Facebook Twitter
საქმე N330100123007927033

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №421აპ-24 ქ. თბილისი
ს–ი ე., 421აპ-24 26 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ს–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ–ამ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასა და მის მიმართ 30000 ლარი ჯარიმის გამოყენებას, იმ საფუძვლით, რომ იგი არ უარყოფს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი არ არის, რის გამოც, მის მიმართ შეფარდებული სასჯელი ზედმეტად მკაცრია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ე. ს–ი, − დაბადებული 1... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

ე. ს–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 10 აგვისტოდან;

გაუქმდა ე. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ს–მა ჩაიდინა საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა.

ე. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 2 აგვისტოს, ე. ს–მა საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყ–ს“ გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით − 60 711.15 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების საქონელი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ–ამ. დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება და მის მიმართ ჯარიმის გამოყენება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ ე. ს–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან – ჯარიმის განსაზღვრით, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს ე. ს–ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. კასატორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ე. ს–სათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ე. ს–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის პოზიციაზე, რომ მსჯავრდებული ე. ს–ი წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, რის გამოც, ითხოვს დანიშნული სასჯელის ჯარიმით შეცვლას. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, შეეფარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით განსაზღვრული მინიმალური სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ხასიათი და სასჯელის მიზნების შესაბამისად, მიიჩნია, რომ ე. ს–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისა და ჯარიმით შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახესა და ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ ე. ს–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და უნდა შეიცვალოს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ–ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე


მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი


ლ. ფაფიაშვილი