საქმე # 190100123008075428
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№555აპ-24 ქ. თბილისი
ტ–ი მ., 555აპ-24 21 აგვისტო, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ტ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მ, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში უკანონოა და ითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის გარემოებები, რომ: მ. ტ–ს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; მან აღიარა და მოინანია ჩადენილი, შეურიგდა დაზარალებულს, რომელმაც სასამართლოში დაადასტურა, რომ ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი; აქედან უმცროსი – მისი და მსჯავრდებულის საერთო შვილია, რომელმაც მამასთან განშორების შედეგად განიცადა ტრავმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მაშინ, როდესაც ჩადენილი დანაშაული უფრო მსუბუქ სასჯელებსაც ითვალისწინებს, ხოლო განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა მთლიანად შეკრება – არ ემსახურება სასჯელის მიზნებს და, შესაბამისად, არასწორია.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით მ. ტ–ი, – დაბადებული ......, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, გამოყენებისა და ტარების უფლება – 2 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – და საბოლოოდ, მ. ტ–ს განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, გამოყენებისა და ტარების უფლება – 2 წლით.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ტ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2023 წლის 12 ოქტომბერს მ. ტ–მა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან – 555 90 53 13 – მის ყოფილ მეუღლეს – რ. გ–ს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე – . .. .. .. .., გაგზავნილი შეტყობინებებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. რ. გ–მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მ, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენი შეიცვალა: მ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, გამოყენებისა და ტარების უფლება – 2 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით, 5 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა – და საბოლოოდ, მ. ტ–ს მიესაჯა – 2 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, გამოყენებისა და ტარების უფლება – 2 წლით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
10. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (პირობით მსჯავრდებულმა, გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, მ. ტ–ის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნეტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც დაედო მსჯავრი მ. ტ–ის, ისჯება: ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ და, შესაბამისად, გამოყენებული – 1 წლითა და 6 თვისთ თავისუფლების აღკვეთა, მის ქმედებაში გამოკვეთილი რეციდივის გათვალისწინებით, არის მინიმალური სასჯელის ზომა, რომლის კიდევ უფრო შემცირება კანონისმიერად შეუძლებელია, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება კი – მიზანშეუწონელი, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ არასრულწლოვან შვილებსა და დაზარალებულთან შერიგება ვერ გახდება შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების უპირობო საფუძველი, მით უფრო, როდესაც მ. ტ–ი ნასამართლევია ორ არასრულწლოვან გერზე ძალადობისათვის. ამავდროულად, ახალი დანაშაულის საფრთხესა და მსჯავრდებულის პიროვნებაზე მიუთითებს, როგორც არაერთი შეურაცხმყოფელი შეტყობინება, ისე – მუქარების შინაარსი, რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, მ. ტ–ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის პრინციპების გამოყენება არაგონივრულად შეამსუბუქებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ.გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი