Facebook Twitter

¹ 3კ/1095-01 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბინა, მდებარე ... ქ.ბათუმში ირიცხება შპს “ბ. მ. ქ.” სახელზე. შპს “ბ. მ. ქ.” სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე გ. კ-იას და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება აღნიშნული ბინიდან შემდეგი საფუძვლით: მოქალაქე გ. კ-იამ თვითნებურად დაიკავა სადავო ბინა, რომელშიც ადრე ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი ვ. შ-ტი,M მათი თხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას. ქარხანამ სადავო ბინა გამოუყო თანამშრომელ ჯ. მ-ძეს და იმის გამო, რომ ბინაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესული გ. კ-ია ბინას არ ათავისუფლებს, ჯ. მ-ძე ვერ სარგებლობს გამოყოფილი ბინით.

გ. კ-იამ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ბინის რემონტის და ვ. შ-ტის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: ვ. შ-ტი იყო მისი ნათლია, რომელმაც მიიყვანა იგი სადავო ბინაში საცხოვრებლად და ანდერძიც დაუტოვა სადავო ბინაზე; ბინა რამდენიმე წლის წინ დაიწვა. მან თავის ხარჯებით აღადგინა იგი და დამატებით მიაშენა ორი ოთახი. იგი უვლიდა ვ. შ-ტს და გაიღო მისი დაკრძალვის ხარჯები, ამიტომ მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ბ. მ. ქ.” სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე გ. კ-ია ოჯახთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან; არ დაკმაყოფილდა გ. კ-იას შეგებებული სარჩელი რემონტის და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა შპს “ბ. მ. ქ.”, მოპასუხე გ. კ-იას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აქვს დაკავებული ფართი, რადგან ვ. შ-ტის ანდერძი არ აძლევს მას სადავო ფართის ფლობის უფლებას, ვინაიდან ბინა არ იყო ვ. შ-ტის საკუთრება და ამდენად, მისი საანდერძო განკარგულება გ. კ-იასათვის სადავო ბინის დატოვების შესახებ არავითარ შედეგს არ იძლევა; ვერც გ. კ-იას სარჩელი, დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ, ვერ იქნება ანაზღაურებული შპს “ბ. მ. ქ.” მიერ, რადგან ქარხანა შ-ტის მემკვიდრე არ არის და არ აქვს კანონისმიერი მოვალეობა შ-ტის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისა. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ არ დადასტურდა ხანძრის შედეგად დამწვარი სადავო ბინის აღდგენა გ. კ-იას მიერ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. კ-იამ, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 აგვისტოს განჩინებით გ. კ-იას სააპელაიცო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს საქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. კ-იამ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სადავო ბინაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად დიდი ხანია, ხოლო ბინა თვითნებურად არ დაუკავებიათ; სასამართლოს მესამე პირად უნდა ჩაერთო ჯ. მ-ძე, რის შემდეგაც მოხდებოდა მათ შორის გარიგება რეკონსტრუქციის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო ბინის მესაკუთრე. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. დადასტურებულია, რომ მოპასუხე კ-იას არავითარი სამართლებრივი საფუძველი სადავო ბინის ფლობისა არა აქვს და იგი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ მფლობელად.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმეში მესამე პირად უნდა ჩართულიყო ჯ. მ-ძე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე და 90-ე მუხლების თანახმად, მესამე პირად ჩართვა ხდება თვით დაინტერესებული მხარის განცხადებით, ან პროცესის მონაწილე მხარის ინიციატივით. მიცემულ სიტუაციაში არც ერთ შემთხვევას არ ჰქონდია ადგილი, გ. კ-იას არ დაუყენებია სასამართლოში საკითხი მ-ძის მე-3 პირად ჩართვაზე და ამდენად, სასამართლო მოვალე არ იყო თავისი ინიციატივით ჩაერთო საქმეში მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. გარდა ამისა, თუ მ-ძე ჩაირთვებოდა მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, იგი ჩაერთვებოდა მოსარჩელისა და არა მოპასუხის მხარეზე. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ ჩათვალა სადავო სახლი ვ. შ-ტის სამკვიდრო ქონებად, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია და არც კ-ია უარყოფს, რომ სახლი შპს “ბ. მ. ქ.” საკუთრებაა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის ქონებას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში კასატორი გ. კ-ია სადავო ბინას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

პალატა თლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 აგვისტოს განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.