საქმე # 330100122006287622
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №694აპ-24 22 აგვისტო, 2024 წელი
ყ–ი გ., 694აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გურამ კრავეიშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. ყ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში უკანონოა, რადგან სასამართლომ არ შეაფასა მსჯავრდებულის ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, უგულებელყო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი და სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციული მიზნების გაუთვალისწინებლად გამოიყენა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი ღონისძიება – 3000-ლარიანი ჯარიმა – რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ასევე – საგულისხმოა დაზარალებულ თ. გ–ს განმარტება, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულს მისთვის ზიანი არ აუნაზღაურებია, რის გამოც, წინააღმდეგია გ. ყ–ს მიმართ რაიმე შეღავათის გამოყენებისა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით გ. ყ–ი, – დაბადებული ....., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახეს და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი. მასვე, ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება – 1 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, გ. ყ–ს განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი. მასვე, ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება – 1 წლით.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ყ–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2022 წლის აპრილის ბოლოს, თ. გ–ს და გ. ყ–ი შეთანხმდნენ ავტომობილის გასხვისებაზე, კერძოდ, მყიდველმა – გ. ყ–მა – რომელსაც მფლობელობაში გადაეცა ავტომობილი, აიღო ვალდებულება, 16 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად გადაეხადა – 25 ლარი, ხოლო გამყიდველი – თ. გ–ს, თანხის სრულად გადახდის შემდგომ, გადაუფორმებდა მას 3000 ლარად ღირებულ, ,,ოპელ ვექტრა ბ-ს“ მოდელის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით ......). მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ყ–მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა თ. გ–ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა და გაასხვისა იგი სხვა პირზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გურამ კრავეიშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გ. ყ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
9. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; მსჯავრდებული მიისწრაფვის აანაზღაურო ზიანი, რომლის დიდი წილი გადახდილი აქვს დაზარალებულისათვის) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ყ–ს ჩადენილი განზრახი დანაშაულის – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – ჯარიმა – დააკისრა, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება არ არის აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება კანონმდებლობით არის გარანტირებულია,
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი