საქმე N 150100121005301798
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№347აპ-24 ქ. თბილისი
ნ–ი ს., 347აპ-24 18 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ნ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა ს. ნ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ბ–მ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა. დაცვის მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებები დიდწილად მიიჩნია უდავოდ, რადგან იყო ირიბი სამხილები ან არ ჰქონდათ კავშირი განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან. ს. ნ–ს ძალადობაში მსჯავრდებას საფუძვლად დაედო ს. ბ–ს, მისი მეუღლისა და შვილების წინააღმდეგობრივი და მიკერძოებული ჩვენებები, მაშინ, როდესაც საპირისპიროს ადასტურებდნენ ნეიტრალური მოწმეები – ს. ვ., ს. და ს. ნ–ები, რომლებიც ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს. დაცვის მხარის მტკიცებით, მსჯავრდებულს არ შეუშლია ხელი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისათვის, რამეთუ, აღმასრულებლის განმარტების გათვალისწინებით, რამდენიმე დღით გახსნა სადავო ჭიშკარი, რომელიც პირუტყვის თავისუფლად გადაადგილების გამო, იძულებული გახდა, კვლავ დაეკეტა, ასევე – აღმასრულებელთან შეთანხმებით, ინახავდა სადავო სათავსოში კუთვნილ კარტოფილს მხოლოდ მის დათესვამდე. ს. ნ–ს არ ფლობს ქ–ლ ენას, ხოლო აღმასრულებელი – ს–ს, რამაც გაართულა მათ შორის კომუნიკაცია. იმ შემთხვევაში, თუკი ს. ნ–ს არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმეში უნდა ჩართულიყო სააღსრულებო პოლიცია ან გამოყენებულიყო ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც საქმის მასალებით არ იკვეთება.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ს. ნ–ს, – დაბადებული 19.. წლის 1 ოქტომბერს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3772-ე მუხლით – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, ს. ნ–მს დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ნ–მა ჩაიდინა: მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული იმ მოქმედების შეუსრულებლობა, რომლის შესრულება მხოლოდ მას შეუძლია და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში მცხოვრებ ს. ნ–ს დაევალა მოსარჩელე ა. ბ–სათვის რ. ნ–ს მიერ სამართავად გადაცემული ქონების თავისუფალ სარგებლობაში განხორციელებული უკანონო ხელშეშლის შეწყვეტა. კერძოდ, ს. ნ–ს აეკრძალა ა. ბ–სათვის სამართავად გადაცემული 1700 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის (თონე, ბოსელი) და ცენტრალური სამანქანე გზით სარგებლობაში ხელშეშლა. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის 29 ოქტომბერს სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსასრულებლად გადაეგზავნა .......ის სააღსრულებო ბიუროს. ს. ნ–სათვის ცნობილი იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მას დაევალა ისეთი ქმედების შესრულება (მის მიერ განხორციელებული უკანონო ხელშეშლის აკრძალვა), რომელიც მხოლოდ მას შეეძლო, თუმცა, მიუხედავად .........ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის არაერთი მოთხოვნისა და მიღებული კანონისმიერი ზომებისა, ს. ნ–მმა კატეგორიული უარი განაცხადა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესრულებაზე, რომელსაც არ ეთანხმებოდა.
3.2. 2020 წლის 27 მარტს, დაახლოებით, 13:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ დ–ში, ს. ნ–მსა და მის თანასოფლელ ს. ბ–ს შორის, უძრავი ქონების გამო, წარმოიშვა უსიამოვნება, რომელიც გადაიზარდა მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ს. ნ–მმა თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა ს. ბ–სზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. ნ–მმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ბ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა, ს. ნ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ:
9. სადავოდ არ გამხდარა, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ს. ნ–ს უნდა შეეწყვიტა ა. ბ–სათვის სამართავად გადაცემული 1700 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, დამხმარე ნაგებობითა (თონით, ბოსლით) და ცენტრალური სამანქანე გზით სარგებლობაში ხელის შეშლა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ დაცვის მხარის არგუმენტების კვალდაკვალ, სააპელაციო სასამართლო სამართლებრივად იყო მოკლებული შესაძლებლობას, შეეფასებინა სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობა, რამეთუ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განსჯის საგანს წარმოადგენს ს. ნ–ს წარდგენილ ბრალდებაში – მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობაში – დამნაშავეობა/უდანაშაულობის საკითხის გამორკვევა, რომელზეც გავლენას ვერ ახდენს ის ფაქტი, ეთანხმება თუ არა მოდავე მხარე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და უპირობოდ უნდა აღსრულდეს.
