Facebook Twitter

საქმე # 330100121005317583

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№600აპ-24 ქ. თბილისი

კ–ი დ., 600აპ-24 21 აგვისტო, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – მარიამ ნიკოლაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, დ. კ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას – თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა. კასატორის მითითებით, დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი მსჯავრდებულზე მატერიალურად დამოკიდებულებამ განაპირობა და, ამავდროულად, მომხდარიდან საკმაო ხანია გასული, თუმცა გ. ხ–ს არ დაუმალავს, რომ დ. კ–ს გარეშე უჭირს შვილების მოვლა, რის გამოც, აარიდა მას პასუხისმგებლობა. ამდენად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ დაზარალებულის ლმობიერი პოზიცია მსჯავრდებულზე დამოკიდებულებას უკავშირდება, რის გამოც, არ სურდა დ. კ–ს პატიმრობაში ყოფნა. ამასთან, გ. ხ–მა დაადასტურა, რომ მსჯავრდებული კვლავ მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა – იშვიათად და ისინი, შვილებთან ერთად, განაგრძობენ თანაცხოვრებას. სასამართლოს უნდა შეეფასებინა მოსალოდნელი საფრთხეები, მათ შორის – მსჯავრდებულის ალკოჰოლდამოკიდებულება და ჩადენილი დანაშაულის ნაწილობრივი აღიარება. ყურადსაღებია, რომ დ. კ–ი წარსულში ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულისათვის, ამჟამად კი ქმედება ჩადენილია ჩაქუჩის გამოყენებით, არასრულწლოვნის თანდასწრებით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. კ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2020 წლის მაისში, ღამის საათებში, ქ. თ–ში, წ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა დ. კ–მა, ოჯახური კონფლიქტის დროს იძალადა მეუღლის – გ. ხ–ს – მიმართ, კერძოდ, თმაში სწვდა და ძლიერად მოჰქაჩა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიაყენა ფიზიკური და მორალური ზიანი.

2.2. 2021 წლის 16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, წ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა დ. კ–მა იძალადა მეუღლის – გ. ხ–ს – მიმართ მისი არასრულწლოვანი შვილის – ლ. გ–ს თანდასწრებით, კერძოდ, გაურკვეველი მიზეზის გამო, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უყვირა, ამავდროულად – ხისტარიანი ჩაქუჩი ჩაარტყა თავში, სახელდობრ, შუბლის მარცხენა არეში და თმაში სწვდა, რის გამოც, დაზარალებული წაიქცა, ხოლო დ. კ–მა ძლიერად მოჰქაჩა თმა და ურტყამდა ხელს სხეულის სხვადასხვა არეებში. დ. კ–ს ქმედებების შედეგად გ. ხ–მა შუბლის არეში მიიღო დაზიანება და, ამავდროულად, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. დ. კ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დ. კ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 400 საათით, რაც, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და, საბოლოოდ, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 315 საათით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – მარიამ ნიკოლაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, დ. კ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას – თავისუფლების აღკვეთის სახით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, ვინაიდან, ერთი მხრივ, გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ ვერ დადგინდა დ. კ–ს მიერ 2020 წლის მაისში მეუღლეზე ძალადობის ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელი.

10. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა გ. ხ–მა სასამართლოს არ მისცა მსჯავრდებულის საწინააღმდეგო ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, როგორც ამას კასატორი უთითებს თავის საკასაციო საჩივარში. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, ვერ წარმოადგინა ვერცერთი სამხილი, რომელიც დ. კ–ს მიერ 2020 წლის მაისში ჩადენილ ძალადობაზე მიუთითებდა, რამეთუ ყველა მტკიცებულება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება, ეხება არა 2020 წლის მაისის, არამედ – მხოლოდ 2021 წლის 16 ნოემბრის ძალადობას, რომლის ჩადენისთვისაც დ. კ–ი კანონიერად არის მსჯავრდებული. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დ. კ–ს მსჯავრდების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რომლისთვისაც მსჯავრდებულია; ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; დაზარალებულთან შერიგებულია და ისინი განაგრძობენ თანაცხოვრებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. კ–ს კანონით გათვალისწინებული სასჯელი შეუფარდა, რომლის გამკაცრებისა და თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენა, რაზეც ასევე – აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, დ. კ–სათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია და სასჯელის გამკაცრებას ვერ დაედება საფუძვლად.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი