¹ 3კ/1103-01 30 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,მ. ცისკაძე
დავის საგანი: სარჩელში ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, შეგებებულ სარჩელში კეთილსინდისიერ შემძენად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი ბინა ირიცხებოდა ა. ლ-ოვას სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1994 წელს, ამ უკანასკნელს დარჩა შვილები: მ., ვ. და აზ. ლ-ოვები.
ა. ლ-ოვამ გარდაცვალებამდე, 1992 წლის 3 ივნისს შედგენილი ანდერძით, მთელი თავისი მოძრავ-უძრავი ქონება დაუტოვა შვილებს: მ. და ვ. ლ-ოვებს.
აზ. ლ-ოვამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამკვიდრო ქონებიდან ნივთების და ბინის 1/6 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობა.
საქმე მრავალჯერ იქნა განხილული სასამართლოთა მიერ და ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1997 წლის 20 მარტის დადგენილებით აზ. ლ-ოვა ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/6 წილზე მემკვიდრედ, ხოლო წილის ნატურით გამოყოფაზე ეთქვა უარი.
1997 წლის 30 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით მ. და ვ. ლ-ოვებმა ბინა მიჰყიდეს შ. წ-ძეს.
აზ. ლ-ოვამ კვლავ მიმართა სარჩელით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ავეჯის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ბინის 1/6 წილის მემკვიდრეს და მ. და ვ. ლ-ოვებს არ ჰქონდათ უფლება მისი ნებართვის გარეშე გაესხვისებინათ აღნიშნული ბინა.
შ. წ-ძემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ბინის კეთილსინდისიერ შემძენად ცნობა, რადგან მან ბინა იყიდა კანონით დადგენილი წესით და მისთვის არ ყოფილა ცნობილი აზ. ლ-ოვას უფლების შესახებ.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შ. წ-ძე ცნობილ იქნა თბილისში, ... ბინის კეთილსინდისიერ შემძენად.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია მესაკუთრის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აზ. ლ-ოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების თანახმად ცნობილ იქნა 1/6 წილის მემკვიდრედ, მაგრამ მისი უფლება სადავო ბინაზე რეგისტრირებული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით.
აზ. ლ-ოვამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 ივნისის განჩინებით სააპელაცო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს შ. წ-ძისათვის ცნობილი იყო სადავო ბინაზე მოსარჩელის უფლების შესახებ, რადგან მხარემ აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი ვერ წარმოადგინა.
აზ. ლ-ოვამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოების მიერ არ იქნა დაცული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის მატერიალური ნორმები, რომელთა მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ ნაყიდი ნივთი უფლებრივად ნაკლის მქონეა და ამით ილახება მე-3 პირის ქონებრივი უფლებები. აგრეთვე, თუ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ერთ-ერთი პირის თანხმობის გარეშე, თუ ასეთი თანხმობა აუცილებელი და საჭირო იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, მოუსმინა გამოცხადებულ მხარეებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მის და-ძმას, ვ. და მ. ლ-ოვებს, არ ჰქონდათ ბინის გასხვისების უფლება, ვინაიდან, იგი წარმოადგენდა ა. ლ-ოვას სამკვიდრო ბინის 1/6 წილის მემკვიდრეს და მესაკუთრეს და რომ მათ მიერ გასხვისებული ნივთი უფლებრივად უნაკლო არ იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული სანოტარო საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოქმედი კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ პირს მესაკუთრის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მას აქვს სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
კასატორს ბინის გასხვისების მომენტისათვის არ გააჩნდა არც სანოტარო წესით დამოწმებული მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და არც სათანადო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სადავო ბინა საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხებოდა ვ. და მ. ლ-ოვებზე.
სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.
პალატა თვლის, რომ აზ. ლ-ოვასათვის წილის მიკუთვენების შესახებ მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის მისი მესაკუთრედ ცნობის საკმარისი საფუძველი. ნივთის გასხვისების პროცესში იგი არ წარმოადგენდა მესამე პირს, რომელსაც უფლება ჰქონდა, როგორც მესაკუთრეს, პრეტენზია წაეყენებინა მყიდველისათვის.
სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა სადავო ბინის მყიდველის, შ. წ-ძის, სამართლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად. ვინაიდან შ. წ-ძემ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ბინის მესაკუთრეებთან მ. და ვ. ლ-ოვებთან.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შ. წ-ძემ იცოდა ბინაზე აზ. ლ-ოვას უფლების შესახებ. შემძენს კიდეც რომ სცოდნოდა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც აზ. ლ-ოვას სადავო ბინის 1/6 ნაწილი მიეკუთვნა, აღნიშნული ვერ გახდება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან იგი არ ყოფილა რეგისტრირებული სადავო ბინის მესაკუთრედ.
საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ აზ. ლ-ოვამ 1997 წლის 30 ივლისს თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში მიიღო ცნობა, რომლითაც მას შეატყობინეს, რომ მ. და ვ. ლ-ოვებმა 1997 წლის 16 ივლისს აიღეს ცნობა სადავო ბინის გასხვისების მიზნით.
მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორს 1997 წლის ოქტომბრამდე, არ მიუმართავს არც სანოტარო ბიუროსათვის, და არც სასამართლოსათვის თავისი დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორადაა დასაბუთებული და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აზ. ლ-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.