Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1096-01 23 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: სახლის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მონაცემებით ქ.ბათუმში, ... მდებარე სახლმფლობელობის 5/42 ნაწილი ირიცხება ნ. მ-ზე, 7/42 ნაწილი – თ. ს-ზე, 6/42 ნაწილი – ვ. მ-ზე, 1/42 ნაწილი – კ. შ-ზე, 6/42 ნაწილი – ლ. კ-ზე, 3/42 ნაწილი – გ. თ-ეზე.

სახლის მეორე სართულზე ნ. მ-ის კუთვნილი ორი ოთახი 1946 წლიდან მოსარგებლის უფლებით ეკავა თ. ჩ-ს ამავე ბინაში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა თ. ჩ-ს ძმიშვილი ა. ჩ-ა.

1975 წელს გარდაიცვალა ნ. მ-ი, ხოლო 1977 წელს თ. ჩ-.

1991 წელს აღნიშნული სახლთმფლობელობის 3/42 ნაწილი იორდანიდისაგან შეიძინა გ. თ-ემ.

1999წ. ოქტომბერში გ.თ-ესა და ა.ჩ-ს შორის დადებული გარიგების შესაბამისად ამ უკანასკნელმა მის მიერ დაკავებული ფართი 1300 აშშ დოლარად დაუთმო გ.თ-ეს და ივალდებულა, რომ დაუყოვნებლივ ამოეწერებოდა ბინიდან.

2000წ. ივლისში სასამართლოში შეტანილი განცხადებით გ.თ-ემ ითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ მან აწ გარდაცვლილი ნ. მ-ისაგან შეიძინა საკუთრების უფლებით ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 5/42 ნაწილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილად ჩაითვალა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ქ.ბათუმში, ... მდებარე სახლმფლობელობის 5/42 ნაწილი, რომელიც შეადგენს ორ საცხოვრებელ ოთახს და დერეფანს, ნ.მ-ისაგან შესყიდული აქვს გ.თ-ეს და წარმოადგენს მის საკუთრებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს დაინტერესებულმა პირებმა: თ.ს-მა და ზ.მ-მა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 20 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თ. ს-მა და ზ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. თ-ისა და ქ.ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ ნ. მ-ის სახელზე რიცხული სახლის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის და ტექინვენტარიზაციის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ.

ა. ჩ-მ განცხადებით მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ სადავო ბინა 1974 წელს ნ. მ-ისაგან შეიძინა თ. ჩ-მ. როგორც ამ უკანასკნელის მემკვიდრემ მოითხოვა აღნიშნული ბინის მესაკუთრედ ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. თ-ის მოთხოვნა. თ. ს-ს და ზ. მ-ს უარი ეთქვათ სარჩელზე, დაკმაყოფილდა გ. ჩ-ს განცხადება, დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ აწ გარდაცვლილი თ. ჩ-ა საკუთრების უფლებით ფლობდა მითითებულ სახლმფლობელობის 3/42 ნაწილს. ¹11 და ¹12 ოთახებს და ამ ფართზე ცნობილი იქნა ა. ჩ-ს საკუთრების უფლება.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-ემ. სააპელაციო საჩივარი შეიტანეს აგრეთვე ზ. მ-მა და თ. ს-მა, იმ საფუძვლით, რომ თ. ჩ-ა ბინაში ცხოვრობდა სარგებლობის უფლებით, რაც შეწყდა მისი გარდაცვალების დროიდან, რადგან სარგებლობის უფლება მემკვიდრეობით ვერ გადაეცემოდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით აპელანტების მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა სადავო სახლის ¹11 და ¹12 ოთახებზე ა. ჩ-ს მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. გადაწყვეტილება გ.თ-ის, ზ.მ-ის, თ.ს-ის საკუთრებაში მითითებული ფართის გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, დატოვებულ იქნა უცვლელად.

ზ. მ-ი და თ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ფართზე მათი საკუთრების უფლების დადასტურებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ 1950წ. 22 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით კასატორებს ზ. მ-ს და თ. ს-ს არ შეუძენიათ ამჟამად სადავო სახლმფლობელობის ¹11 და ¹12 ოთახები. ხელშეკრულებაში კონკრეტულად არის მითითებული გასხვისებული საცხოვრებელი ოთახები და დამხმარე სათავსოები. თუ გარიგების საგანი იყო სადავო ფართიც, მაშინ იგი აუცილებლად დაფიქსირდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში. სსსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა სასამართლოსთვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორებს: ზემოთ აღნიშნულ ფაქტიურ გარემოებებზე არც დამატებითი და არც იურიდიულად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მხარეებმა უნდა დაამტკიცონ გარემოებები, რომელზედაც ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ ¹11 და ¹12 ოთახების ა.ჩ-სათვის მიკუთვნების ნაწილში გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად არასრულად იყო დასაბუთებული, რომ შეუძლებელი გახდა მისი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა მითითებული იმის თაობაზეც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა სადავო ფართის კანონისმიერი მემკვიდრისათვის გადაცემის შესახებ ან მის გამოცხადებაზე უპატრონო ქონებად, რადგან ნ.მ-ის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში მესაკუთრეობის პრეტენზია იურიდიულად არავის დაუსაბუთებია.

სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა შეკრებილ მტკიცებულებებს, გადაწყვეტილება კანონის შესაბამისი და დასაბუთებულია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს ზ. მ-ის და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.