საქმე # 210100123007951883
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №419აპ-24 ქ. თბილისი
ა–ი ა., 419აპ-24 25 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა. ა–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ძალიან მსუბუქია და იგი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას; სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისი პიროვნება.
2. მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ტ–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი სამართლიანი და კანონიერია.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ა. ა–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ა. ა–ს დანიშნული სასჯელის ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი − 6 (ექვსი) თვე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. ა–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელი აეთვალა − დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
გაუქმდა ა. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, მსჯავრდებულ ა. ა–ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულს აეკრძალა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა. ა–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 1 სექტემბერს, დღის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ დ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა. ა–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მშობლებს − ნ. ა–სა და ა. ა–ს, კერძოდ, ნ. ა–ს ხელი დაარტყა სახეში და წააქცია. ნ–ს დასახმარებლად მისულ ა. ა–ს კი, ხელი დაარტყა სახეში და ფეხი ჩაარტყა მარცხენა კოჭის მიდამოში. აღნიშნულის შედეგად, ნ. ა–მ და ა. ა–მა განიცადეს ტკივილი.
5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ ა. ა–ის შეუფარდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რომლის ნაწილიც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, ჩაეთვალა პირობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის – მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე და მომდინარე საფრთხეები, ასევე, ის გარემოება, რომ ა. ა–მა გამოძიების ეტაპზევე აღიარა ჩადენილი ქმედება, საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ა. ა–ის დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი გარემოებაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა. ა–ის განესაზღვრა ისეთი სახის სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
10. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში, ა. ა–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარების, თანამშრომლობის, მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად არ მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის გაუქმებას და მის მიმართ სასჯელის გამკაცრებას.
11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი