¹ 3კ/1097-01 27 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობაში არსებული საოჯახო ნივთების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. შ-შვილის დედა ე. ქ-ძე 1947 წელს ცოლად გაჰყვა ხ. გ-ძეს. დედის გათხოვების შემდეგ ნ. შ-შვილი ცხოვრობდა ხ. გ-ძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ქობულეთის რაიონის სოფ. .... ე. ქ-ძე გარდაიცვალა 1991 წელს; ხ. გ-ძემ 1988 წელს შეადგინა ანდერძი ნ. შ-შვილის სასარგებლოდ და თავისი უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა მას. ხ. გ-ძე გარდაიცვალა 1992 წლის 18 ივნისს. ხ. გ-ძის ვაჟიშვილმა პირველი ქორწინებიდან ზ. გ-ძემ ნ. შ-შვილს გამოართვა 27000 მანეთი და აიძულა, წასულიყო სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან. ნ. შ-შვილმა 1992 წლის სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ზ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა სადავო საცხოვრებელ სახლში შესახლება, იქიდან მოპასუხის გამოსახლება, თანხის დაკისრება და უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთების დაბრუნება.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. შ-შვილის სარჩელი, ზ. გ-ძისა და ლ. დ-ძის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების, უკანონო მფლობელობაში არსებული ციტრუსოვანი ნარგავებით მიღებული შემოსავლის _ 8000 ლარის გადახდევინების, მოპასუხეთა მიერ 2700 რუსული რუბლის ეკვივალენტი ლარის გადახდის, მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის ბინის ქირის სახით 1440 ლარის გადახდისა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობაში არსებული საოჯახო ნივთების მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დაევალათ მოსარჩელისათვის მათთან არსებული ტანსაცმლისა და სამზარეულოს კარადის, საკერავი მანქანის, კედლის სარკის, სინთეთიკური ხალიჩის, აფთიაქის ყუთის და სხვადასხვა მოცულობის მინის ქილების გადაცემა. მოსარჩელეს უარი ეთქვა ზ. გ-ძისა და ლ. დ-ძის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებაზე უსაფუძვლობის გამო, მისთვის სახლის და 27 000 რუსული რუბლის ეკვივალენტი ლარის, ბრილიანტის თვლიანი ბეჭდისა და მოპასუხის მფლობელობაში არსებული საოჯახო ნივთების გადაცემაზე, მოპასუხეთა მიერ ქირის სახით 1 400 ლარისა და ციტრუსოვანი ნარგავებიდან მიღებული შემოსავლის _ 8000 ლარის გადახდაზე.
ნ. შ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-შვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ნაწილობრივ შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, კერძოდ: აწ გარდაცვლილი ხ. გ-ძის სახელზე რიცხული კომლის ქონების (სახლთმფლობელობა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი) 1/2 ჩაითვალა ნ. შ-შვილის საკუთრებად, ხოლო დანარჩენი 1/2 კი ზ. გ-ძის საკუთრებად. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლის თანახმად საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კომლის ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება. ხ. გ-ძის გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე რიცხულ კომლში, რომლის წევრადაც დარჩა ნ. შ-შვილი, სამკვიდრო არ გახსნილა, ამიტომ ხ. გ-ძის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით ნ. შ-შვილის მიერ კომლის ქონების მოთხოვნა იურიდიულად დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის მასალებით დადგენილია და თვით მხარეებიც არ უარყოფენ იმას, რომ ზ. გ-ძე 50-იან წლებში ირიცხებოდა კომლის წევრად. 1958-1963 წლებში იგი ცალკე კომლად იყო გამოყოფილი და 0.19 ჰა მიწის ნაკვეთი ეწერა. 1964 წლიდან ზ. გ-ძის ცალკე კომლი გაუქმებულია და მისი მიწის ნაკვეთი დაეწერა ხ. გ-ძეს.
საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ზ. გ-ძის ნებას კომლიდან ამოწერისა და კომლის გაუქმების შესახებ. თვით ზ. გ-ძე კი მუდამ თვლიდა, რომ იგი კომლის წევრი იყო; ვინაიდან მამასთან კონფლიქტი ჰქონდა და იგი ამუშავებდა მიწის ნაკვეთს, ამიტომ მიწის სარგებლობის საკითხი არ გაუხდია სადავოდ, რადგან არ სურდა დაპირისპირებოდა მამას. ზ. გ-ძემ გვიან შეიტყო, რომ კომლიდან ამოწერილი იყო (ნ. შ-შვილთან დავის შემდეგ); ამჟამად იგი აღდგენილია კომლად, რომელზეც ირიცხება 0.19 ჰა მიწის ნაკვეთი და ხ. გ-ძის კომლის ქონებაც. აქედან გამომდანარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ხ. გ-ძის სახელზე რიცხული საკომლო ქონება მისი გარდაცვალების შემდეგ წარმოადგენს ზ. გ-ძის და ნ. შ-შვილის თანასაკუთრებას. ზ. გ-ძის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან იმავე კოდექსის 80-ე მუხლით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება იმ დღეს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, როცა ზ. გ-ძემ შეიტყო მისი კომლის გაუქმების შესახებ, ხანდაზმულობის ვადის დაცვით მოახდინა კომლის აღდგენა. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე სადავო საკომლო ქონება ზ. გ-ძის და ნ. შ-შვილის საერთო საკუთრებაა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძვირფასი და საოჯახო ნივთების თაობაზე ნ. შ-შვილის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.
ნ. შ-შვილის წარმომადგენელმა დ. ჩ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ ზ. გ-ძე ათეული წლებია, რაც წასულია მამის ოჯახიდან; იგი არ უვლიდა მისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთს, არ იხდიდა სათანადო გადასახადებს, რის გამოც სოფლის საბჭომ გააუქმა მისი კომლი. ამიტომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ზ. გ-ძემ არ იცოდა თავისი კომლის გაუქმების შესახებ და გვიან შეიტყო აღნიშნული; სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტულ კანონზე, რომლის საფუძველზეც მიაკუთვნა ხ. გ-ძის კუთვნილი კომლის ნახევარი ზ. გ-ძეს. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი ნ. შ-შვილს მოპასუხისათვის ოცდაშვიდი ათასი რუსული რუბლის დაკისრების, რვა წლის განმავლობაში მანდარინის ბაღის შემოსავლის ანაზღაურების, ასევე, რვა წლის განმავლობაში გადახდილი ბინის ქირის ანაზღაურებაზე; ასევე, არასწორად ეთქვა უარი მოსარჩელეს ოქროს ნივთების მოპასუხისაგან გამოთხოვის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ნ. შ-შვილი 1947 წლიდან ცხოვრობს მამინაცვლის, ხ. გ-ძის, კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქობულეთის რაიონში, სოფ. .... როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ხ. გ-ძემ 1988 წლის 12 აგვისტოს შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება უანდერძა ნ. შ-შვილს. ნ. შ-შვილის დედა, ე. ქ-ძე, გარდაიცვალა 1991 წელს, ხ. გ-ძე კი 1992 წელს. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ხ. გ-ძის გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე რიცხულ კომლში მემკვიდრეობა არ გახსნილა, რადგან კომლის შემადგენლობაში დარჩა ნ. შ-შვილი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ. გ-ძე 1958-63 წლებში ცალკე კომლად იყო გამოყოფილი და მას ეწერა 0.19 ჰა მიწის ნაკვეთი. 1964 წლიდან ზ. გ-ძის ცალკე კომლი გაუქმდა და მიწის ნაკვეთი დაეწერა ხ. გ-ძეს, მაგრამ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ზ. გ-ძის ნებას კომლიდან ამოწერისა და კომლის გაუქმების თაობაზე, იგი თვლიდა, რომ კომლის წევრი იყო, რადგან მიწის ნაკვეთს მამა ამუშავებდა და მამასთან კონფლიქტის გამო მიწის სარგებლობის საკითხი სადავოდ არ გაუხდია; მან მხოლოდ ნ. შ-შვილთან დავის დაწყებისას გაიგო კომლის წევრად რომ აღარ ირიცხებოდა და ამიტომ ხ. გ-ძის სახელზე რიცხული საკომლო ქონება ზ. გ-ძის და ნ. შ-შვილის თანასაკუთრებად ჩათვალა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად ქონება შეიძლება საერთო საკუთრების უფლებით ეკუთვნოდეს ორ მოქალაქეს, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა აღნიშნული მუხლი, რადგან სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მტკიცება წინააღმდეგობრივი და იურიდიულად დაუსაბუთებელია.
საქმეში მოცემული საარქივო ცნობის თანახმად, ზ. გ-ძის კომლი 1964-66 წლების საკომლო წიგნებით გაუქმდა ბათუმში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის გამო, ხოლო ქ. ბათუმში მუდმივად მცხოვრები ზ. გ-ძე კომლის წევრის უფლება-მოვალეობებს რომ არ ასრულებდა, სააპელაციო სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქცია) 80-ე მუხლის თანახმად ზ. გ-ძის მოთხოვნა კომლის არასწორად გაუქმების შესახებ არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მან თავისი უფლების, როგორც კომლის წევრის, დარღვევის შესახებ შეიტყო მხოლოდ ნ. შ-შვილთან დავის დაწყებისას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა ზ. გ-ძე კომლის წევრად იმის გამოც, რომ მას ასეთი მოთხოვნა სასამართლოში არ წარუდგენია კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია იმ ნაწილშიც, რომლითაც ნ. შ-შვილს უარი ეთქვა მანდარინის რვა წლის მოსავლის ღირებულების ზ. გ-ძისათვის დაკისრების თაობაზე, რადგან სასამართლომ ერთი მხრივ ცნო ნ. შ-შვილის უფლება კომლის ქონებაზე და მეორე მხრივ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ამ უფლების განხორციელების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. შ-შვილის წარმომადგენელ ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.