. გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული, დამატებითი სასჯელის – 3000 ლარი ჯარიმის – მოხდისგან;

5. მსჯავრდებული ს. მ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი