¹ 3კ/1093-01 23 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,მ. ახალაძე
დავის საგანი სარჩელში: სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღება.
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: კუთვნილი წილის გაზრდა და სამკვიდრო ქონების მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. ფ-ძე 1995 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ხ-ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შვილი არ ჰყოლიათ. ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ ქ. ბათუმში, ... მდებარე ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლში, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ნ. ხ-ძეს. 1997 წელს აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ნ. ხ-ძის მიერ გაყიდულ იქნა 11 000 აშშ დოლარად და ამ თანხის ნაწილით, 6 000 აშშ დოლარად, შეიძინა ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹8 ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ავტოფარეხით და ავტომანქანა “ვოლგა გაზ-24” _ 2 000 აშშ დოლარად. 2000 წლის თებერვალში ნ. ხ-ძე გარდაიცვალა. მას სხვა ქორწინებიდან ჰყავდა ოთხი შვილი: რ., ნ., ნი. და თ. ხ-ძეები. მემკვიდრეთა განცხადების საფუძველზე მამკვიდრებლის ქონება ქ. ბათუმის ნოტარიუსის მიერ განაწილებულ იქნა. ც. ფ-ძეს მიეკუთვნა სამკვიდროს 3/5 ნაწილი, ხოლო დანარჩენი 2/5 წილი კი თ. ხ-ძეს, რადგანაც რ., ნ. და ნი. ხ-ძეებმა თავიანთი წილი მას დაუთმეს.
ც. ფ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: რ., ნ., ნი. და თ. ხ-ძეების მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი მეუღლის, ნ. ხ-ძის, სამკვიდროში მოპასუხეთა კუთვნილი წილის შემცირება და მთელი სამკვიდროს მის საკუთრებაში გადაცემა, მოპასუხეთათვის ფულადი კომპენსაციის გადახდა.
თ. ხ-ძის წარმომადგენელმა რ. მ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა თ. ხ-ძის მამის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა, მისთვის ბინის, ავტომანქანის გადაცემა, ასევე, დარჩენილი თანხის – 4000 აშშ დოლარის – 4/5-ის მიკუთვნება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ც. ფ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა აწ გარდაცვლილ ნ. ხ-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა და შესაბამისი ცვლილება განხორციელდა ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური სამსახურის მიერ, რისთვისაც ც. ფ-ძეს გადახდა მოპასუხე თ. ხ-ძის სასარგებლოდ 1614 აშშ დოლარი. ც. ფ-ძის სარჩელს რ., ნ., ნი. და თ. ხ-ძეების მიმართ სამკვიდროში მათი წილის შემცირებისა და ავტომანქანა “ვოლგის” მიკუთვნების ნაწილში ეთქვა უარი. თ. ხ-ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ. ხ-ძეს საკუთრებაში გადაეცა ნ. ხ-ძის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა “ვოლგა-გაზ-24” და შესაბამისად, ქ. ბათუმის საგზაო პოლიციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის მიერ გადაფორმების განხორციელება, რისთვისაც თ. ხ-ძეს ც. ფ-ძის სასარგებლოდ უნდა გადახდოდა 244 აშშ დოლარი.
თ. ხ-ძის შეგებებულ სარჩელს ც. ფ-ძის მიმართ სამკვიდროში მოსარჩელის წილის შემცირებისა და საცხოვრებელი ბინის მიკუთვნების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
მოცემული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ც. ფ-ძისა და თ. ხ-ძის წარმომადგენელ რ. მ.-ის მიერ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ძის წარმომადგენელ რ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ც. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი კი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ხ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, საკუთრებაში გადაეცა აწ გარდაცვლილი ნ. ხ-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა ავტოფარეხით და, შესაბამისად, ცვლილება იქნა შეტანილი როგორც ბათუმის ნოტარიუსის სანოტარო მოქმედებაში, ასევე მერიის ტექნიკური სამსახურის საჯარო რეესტრში. თ. ხ-ძეს საკუთრებაში გადაეცა ნ. ხ-ძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა “ვოლგა-გაზ-24”, რომელიც უნდა გადაფორმებულიყო დადგენილი წესით. თ. ხ-ძეს გადახდა სამკვიდრო ქონებიდან 1/5 წილის გათვალისწინებით 1850 აშშ დოლარი ც. ფ-ძის სასარგებლოდ. ც. ფ-ძის სასარჩელო მოთხოვნას, სადავო საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის “გაზ-24”-ის საკუთრებაში გადაცემაზე, უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
მოცემული გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: ქორწინების ფაქტი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში იმ ქონების ჩართვას, რომელიც თითოეულ მათგანს დაქორწინებამდე ეკუთვნოდა. ასეთი ქონება მათი ინდივიდუალური საკუთრებაა და მისი მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა თითოეული მეუღლის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ხდება. ც. ფ-ძე დაქორწინდა 1995 წლის 20 ივნისს აწ გარდაცვლილ ნ. ხ-ძეზე. ისინი ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობდა ქ. ბათუმში. 1997 წელს ნ. ხ-ძემ აღნიშნული ბინა გაასხვისა და მიღებული სახსრებით შეიძინა ერთოთახიანი ბინა და ავტომანქანა “გაზ-24”, რომლებიც ასევე ნ. ხ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა და ამ ქონებასთან ც. ფ-ძეს არავითარი კავშირი არ ჰქონდა. იგი ამ ქონების თანამესაკუთრედ არ ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვოდა ქორწინებამდე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული ც. ფ-ძის წარმომადგენელ ი. შ.-ის მიერ.
კასატორმა მოითხოვა მოცემული გადაწყეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ც. ფ-ძისა და ნ. ხ-ძის ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შეძენილი ქონება არ ჩათვალა მეუღლეთა თანასაკუთრებად. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული სადავო საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს ერგებოდა მთელი სამკვიდრო ქონების 3/5 წილი, ე.ი. 5520 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 1480-ე და 1481-ე მუხლების შესაბამისად, მას აქვს საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ ც. ფ-ძემ ისესხა 500 აშშ დოლარი, რომელიც მამკვიდრებლის დაკრძალვასთან დაკავშირებით იქნა დახარჯული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ც. ფ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ც. ფ-ძე დაქორწინების დღიდან, 1995 წლიდან, ცხოვრობდა მეუღლე ნ. ხ-ძის საკუთარ ბინაში, მდებარე ... ქ. ბათუმში. ნ. ხ-ძემ აღნიშნული ბინა გაყიდა 1997 წლის ივნისში და იყიდა ქ. ბათუმში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა, რომელიც აღირიცხა ნ. ხ-ძის საკუთრებაში. პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ბინა არასწორად არ მიიჩნია მეუღლეთა თანასაკუთრებად.
სადავო ბინის შეძენის მომენტისათვის, ე.ი. 1997 წლის ივნისში მოქმედი საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო თანასაკუთრებას. მეუღლეებს აქვთ ამ ქონებით სარგებლობის, მისი მფლობელობისა და განკარგვის თანაბარი უფლება. მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სადავო ბინა, მართალია, შეძენილია მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში, მაგრამ იმ თანხით, რომელიც მიიღო ნ. ხ-ძემ ც. ფ-ძესთან დაქორწინებამდე საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის შედეგად. იმავე კოდექსის 23-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად კი, თითოეული მეუღლის პირად საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე.
ნ. ხ-ძე გარდაიცვალა 2000 წლის 24 მარტს. მას გარდაცვალების მომენტისათვის დარჩა ხუთი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე ც. ფ-ძე და შვილები – რ., ნ., ნი. და თ. ხ-ძეები. რ., ნ. და ნი. ხ-ძეებმა მამის დანაშთ ქონებაზე უარი განაცხადეს არასრულწლოვანი ძმის, თ. ხ-ძის, სასარგებლოდ.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ცნო ც. ფ-ძე ნ. ხ-ძის დანაშთი ქონების 1/5 ნაწილის მემკვიდრედ, ხოლო თ. ხ-ძე 4/5 წილის მემკვიდრედ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ხ-ძის შეგებებული სარჩელი და მას საკუთრებაში გადაეცა ერთოთახიანი სადავო ბინა იმ საფუძვლით, რომ ამ ბინის გაყოფა შეუძლებელია; მასვე გადაეცა ავტომანქანა “გაზ-24”. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ არის იურიდიულად დასაბუთებული; სააპელციო სასამართლომ არ მიუთითა მატერიალური სამართლის კონკრეტული ნორმა, რომლის საფუძველზეც სამკვიდრო ბინა და ავტომანქანა მიაკუთვნა თ. ხ-ძეს. სამოქალაქო კოდექსის 1481-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ ქონების გაყოფისას მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, აქვს სამკვიდროდან საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა საცხოვრებელი სადგომის, ასევე, საოჯახო მოხმარების საგნების მიღების უპირატესი უფლება. იმავე კოდექსის 1482-ე მუხლის თანახმად კი, უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ. თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი კუთვნილი წილის მისაღებად, მაშინ მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა მისცენ მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად საერთოდ არ გამოიყენა ზემოაღნიშნული მუხლები, არ გაარკვია, აწ გარდაცვლილ ნ. ხ-ძესა და ც. ფ-ძესთან ერთად მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა თუ არა თ. ხ-ძეც.
ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. ფ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.