Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1101-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება “გ-მ”, რომლის უფლებამონაცვლეს 1995წ. 24 იანვრიდან წარმოადგენს შპს “გ-ა” და “მ-მა” 1991წ. 8 ოქტომბერს დადეს გარიგება. აღნიშნული გარიგებით ორივე მხარე იწონებდა მომავალში “მ-ის” და მისი დაწესებულების ქართულ აქციონერულ კომერციულ ბანკად გარდაქმნას. ბანკის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაში “გ-ა” გახდებოდა ამ ბანკის აქციონერი (მეპაიე) და შეიძენდა 200000 მანეთის აქციებს. აღნიშნული თანხა მან მოპასუხეს წინასწარ, 1991წ. 8 ოქტომბერს, გადაურიცხა. “გ-ს” წილი სს კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში 7%-ის ოდენობით უნდა განსაზღვრულიყო.

2001წ. 24 მაისს შპს “გ-ს” დირექტორმა დ. ღ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “გ-ის” მიმართ და მოითხოვა 1991წ. 8 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებული გარიგების საფუძველზე შპს “გ-ს” ცნობა მოპასუხის აქციონერად და მისი საწესდებო კაპიტალის 7%-ის მფლობელად.

მოპასუხე სს “გ-ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, ს/გ “გ-ს” 1992 წელს ქუთაისის განყოფილების მიერ დაუბრუნდა მის მიერ გადარიცხული ფულადი შენატანი.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “გ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა სს “გ-ის” აქციონერად და მისი საწესდებო კაპიტალის 7%-ის მფლობელად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 2000წ. 21 აპრილს.

სს “გ-ის” წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა. აპელანტის მოსაზრებით, შპს “გ-ს” მიერ დარღვეულ იქნა 1997წ. 25 ნოემბრამდე მოქმედი სსკ-ს 79-ე, მე-80 და 84-ე მუხლების მოთხოვნები. აპელანტის მოსაზრებით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულია, რადგან სარჩელის უფლება შპს “გ-ს” წარმოეშვა 1994წ. ოქტომბერში, როცა “მ-მა” შეიცვალა სახელი და იგი გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, ს/გ “გ.” კი არ აღმოჩნდა აქციონერთა შორის და არ გადაეცა აქციათა სერტიფიკატი. აღნიშნულის შესახებ მას შეეძლო შეეტყო სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერიდან, მითუმეტეს, რომ იგი იყო და არის მოპასუხის კლიენტი და ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა მასთან. გარდა ამისა, “გ-ს” მიერ გადარიცხული 200000 მანეთი მას 1992 წელს უკანვე დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით სს “გ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “გ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა 1991 წელს, დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი. ამ კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 3 წლით და თანახმად მე-80 მუხლისა, იგი იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, ანუ როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა; ხოლო, თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების თანახმად პირობითი უფლების რეალიზაცია “გ-ს” უნდა მოეხდინა 1994წ. 29 აგვისტოს “მ-ის” სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ და თუ უარს მიიღებდა, ამ მომენტიდან შეეძლო, აღეძრა სარჩელი თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 51.2 მუხლის თანახმად აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმით. კანონის შესაბამისად აქციონერს უნდა მიეცეს აქციათა სერტიფიკატი ან ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან, ანდა კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ შპს “გ.” ავტომატურად ვერ გახდებოდა სს-ის აქციონერი და რომ ზემოაღნიშნული პერიოდიდან მას უნდა სცოდნოდა, რომ იგი აქციონერი არ იყო და ამ მომენტიდან შეეძლო დარღვეული უფლების აღდგენა.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. თუ სასამართლო საპატიოდ ცნობს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების მიზეზს, დარღვეული უფლება დაცული უნდა იქნეს. რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი გარემოება, რაც გამოიწვევდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერებას ან შეწყვეტას, ვერ იქნა დადგენილი პატივსადები გარემოებებიც, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენის საფუძველი, ამიტომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს 1994 წლიდან და იგი გასულია სარჩელის შეტანამდე, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “გ-მ” და მოითხოვა მისი გაუქმება, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა და 2001წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, სხდომა ჩატარდა შპს “გ-ს” წარმომადგენლის გარეშე. გარდა ამისა, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, მე-80 მუხლები და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 51.1 მუხლი; უნდა გამოეყენებინა სკ-ს 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი, 911-ე და 920-ე მუხლები, ასევე 922-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს მოცემულ მხარეებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1991წ. 8 ოქტომბერს _ ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხემ მოსარჩელესაგან მიიღო 200000 მანეთი. ვალდებულებას კი წარმოადგენს ის, რომ მოპასუხის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაში აქციონერად და საწესდებო კაპიტალის 7%-ის მფლობელად ეცნო მოსარჩელე.

დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაცია 1994წ. 29 აგვისტოს ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება “ე-ად”. უდავოა, რომ იმავე წელს “ა. ქ. ბ-ის”, “ე-ისა” და “ი-ის” გაერთიანების გზით ჩამოყალიბდა სს “გ-ი”.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი და მიიჩნია, რომ 1994 წელს შპს “გ-სათვის” ცნობილი უნდა გამხდარიყო “ი-ის” სააქციო საზოგადოებად დაფუძნება, რადგან ბანკი მას, როგორც კლიენტს, მომსახურებას უწევდა. აქედან გამომდინარე, სასამრთლომ დავა ხანდაზმულად მიიჩნია და მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე და 84-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ სავსებით საფუძვლიანად დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა მან შპს “გ-ს” პოზიცია იმის შესახებ, რომ მან თითქოს თავისი უფლების დარღვევის შესახებ 2000 წელს შეიტყო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები. სკ-ს 1507-ე მუხლის პირველი პუნქტით სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა ახალი სკ-ს ძალაში შესვლამდე და 1997წ. 25 ნოემბრიდან მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე უფლებები და მოვალეობები არ წარმოშობიათ. ამდენად, სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისას ვერ გამოიყენებდა იმ ნორმებს, რომლებზეც კასატორი მიუთითებს.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია კანონი, რადგან მხარის (მოსარჩელე) წარმომადგენელი არ ესწრებოდა სხდომას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს “გ-ს”, როგორც მხარეს, წარმოადგენდა გ.ღ-ე, რომელმაც სასამართლოს მთავარ სხდომაზე მონაწილეობა მიიღო, ხოლო წარმომადგენელი ა.ჩ-ი კი სხდომაზე არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო სხდომის თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგან სასამართლოს მხარისა და წარმომადგენლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისას არ დაურღვევია საპროცესო კანონი.

პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის აღდგენის შესახებ დაუშვებელია, რადგან ეს მოთხოვნა მხარეს პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას არ უთხოვია, საკასაციო სასამართლოში კი დავის საგნის გაზრდა დაუშვებელია (სსკ-ს 406-ე მუხლი).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.1 მუხლი, რადგან სარჩელის საგანს წარმოადგენდა სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში წილის განსაზღვრა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “გ-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.