¹ 3კ/1098-01 30 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის _ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... სამხედრო დასახლებაში მდებარე ერთსართულიანი სახლი. სახლში ცხოვრობენ ა., ს. ჯ-იანები და ს. ი-ელი, რომლებსაც დაკავებული აქვთ სამოთახიანი და ერთოთახიანი ბინები. აღნიშნულ პირებს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან არ გააჩნიათ სამსახურებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამხედრო სამმართველოს უფროსმა თ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ ა. ჯ-იანს რუსეთის სასაზღვრო ჯარების საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1997 წლის 26 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილებით დროებითი სარგებლობისათვის გადაეცა სამოთახიანი სამსახურებრივი ბინა.
1998 წლის სექტემბრიდან, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, ვ. ჯ-იანი აღარ აგრძელებს სამსახურს სასაზღვრო ძალებში. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 13 ოქტომბრის ¹312 ბრძანებით აღნიშნული ტერიტორია გამოცხადებულია დახურულ სამხედრო საცხოვრებელ ქალაქად. ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად კი აღნიშნული ქალაქიდან სასაზღვრო ძალებთან კავშირის არ მქონე პირები უნდა იქნენ გამოსახლებულნი. ა. ჯ-იანი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამხედრო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი.
ა. ჯ-იანმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გაეგზავნოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა) აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ასრულებს საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს სამსახურებრივი ბინა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ფედერალური ¹20016 სამხედრო ნაწილისაგან მიიღო ა. ჯ-იანმა.
სარჩელი ჯ-იანის სამსახურებრივი ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით, შეიტანა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ იმ საფუძვლით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 აპრილის ¹446 დადგენილების თანახმად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ობიექტების და ქონების მემკვიდრედ ჩაითვალა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც საჯარო სამართლის სუბიექტია, აჭარის რეგიონალური სამმართველო კი მის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის II ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა ადმინისტრაციული გარიგების საფუძველზე, დავის საგანს კი აღნიშნული გარიგების შეუსრულებლობა წარმოადგენს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ განსახილველი საქმე განეკუთვნება არა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის, არამედ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით. სააპელაციო პალატამ კი მოცემული დავა განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების საფუძვლზე.K ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის ფორმირების წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს სამართალწარმოების განსხვავებულ პრინციპებზე აგებას, საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ჯ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.