Facebook Twitter
საქმე N 330100123007557691

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №422აპ-24 ქ. თბილისი
ნ–ი გ., 422აპ-24 26 ივლისი, 2024 წელი


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას მის მიმართ შერაცხილ ბრალდებაში, შემდეგი მოტივებით: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ გამოირიცხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები; გარდა ამისა, გამოკვლეული მტკიცებულებებით გაურკვეველი დარჩა საკითხი, რამდენად შეეძლო გ. ნ–ს დანის დაუყოვნებლივ გამოყენება, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ზურგჩანთაში, რაც არ დათვალიერებულა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით გ. ნ–ი, − დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა − მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი − 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ჯარიმა − 7000 (შვიდი ათასი) ლარი. საბოლოოდ, გ. ნ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა − თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, საიდანაც სასჯელის ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 7000 (შვიდი ათასი) ლარი.

გ. ნ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან − 2023 წლის 6 ნოემბრიდან.

მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა 2023 წლის 13 აპრილიდან − 2023 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის დრო.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ–სმა ჩაიდინა განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2023 წლის 22 მარტს, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი, გ. ნ–ი ატარებდა ცივ იარაღს − დანას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ნ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მისი ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

10. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით; გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი – უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან. აღნიშნული დანაშაული დენადია, ფორმალური შემადგენლობისაა და არ არის აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა. ბრალის ფორმის მიხედვით, დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.

11. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ცივ იარაღად მიიჩნევა იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გ. ნ–ს მიერ ცივი იარაღის ტარება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებითა და ამოღებული ნივთმტკიცებით, კერძოდ: პოლიციის მუშაკის, ა. მ–ს, ჩვენებით დგინდება, რომ მის მიერ გადამოწმების მიზნით შეჩერებულმა გ. ნ–მა პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ წელზე გადაკიდებულ ჩანთაში ჰქონდა ,,დანა“, რის შემდეგაც, გ. ნ–ი ზედაპირულად დათვალიერდა, რა დროსაც გ. ნ–მა თვითონვე წარუდგინა ,,დანა“, რომელიც მოთავსებული ჰქონდა მის წელზე მიმაგრებულ ჩანთაში – ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას; აღნიშნულის შემდეგ, გამომძიებელმა გ. ბ–მ შეადგინა, როგორც პირის ზედაპირული შემოწმების, ასევე – ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმი, რომელსაც გაეცნო გ. ნ–ი და დაადასტურა ხელმოწერით. დანა დაილუქა სპეციალურ პაკეტში, რაც ასევე ხელმოწერებით დაადასტურეს მოქმედებაში მონაწილე პირებმა; პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით ირკვევა, რომ ქ. თ–ში, ა–ს N.-ის ტერიტორიაზე, 2023 წლის 22 მარტს გ. ნ–ს ზედაპირული შემოწმებისას აღმოაჩნდა სავარაუდოდ ცივი იარაღი - დანა. აღნიშნული დანა გ. ნ–ს მოთავსებული ჰქონდა წელის ჩანთაში – ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას. ოქმის თანახმად, დანა დაილუქა .......... სპეც. პაკეტში. ოქმზე მითითებულია გ. ნ–ს შენიშვნა: ,,რაიმე სახის პრეტენზია არ გამაჩნია“; ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის თანახმად, ქ. თ–ში, ა–ს N..-ის ტერიტორიაზე, 2023 წლის 22 მარტს გ. ნ–ს ზედაპირული შემოწმებისას აღმოაჩნდა დანა, რომელიც მოთავსებული ჰქონდა წელის ჩანთაში, ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას. ზედაპირული შემოწმება მიმდინარეობდა მშვიდ, წყნარ გარემოში. ოქმში მითითებულია დანის აღწერილობა. დანა დაილუქა .......... სპეც. პაკეტში. ოქმს ხელს აწერს გ. ნ–ი და ღონისძიების გამტარებელი პოლიციელი; გამომძიებელ გ. ბ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ გიორგი ბაკარანძისგან, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოიღო გ. ნ–ს მიერ ზედაპირული დათვალიერებისას წარდგენილი დანა; დანის ამოღების ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ 2023 წლის 22 მაისს, 18:00-18:18 საათებს შორის შუალედში, გამომძიებელ გ. ბ–მ გამომძიებელ გ. ბ–სგან ამოიღო გ. ნ–სისათვის ჩამორთმეული დანა დალუქული სპეც.პაკეტში; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N....... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ლ. კ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ. ნ–სისგან ზედაპირული დათვალიერების შედეგად ამოღებული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ირკვევა, რომ გ. ნ–ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროისთვის – 2023 წლის 22 მარტს, გ. ნ–ს ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია.

13. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ერთი მხრივ, მსჯავრდებულ გ. ნ–ს ქმედებით არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, ხოლო, მეორე მხრივ, უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ გ. ნ–სს თან, კერძოდ, წელის ჩანთაში ჰქონდა მოთავსებული ცივი იარაღი, რომელიც მან თვითონვე წარუდგინა პოლიციის მუშაკებს და რომლის გამოყენებაც მას დაუყოვნებლივ შეეძლო.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი