Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1114-01 24 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1984 წელს გ. დ-შვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწაროო ტრავმა, რის შედეგადაც გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი და დაენიშნა ინვალიდობის პენსია. 1992 წელს გ. დ-შვილი გარდაიცვალა.

გ. დ-შვილის მეუღლემ მ. დ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ხაშურის სალოკომოტივო დეპოს მიმართ; სადაც მიუთითებდა, რომ მისი მეუღლის გარდაცვალება, ხაშურის რაიონის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის 2000წ. 5 ივლისის დასკვნით, მიზეზობრივ კავშირშია მის მიერ 1984 წელს მიღებულ ტრავმასთან. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2000წ. 7 მარტს განცხადებით მიმართა ხაშურის სალოკომოტივო დეპოს პროფკომიტეტს მარჩენალის დაღუპვის გამო პენსის დანიშვნის შესახებ, რაზედაც უარი ეთქვა სათანადო დოკუმენტების წარმოუდგენლობის მიზეზით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2000წ. 7 მარტიდან 6 თვის სარჩოს ანაზღაურება 919 ლარის ოდენობით და ყოველთვიურად 164 ლარის დანიშვნა, რაც შეადგენს სალოკომოტივო დეპოს მემანქანე-ინსტრუქტორის ხელფასის _ 50%-ს დღეის მდგომარეობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ. დ-შვილი 1984 წლიდან იღებდა დეპოსაგან დასახიჩრებით მიყენებული ზიანისათვის პენსიას, მაგრამ პენსიის გადახდის ვალდებულება დეპოს შეუწყდა 1992 წელს გ. დ-შვილის გარდაცვალების შემდეგ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000წ. 7 მარტიდან სარჩოს სახით 919 ლარის გადახდა ერთდროულად, ხოლო 7 სექტემბრიდან ყოველთვიურად მემანქანე-ინსტრუქტორის ხელფასის _ 50%-ის _ 164 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” 48-ე ბრძანებულების მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ამავე ბრძანებულების 35-ე მუხლის თანახმად გარდაცვლილის მეუღლე ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობს მიუხედავად იმისა მუშაობს თუUარა იგი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა დაცული სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლი (1964წ. რედაქცია) და დღეს მოქმედი სამოქალაქო კდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე გაუქმდა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 18 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსი შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმის გამო ზიანის ანაზღაურების ურთიერთობებს არ არეგულირებს. მოცემული კატეგორიის დავებზე სასარჩელო ხანდაზმულობის ნაწილშიც გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ”.

საქმის ხელახლა განხილვისას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 6 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ხაშურის სალოკომოტივო დეპოს სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის წერილის და არქივის ამონაწერის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. დ-შვილის გარდაცვალება მიზეზობრივ კვშირშია საწარმოო ტრავმასთან. სააპელაციო პალატამ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა 1999წ. 9 თებერვლის ¹48 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მე-4 თავის 35-ე პუნქტი.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ მოსარჩელე არასწორად მიაკუთვნა იმ წრეს, ვისაც უნდა გადაეხადოს მარჩენალის დაკარგვის გამო ყოველთვიური სარჩო და შესაბამისად არ უნდა გამოეყენებინა პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-4 თავის 35-ე პუნქტი. კასატორის მოსაზრებით ბრძანებულების მე-4 თავი “ზიანის ანაზღაურება მარჩენალის გარდაცვალების გამო” გულისხმობს, რომ დაზარალებულს მარჩენალის ფუნქცია, მისი შრომისუუნარო ოჯახის წევრების და კონკრეტულად მეუღლის მიმართ, ეკისრება იმ შემთხვავაში, თუ იგი გარდაიცვალა ტრავმის მომენტში, გარდაცვალება უნდა დაემთხვეს ტრავმას, ხოლო გ. დ-შვილი გარდაიცვალა ტრამვის მიღებიდან 9 წლის შემდეგ, როცა იგი იყო 100%-ით შრომის უნარდაკარგული და საპენსიო ასაკს გადაცილებული. აღნიშნული საფუძვლით კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ გ. დ-შვილის გარდაცვალება მიზეზობრივ კავშირში იყო საწარმოო ტრავმასთან. კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, იგი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა თავისი შესაგებლის საფუძვლიანობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, ვისაც უნდა გადაეხადოს ყოველთვიური სარჩო.

1999წ. 9 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების” 35-ე პუნქტის თანახმად, ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობენ შრომისუუნარო პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ გარდაცვლილის კმაყოფაზე, ან მისი გარდაცვალების დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან მიეღოთ სარჩო. ამავე პუნქტის მეორე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, გარდაცვლილის მეუღლე ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მ. დ-შვილი იყო გარდაცვლილი გ. დ-შვილის მეუღლე, რის გამოც სააპელაციო პალატამ მართებულად მიაკუთვნა იგი იმ პირთა წრეს, ვისაც უნდა გადაეხადოს ყოველთვიური სარჩო.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მარჩენალის გარდაცვალებისას ზიანის ანაზღაურების უფლებით მეუღლე სარგებლობს იმ შემთხვევაში თუ მარჩენალი გარდაიცვალა ტრავმის მომენტში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში გ. დ-შვილი გარდაიცვალა ტრავმის მიღებიდან 9 წლის შემდეგ. იგი იყო 100% შრომის უნარდაკარგული და კასატორის მოსაზრებით მეუღლე ვერ იქნებოდა ინვალიდის კმაყოფაზე.

საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ გ. დ-შვილმა 100%-ით შრომის უნარი დაკარგა და ინვალიდი გახდა სწორედ საწარმოო ტრამვის შედეგად, მისი გარდაცვალებაც მიზეზობრივ კავშირში იყო საწარმოო ტრამვასთან. ე.ი. მოპასუხე საწარმოს ბრალით მ. დ-შვილის მარჩენალი გახდა 100%-ით შრომისუუნარო და შემდეგ გარდაიცვალა. ამასთან, ზემოთ მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესების 35-ე პუნქტის თანახმად, გარდაცვლილის მუღლე ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობს, მიუხედავად იმისა მუშაობს თუ არა იგი. ე.ი. მუღლე გარდაცვლილის კმაყოფაზე იქნებოდა თუ არა მაინც სარგებლობს ზიანის ანაზღაურების უფლებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხაშურის სალოკომოტივო დეპოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 6 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება