ბს-198-152-კ-05 27 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: შეგებებული სარჩელის განსჯადობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 16 აგვისტოს შპს “ი-იმ” სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში დევნილთა ჯგუფის წევრების _ თ. ჭ-ას, მ. ქ-ას, ო. ც-ასა და სხვათა მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება თბილისში, ..... მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლიდან.
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1997წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მათი კუთვნილი, მშენებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებულ იქნენ უნებართვოდ შეჭრილი პირები _ მ. წ-ი, მ. ძ-ი, ს. პ-ა და ი. წ-ა, მაგრამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესში, 1998 წელს, მთელი საცხოვრებელი სახლი დაიკავეს უნებართვოდ შეჭრილმა მოქალაქეების ჯგუფმა. მოსარჩელის მითითებით, მათ ვერ მოახერხეს სახლის განთავისუფლება უკანონოდ შეჭრილი მოქალაქეებისაგან და მისი დაბრუნება კანონიერი მესაკუთრისათვის.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 სექტემბრის განჩინებით შპს “ი-ის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს. 2001წ. 15 მარტს დევნილთა ჯგუფმა შეგებებული სარჩელი აღძრა სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა შპს “ი-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შპს “ს-ის” რეგისტრაციის შესახებ თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996წ. 11 სექტემბრის ¹5/4-853 დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ მითითებული საწარმოს რეგისტრაცია განხორციელდა არსებითი ხასიათის ხარვეზით, კერძოდ, დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-2, მე-5 მუხლები და მე-3 თავის დებულებები.
რაიონულ სასამართლოში საქმის წარმოების დროს დევნილთა ჯგუფმა დააზუსტა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა შპს “მ-ისათვის” ფირმა “ა-ის” წილის გადაცემის შესახებ “ს-ის” გამგეობისა და ვაკის რაიონის სასამართლოსადმი შპს “ა-ის” 1996წ. 25 ივლისისა და შპს “ტ-ადმი” საწესდებო კაპიტალში არსებული ერთი პირის საწარმო “ლ-ს” წილის გადაცემის შესახებ, ამ უკანასკნელის “ს-ის” გამგეობისა და ვაკის რაიონის სასამართლოსადმი 1996წ. 14 აგვისტოს მიმართვების, ხელახალ რეგისტრაციაზე “ი-ისათვის” თანხმობის მიცემის შესახებ შპს “ვ-ს” პრეზიდენტის წერილის, “ი-ის” 1996წ. 22 აგვისტოს დამფუძნებელი კრების ოქმის, შპს “ი-ის” 1996წ. 22 აგვისტოს წესდების, შპს საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმოო “ი-ის” რეგისტრაციის შესახებ ვაკის რაიონული სასამართლოს 1996წ. 11 სექტემბრის 5/4-853 დადგენილებისა და სამეწარმეო რეესტრის ¹5/4-853 ჩანაწერში ცვლილებების შეტანის შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 8 ოქტომბრის დადგენილების ბათილად ცნობა. 2002წ. 18 ოქტომბერს დევნილთა ჯგუფმა გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა თბილისში, ..... ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთისა და მშენებარე ნაგებობის შპს “ი-ის” საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული საქართველოს საჯარო რეესტრი. ამავე სასამართლოს 2003წ. 25 მარტის განჩინებით შპს “ი-ის” მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო თბილისში, ..... მდებარე მშენებარე სახლში უკანონოდ შეჭრილი მოქალაქეების გამოსახლების შესახებ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა. ამავე სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ იქნა ჩაბმული მიწის მართვის დეპარტამენტი (ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური). დევნილთა ჯგუფმა სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოში გაზარდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა სასამართლოს მიერ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა სადავო შენობაში დევნილების შესახლებამდე არსებული მდგომარეობით, შენობის უმკვიდროთ ცნობა და მისი გადაცემა აფხაზეთის ა/რ ქონების მართვის სამინისტროსათვის როგორც საბინაო ფონდში შემავალი, დევნილთა მიერ განხორციელებული გაუმჯობესებების მესაკუთრეებად და შენობის თანამესაკუთრეებად სადავო ფართში შესახლებულ პირთა ცნობა.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სამეწარმეო რეესტრში შპს “ი-ის” რეგისტრაციის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, ბათილად იქნა ცნობილი მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 2000წ. 12 აპრილს შპს “ი-ის” სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, მიწის მართვის დეპარტამენტის დაევალა შესაბამისი სააღრიცხვო ჩანაწერების გაუქმება და სადავო მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის რეგისტრაცია, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ი-ამ”.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის განჩინებით შპს “ი-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით დაექვემდებარა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს აზრით, რაიონულ სასამართლოს უნდა გაერკვია საქმის განსჯადობის საკითხი და საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაეგზავნა უფლებამოსილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან დავის საგანია საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა და მოპასუხეებს საქმეში წარმოადგენენ შპს “ი-ა” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, სსკ-ის 439-ე და მე-15 მუხლების შესაბამისად, საქმე არ არის სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს განსჯადი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დევნილთა ჯგუფმა და მოითხოვა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
კასატორების აზრით, სააპელაციო საჩივარი ეხებოდა დევნილთა ჯგუფის შეგებებული სარჩელის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებისას კი არ გამოიყენება სსკ-ის III თავის ნორმები, იგი პირვანდელი სარჩელის განმხილველი სასამართლოს განსჯადია და უნდა აკმაყოფილებდეს პირვანდელ სარჩელთან შემხებლობის სსკ-ის 189.2 მუხლის პირობებს. ამდენად, კასატორის აზრით, მათი შეგებებული სარჩელი სწორად იქნა წარმოებაში მიღებული სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დევნილთა ჯგუფის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, 439-ე, მე-15 მუხლები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის XXII თავის მიხედვით, შეგებებული სარჩელი პირვანდელი სარჩელის განმხილველი სასამართლოს განსჯადია და ასევე ის უნდა აკმაყოფილებდეს პირვანდელ სარჩელთან შემხებლობის სსკ-ის 189-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მას საფუძვლად არ უდევს კანონის არასწორად გამოყენება ან განმარტება, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა კანონის ნორმები და დავა კანონშესაბამისად იქნა გადაწყვეტილი, კერძოდ, სააპელაციო პალატა სწორად მიიჩნევს დადგენილად, რომ დავის საგანია შპს “ი-ის” სახელზე რიცხული ქ. თბილისის ..... მდებარე მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება. აღნიშნული შპს რეგისტრირებულია ვაკის რაიონის სასამართლოში და მისი ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ..., ხოლო ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური მდებარეობს ქ. თბილისში, .... .
სსკ-ის 439-ე მუხლის მიხედვით: “აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, სსკ-ის მესამე თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია”.
სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ საქმე არის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განსჯადი. როგორც ცნობილია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს საქმე. არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში კი, სასამართლო ვალდებულია, სარჩელი გადაუგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს.
ადმინისტრაციული ორგანო _ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მდებარეობს ქ. თბილისში, .... ამდენად, თანახმად სსკ-ის მე-15 მუხლისა, სარჩელი წარდგენილი უნდა იყოს მისი, როგორც იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით – თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში. საკასაციო პალატას სწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება სსკ-ის 439-ე მუხლი, რადგან მითითებული მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული თუ სადავო უფლებების თაობაზე დავა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აფხაზეთის ა/რ სასამართლოთა განსჯადი, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლო არაგანსჯად სასამართლოდ, ვინაიდან მოპასუხეები _ შპს “ი-ი” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური არ წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს. ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატას სავსებით სწორად მიაჩნია სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ რაიონულმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორების მითითება, კანონის არასწორად გამოყენებისა და არასწორად განმარტების შესახებ, უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, ისინი მატერიალური თუ საპროცესო სამართლის ვერც ერთ კონკრეტულ ნორმას ვერ უთითებენ, რომელთა გამოყენება სააპელაციო პალატის მიერ სხვა გადაწყვეტილების დადგენის საფუძველი გახდებოდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დევნილთა ჯგუფის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის განჩინება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.