Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1111-01 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 21 დეკემბერს მ. ჩ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 1995 წლის 18 ივლისს ვ. ნ-ინსა და დ. მ-ძეს შორის დადებული ქ.თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1998 წლის 28 სექტემბერს დ. მ-ძესა და ფ. ბ-შვილს შორის ამავე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისში, ... მდებარე ბინა თვით შეიძინა ამ ბინის ყოფილი მესაკუთრე ვ. ნ-ინისაგან. იმის გამო, რომ ვერ მოახერხა თბილისში ჩაწერა, ნაყიდი ბინა გააფორმა მისი სიძის, გ. მ-ძის ბიძაშვილის _ დ. მ-ძის სახელზე. მოგვიანებით შეიტყო, რომ ამ უკანასკნელმა ბინა მიჰყიდა ფ. ბ-შვილს.

სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 1995 წლის 18 ივლისს ვ. ნ-ინსა და დ. მ-ძეს შორის, ასევე დ. მ-ძესა და ფ. ბ-შვილს შორის 1998 წლის 22 სექტემბერს დადებული საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებები. ამავე გადაწყვეტილებით დადებულად იქნა ცნობილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ვ. ნ-ინსა და მ. ჩ-შვილს შორის.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ჩ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ მოტივებზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დგინდება მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოწმეთა ჩვენებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მესაკუთრედ ცნობის ფაქტი ვერ დადასტურდება;

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

ფ. ბ-შვილისათვის ხელშეკრულების დადებისას უცნობი იყო ის გარემოება, რომ ბინა სადავო იყო.

მ. ჩ-შვილმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო შეფასება, არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-3 თავში მოცემული გარიგების გაუქმების საფუძვლები, არ მიუთითა კონკრეტულ მუხლზე, რომელიც უნდა გამოყენებულიყო გარიგების გასაუქმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 1995 წლის 15 ივლისს ვ. ნ-ინსა და დ. მ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხი სამოქალაქო კოდექსის ნორმებით უნდა გადაეწყვიტა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1995 წლის 18 ივლისს ვ. ნ-ინსა და დ. მ-ძეს შორის გაფორმდა ქ.თბილისში, ... ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა დ. მ-ძეზე.

1998 წლის 28 სექტემბერს დ. მ-ძემ აღნიშნული ბინა მიჰყიდა ფ. ბ-შვილს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ასევე რეგისტრირებულ იქნა თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროში ფ. ბ-შვილის სახელზე.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ დ. მ-ძესა და ვ. ნ-ინს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი იმ საფუძვლით, რომ ბინა სინამდვილეში მის მიერაა შეძენილი და ხელშეკრულება ვერ გააფორმა იმის გამო, რომ არ იყო ჩაწერილი თბილისში. გარიგების დადებისას მ. ჩ-შვილმა განზრახ არ გამოამჟღავნა ნება ხელშეკრულების დასადებად. რაიმე ობიექტური გარემოება მას ნების გამოვლენაში ხელს არ უშლიდა. სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის შესაბამისი ნორმები გარიგების ასეთ საფუძველს არ ითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონის ნორმები, მიუთითა რა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებზე. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ბინის მყიდველმა ფ. ბ-შვილმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, ამ უკანასკნელს არც ჰქონდა იურიდიული საფუძველი ეჭვი შეეტანა გამსხვისებელში, რადგან საჯარო რეესტრში სადავო ბინა სწორედ ამ უკანასკნელზე იყო აღრიცხული. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ფ. ბ-შვილის მიერ ბინის ყიდვის მომენტში სადავო ბინაზე დავა სასამართლო წესით არ მიმდინარეობდა.

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მ. ჩ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.