გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1104-02 1 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: დაუბრუნებელი ანაბრისა და საპროცენტო დანარიცხების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ო-ი 1959წ. 5 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. კ-თან, რომელიც გარდაიცვალა 2000წ. 18 სექტემბერს. 1996წ. 28 იანვარს მ.კ-მა ს/ს “გ-ის” ფილიალ “მ-ში” შემნახველ ანაბარზე შეიტანა 2000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვის პირობით. 1998წ. 17 ოქტომბრისათვის მოსარჩელე ვ.ო-ის სახელზე ირიცხებოდა ძირითადი თანხა _ 6000 აშშ დოლარი. ამ პერიოდისათვის ბანკმა დაარღვია თავისი ვალდებულება, შეაჩერა პროცენტის გადახდა და დარიცხვა. ჯერ კიდევ მეუღლის გარდაცვალებამდე მოსარჩელე შეეცადა უკან დაებრუნებინა ანაბარზე შეტანილი თანხა და მისი პროცენტი, მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც მ.კ-ის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მისმა უფლებამონაცვლემ, სარჩელი აღძრა ს/ს “გ-ის” მიმართ და მოითხოვა 2001წ. 10 იანვრის მდგომარეობით 6000 აშშ დოლარის ძირითადი თანხისა და მათზე დარიცხული პროცენტის _ 5760 აშშ დოლარის, სულ _ 11760 აშშ დოლარის დაბრუნება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს/ს “გ-მა” და მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქმის საკასაციო განხილვისას მხარეები მორიგდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება):
1. ბანკი კისრულობს მეანაბრის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებას 9000 აშშ დოლარის ოდენობით. აქედან, 6000 აშშ დოლარი არის ანაბარზე რიცხული ძირითადი თანხა, ხოლო 3000 აშშ დოლარი _ მასზე დარიცხული პროცენტი.
2. ს/ს “გ-ი” ვ.ო-ის 9000 აშშ დოლარს გადაუხდის ეტაპობრივად შემდეგი მოცულობითა და პერიოდულობით:
2002წ. 5 ნოემბერს _ 2000 აშშ დოლარს.
2002წ. 5 დეკემბერს _ 2000 აშშ დოლარს.
2003წ. 5 იანვარს _ 2500 აშშ დოლარს.
2003წ. 5 თებერვალს _ 2500 აშშ დოლარს.
3. შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება იძულების წესით.
წინამდებარე აქტი ძალაშია სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2002წ. 1 ნოემბრის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
1. ბანკი კისრულობს მეანაბრის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებას 9000 აშშ დოლარის ოდენობით. აქედან, 6000 აშშ დოლარი არის ანაბარზე რიცხული ძირითადი თანხა, ხოლო 3000 აშშ დოლარი _ მასზე დარიცხული პროცენტი.
2. ვ.ო-ის ს/ს “გ-ი” 9000 აშშ დოლარს გადაუხდის ეტაპობრივად შემდეგი მოცულობითა და პერიოდულობით:
2002წ. 5 ნოემბერს _ 2000 აშშ დოლარს.
2002წ. 5 დეკემბერს _ 2000 აშშ დოლარს.
2003წ. 5 იანვარს _ 2500 აშშ დოლარს.
2003წ. 5 ნოემბერს _ 2500 აშშ დოლარს.
შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში განჩინების აღსრულება მოხდება იძულების წესით.
შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივნისის განჩინება.
მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძლით დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.