10. .........ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების – ა. თ–სა და გ. მ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ს. ნ–ს არაერთხელ მიმართეს წინადადებით, ნებაყოფლობით შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულება და გააფრთხილეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, თუმცა მსჯავრდებული კატეგორიულ უარზე იყო, რადგან არ ეთანხმებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. არაერთი მცდელობის შემდეგ, მიმართეს სამართალდამცავ ორგანოს; ა., ს., ზ. და ჟ. ბ–ების ჩვენებების მიხედვით, ს. ნ–ს უშლიდათ ხელს ა. ბ–სათვის სამართავად გადაცემული ქონებით თავისუფლად სარგებლობაში, სახლის კარს შეუცვალა საკეტი, არ აძლევდათ გასაღებს და, შესაბამისად, არ უშვებდათ შინ, ამავდროულად, არ მოხსნა ღობე, რის გამოც, ვერ სარგებლობდნენ სამანქანო გზით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ა. ბ–ის სახლამდე არსებული საავტომობილო გრუნტის გზა გადაკეტილი აქვს ს. ნ–ს, რომელიც შემოღობილია და აქვს ბოქლომით დაკეტილი ხის ჭიშკარი, ასევე – დაკეტილია სახლისა და ბოსლის კარიც ისე, რომ ა. ბ–ი ვერ სარგებლობს ქონებით. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გაცხადებულ არგუმენტთან დაკავშირებით, თითქოსდა, ს. ნ–ს ჰქონდა ენის ბარიერი, რის გამოც, ვერ შეძლო ვითარებაში სათანადოდ გამორკვევა, საყურადღებოა მოწმე ა. თ–ს განმარტება, რომლის მიხედვით, მოვალისთვის გასაგებ – რ–ლ და, შეძლებისდაგვარად, ს–რ ენებზე განუმარტა სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები და, ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ ს. ნ–ს სასამართლოში საქმის განხილვისას აცხადებდა, რომ არ ეთანხმებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამეთუ მიწა არის მისი და არავის დაუთმობდა.
11. ს. ბ–სის ცემის გამო ს. ნ–ს მსჯავრდებასთან დაკავშირებით კი, აღსანიშნავია: ა. ბ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ მეუღლესთან – ს. ბ–სა და შვილებთან – ზ. და ჟ. ბ–ებთან ერთად, იმყოფებოდა მათი ოჯახის მიერ შეძენილ სახლთან, როდესაც ს. ნ–მმა სახლის კარს შეუცვალა საკეტი და არ უშვებდა მათ შინ. სწორედ ამას მოჰყვა მათ შორის უსიამოვნება, რა დროსაც ს. ნ–მმა ორ-სამჯერ ჩაარტყა თავში მის მეუღლეს; ს. ბ–ს მტკიცებით, ს. ნ–მმა ნამდვილად იძალადა მასზე ფიზიკურად, კერძოდ, დაპირისპირების დროს, სამჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, რის გამოც, განიცადა ფიზიკური ტკივილი; ზ. და ჟ. ბ–ებმა ასევე მიუთითეს, რომ შემთხვევის დღეს ს. ნ–მმა სცემა მათ მამას. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ს. ნ–სს მსჯავრდებას, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებთან მიმართებით, თანხვდენილია და მათ სანდოობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი არ დადგენილა. საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ დასაკითხ პირთა სიიდან კონკრეტული მოწმეების მოხსნასთან დაკავშირებით გაცხადებულ პრეტენზიაზე, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა, იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ს. ნ–ს ინტერესებს იცავდა ადვოკატი და დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენ სამხილებზე და თავად დაეკითხა მათი პოზიციის გამამყარებელი მოწმეები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №970აპ-21 საქმეზე, პუნქტი 8).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ნ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3772-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, კანონიერი და სამართლიანია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
13. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ნ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი