გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1100-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: დარღვეული შრომითი უფლების აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ტ-ა მუშაობს შპს “ს. ე. ზ-ში” 1975 წლიდან ...ად, 1981 წლიდან ტექნოლოგიურ განყოფილებაში ... უფროსად, 1996 წლიდან გადაყვანილ იქნა იმავე განყოფილებაში ... მომზადების უფროსად. 2000 წელს გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან, მაგრამ 2000წ. 10 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა სამუშაოზე.
შპს “ს. ე. ზ-ის” დირექტორის 2001წ. 03 აგვისტოს ¹120 ბრძანებით ლ. ტ-ას მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი “საყვედური” ტექნოლოგიური პროცესის დარღვევისათვის, ლეგირებისათვის წინასწარ გაკეთებულ ანგარიშსა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს შორის მიღებულ სხვაობასთან დაკავშირებით დაგვიანებული რეაგირებისათვის, კომისიის მიერ დავალების სრულყოფილად შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე მოგონილ ვერსიებზე სამსახურებრივი ბარათის შედგენისათვის.
ლ. ტ-ამ 2001წ. 14 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ს. ე. ზ-ის” მიმართ დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ოქროს ზოდის გადადნობა და ლეგირება მოხდა ტექნოლოგიური პროცესის დაცვით. ლ.ტ-ას სარჩელი 2001წ. 28 ნოემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს “ს. ე. ზ-ის” წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს “ს. ე. ზ-ის” დირექტორის 2001წ. 21 მარტის ¹38 ბრძანებით შეიქმნა კომისია საწყობში არსებული ოქროსა და ვერცხლის მეორადი ნედლეულის ხელმეორედ გამოყენების მიზნით ზოდების გადადნობა-ლეგირებისათვის შემდგომში სასურველი პროფილის დასამზადებლად.
ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ ¹0050 ზოდის (წონით 722,60 გრ სინჯი 888,990) დნობის შემდეგ მიღებულ იქნა ¹0057 ზოდი წონით 274,04 გრ სინჯი 959,390, ¹0058 ზოდი წონით 314,45 გრ. სინჯით 958,220, ¹ 0059 ზოდი წონით 181,41 გრ. სინჯით 955,940.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან აპელანტმა ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რა ტექნოლოგიური პროცესი იქნა დარღვეული მოწინააღმდეგე მხარის მიერ, როცა მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ოქროს ზოდების დაკომპლექტება და გადადნობა, განსაზღვრული სინჯის მიღების ტექნოლოგია ყალიბდება თვით გადადნობის პროცესში და ტექნოლოგიური პროცესი მხარეს არ დაურღვევია.
ასევე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ.ტ-ამ ადმინისტრაციას დროზე არ შეატყობინა კომისიის მუშაობის შედეგები. კერძოდ, კომისიის 2001წ. 6 ივნისის სამსახურებრივი ბარათით დასტურდება, რომ მუშა კომისიამ ადმინისტრაციას აცნობა ¹0050 ზოდის დნობის ¹0059 ზოდში დაბალი სინჯის შესახებ. კომისიამ იმავე განცხადებაში ¹00,57 ¹0058 ¹0059 ზოდებზე ფაქტიურ სინჯებს და თეორიულ გამოთვლებს შორის სხვაობის მიზეზად მიაჩნია ¹0050 ზოდზე საბოლოო ანალიზზე პასუხის ცდომილება და ითხოვა ნებართვა ¹0059 ზოდზე 960% სინჯის მასალებად საჭირო 17,99 სუფთა ოქროს დამატების თაობაზე. ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა კომისიას საკითხი გადაეწყვიტა ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევდა და ასევე განესაზღვრა ვადა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, თუ რაში გამოიხატა მხარისათვის ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით მიყენებული ზიანი, რომელსაც აპელანტი ლ.ტ-ასთვის დადებული დისციპლინარული სასჯელის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს.
ასევე, არაა დადასტურებული, თუ რაში მდგომარეობდა ლ.ტ-ას ქმედების სიყალბე, ანუ მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომელთაც იგი ემყარებოდა თავის სააპელაციო საჩივარში.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების (განჩინების) სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 102-ე მუხლი, შკკ-ს 135-ე მუხლის “ბ” პუნქტი და მიიჩნია, რომ არ არსებობს დისციპლინური სასჯელის გამოყენების საფუძველი და, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “საქართველოს ეროვნული ზარაფხანა” მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი მიუთითებს სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოცემულ საქმეზე იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც არასწორია. გადაწყვეტილების (განჩინების) იურიდიულად დასაბუთებულებაში იგულისხმება სასამართლოს მიერ სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვა. მითითებული ნორმის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს და კანონებს, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა ფაქტები და მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლებითაც ამ ფაქტების არსებობა დასტურდება. მიუთითა ასევე კანონზე, რომლითაც იხელმძღვანელა.
პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული ნორმით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმით მტკიცების ტვირთი მხარეებს (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) ეკისრებათ. მტკიცების ტვირთი – ესაა მხარის მიერ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად სათანადო მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა იმ არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგების თავიდან ასაცილებლად, რომლებსაც ამ გარემოებების დაუმტკიცებლობას უკავშირებს კანონი. დადგენილია, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხემ ვერ წარმოადგინა თავის შესაგებელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხისათვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების (განჩინების) მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს. ე. ზ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.