საქმე # 190100123006734149
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№513აპ-24 ქ. თბილისი
კ-ი ლ., 513აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მისი ბრალეულობა. დაზარალებულმა ნ. მ–მა დაადასტურა, რომ ლ. კ–ი ორსულობის პერიოდში ძალადობდა მასზე, რის გამოც, ნაყოფმა შეწყვიტა ზრდა და მკვდრად იშვა. დაზარალებულის მონათხრობი თანხვდენილია დედამისის – ჟ. მ–ს ჩვენებასთან, რომლის მიხედვით, ლ. კ–ს მათ სახლში გამოჩენა ყოველთვის უკავშირდებოდა მის ქალიშვილზე ძალადობას. მოწმე მ. წ–მ დაადასტურა, რომ ნ. მ–ი 2022 წლის თებერვალ-აპრილში ნამდვილად იყო ორსულად და მასთან გადიოდა კონსულტაციას. აპრილში გამოიკვეთა ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა. დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ასევე მიუთითებს ლ. კ–ს მიერ ოჯახური დანაშაულების ჩადენას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წლის . ...., – ბრალად დაედო: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით, ორსული ქალის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის თებერვალში, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, ..... ქუჩის №..-ში მდებარე ჟ. მ–იის საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ლ. კ–მა, წინასწარი შეცნობით, ორსულ მეუღლეს – ნ. მ–ის გაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2022 წლის აპრილის დასაწყისში, ქ. რ–ში, ........ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელში, ლ. კ–მა გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით, ორსულ მეუღლეს – ნ. მ–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ლ. კ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ლ. კ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თეონა წოწკოლაურმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილ ბრალდებებში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, რამეთუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ ვერ დადგინდა ლ. კ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა. მიუხედავად ნ. მ–ს მტკიცებისა, რომ მეუღლე სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად, რადგან მას ოჯახის შენარჩუნება სურდა, ლ. კ–მა კი ორსული მიატოვა, რისი გადატანაც ძალიან გაუჭირდა და ნაადრევად იმშობიარა, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მონათხრობს დაადასტურებდა. ნ. მ–ს დედის, მოწმე ჟ. მ–ს ჩვენება, რომ მათ ოჯახში ლ. კ–ს ყოველი გამოჩენა დაკავშირებული იყო მის ქალიშვილზე ძალადობასთან, არ იძლევა ლ. კ–ისათვის ბრალადშერაცხილი კონკრეტული ქმედებების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას, მით უფრო, როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2022 წლის აპრილში ჩადენილი ქმედების ადგილად მითითებულია – ქ. რ–ს ტერიტორია და, შესაბამისად, ჟ. მ–ი ვერ იქნება აპრილში ჩადენილი ქმედების შემსწრე. მოწმე მ. წ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებული ნ. მ–ი ნამდვილად იყო ორსულად და მის ნაყოფს აღენიშნებოდა ზრდის ჩამორჩენა, თუმცა იმის უტყუარად მტკიცება, რომ ნაყოფის განვითარების შეფერხება და დაზარალებულის ნაადრევი მშობიარობა მიზეზობრივად უკავშირდება ლ. კ–ს რაიმე ქმედებებს – შეუძლებელია. აქვე საყურადღებოა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო არა დაზარალებულის, არამედ – მოწმის სახით დაკითხული თ. თ–ს განცხადება, რომელმაც 2022 წლის 2 დეკემბერს სოციალურ ქსელში ნახა ნ. მ–ს საჯარო შეტყობინებები 2022 წლის თებერვალსა და აპრილში მასზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ლ. კ–ს სასარგებლოდ.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი