Facebook Twitter
საქმე N 330100122006208571

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


საქმე №438აპ-24 ქ. თბილისი
ს–ი ნ., 438აპ-24 26 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მაშანეიშვილის, ასევე მსჯავრდებულ ნ. ს–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ლ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ მაშანეიშვილმა, ასევე მსჯავრდებულმა ნ. ს–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ლ–მ.

ü პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ნ. ს–ისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას თავისუფლების აღკვეთის რეალურად მოხდით, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარე არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის ნაწილში, ვინაიდან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არასამართლიანია და არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და ხასიათს; გასათვალისწინებელია დაზარალებულთა ასაკიცა და ის გარემოება, რომ მათ ნ. ს–ის მიმართ გააჩნიათ პრეტენზია, მსჯავრდებული არ არის მათთან შერიგებული.

ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს კვალიფიკაციას შეცვლას, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილი დანაშაულის, საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას რეალურად მოსახდელად, ხოლო 2 წლის – პირობითად ჩათვლას, შემდეგი მოტივებით: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, რომელთა თანახმად, არ დასტურდება, რომ ნ. ს–ს გააჩნდა ლ. ს–ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების განზრახვა (არც პირდაპირი და არც ევენტუალური).

2. მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ლ–ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ს–ს ბრალად ედება: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ნ. ს–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის 16 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ს–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. გ–ს, კერძოდ, მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 16 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ს–მა სახის არეში განზრახ მუშტი დაარტყა ლ. ს–ს, რის შედეგადაც, იგი წაიქცა ასფალტის ზედაპირზე და მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ნ. ს–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე.

ნ. ს–ი, − დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით − ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ნ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან − 2023 წლის 4 დეკემბრიდან და იგი დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი − 2022 წლის 17 მაისიდან 2022 წლის 19 მაისის ჩათვლით.

გაუქმდა ნ. ს–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული − გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

მსჯავრდებულ ნ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ, ნ. ს–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება.

ü მსჯავრდებულმა ნ. ს–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ლ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ლ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ნ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 9 (ცხრა) თვით;

ნ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით − 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ნ. ს–ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2023 წლის 4 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი − 2022 წლის 17 მაისიდან 2022 წლის 19 მაისის ჩათვლით.

გაუქმდა ნ. ს–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული − გირაო.

მსჯავრდებულ ნ. ს–ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დაევალა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილი ბრალდების კვალიფიკაციის ნაწილში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას, სადავოდ არ მიიჩნევს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ნ. ს–ის ქმედება სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, რომელთა თანახმად, არ დასტურდება ნ. ს–ის მიერ ლ. ს–ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების განზრახვა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ ნ. ს–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

11. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც ობიექტური მხრივ გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ბრალის ფორმის მიხედვით, ეს დანაშაული განზრახია და იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე – არაპირდაპირი განზრახვით.

12. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

13. საქართველოს სსკ-ის მე-10 მუხლის მიხედვით, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

14. თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ დაზარალებულების – ლ. გ–სა და ლ. ს–ს ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და არასარწმუნოა, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად და ერთმანეთთან სრულად თანხვდენილად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს; დაზარალებულთა ჩვენებებს შორის, მხოლოდ უმნიშვნელო სხვაობაა, რაც ვერ იქნება მიჩნეული არსებით განსხვავებად და წინააღმდეგობად; ამასთან, მათი ჩვენებები თანმიმდევრული, დეტალური, დამაჯერებელია და სრულად შეესაბამება საქმის სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის – ნეიტრალური მოწმის ვ. ლ–ს გამოკითხვის ოქმს. ამდენად, ჩვენებების შეფასების შედეგად არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, რის გამოც, საკასაციო პალატას არ გააჩნია დაზარალებულთა ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი.

15. ის ფაქტი, რომ ნ. ს–ი მოქმედებდა ლ. ს–ს სხეულის დაზიანების განზრახვით, უტყუარად დადასტურებულია დაზარალებულების –ლ. გ–სა და ლ. ს–ს ჩვენებებით, ვ. ლ–ს გამოკითხვის ოქმით, ასევე თავად მსჯავრდებულის ნაწილობრივ აღიარებითაც.

16. დაზარალებულ ლ. ს–ს ჩვენებით დგინდება, რომ თავდაპირველად ნ. ს–მა მიკროავტობუსში კონფლიქტი წამოიწყო ლ. ს–სთან, რომელშიც ჩაერია იქვე მყოფი მისი მეუღლე ლ. გ–ი. ლ. გ–მა ნ. ს–ს მოუწოდა, რომ ქალბატონთან უხეშად არ ესაუბრა, რის გამოც, მათ შორის საუბარი გამწვავდა და ნ. ს–მა ლ. გ–ს ტელეფონი ჩაარტყა სახეში. ნ. ს–ი ასევე ხელებს და ფეხებს იქნევდა მათი მიმართულებით, რა დროსაც იგი სხვა მგზავრებმა ჩაიყვანეს სამარშრუტო ტაქსიდან. მოგვიანებით, როდესაც დაზარალებულები ჩავიდნენ მიკროავტობუსიდან და ფეხით გააგრძელეს გზა, ამ დროს, მოულოდნელად ნ. ს–ი კვლავ მივარდა ლ. გ–ს, რომელსაც სწვდა ხელით, ხოლო მეორე ხელით მრავალჯერ დაარტყა სახეში, შემდეგ დააგდო ძირს, დაახტა ზემოდან და დაუწყო სახეში ორივე მუშტის დარტყმა, ლ. გ–ი კი გათიშული ეგდო ასფალტზე. ლ. ს–ი ნ–თან მივიდა უკნიდან, რათა გამოერიდებინა მეუღლისგან, რომ არ მოეკლა. ამ დროს ნ. ს–მა მას ამოუქნია მუშტი და დაარტყა სახეში, რის შედეგადაც, იგი გადავარდა მოშორებით, მან ჰაერში მუხლის ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ ფეხი მოტეხილი ჰქონდა.

17. დაზარალებულ ლ. ს–ს ჩვენებას სრულად შეესაბამება მისი მეუღლის, ლ. გ–ს ჩვენება, რომელიც ცალსახად ადასტურებს ნ. ს–ს მხრიდან მის მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და განმარტავს, რომ სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსულ დაზარალებულებს, ნ. ს–ი ისევ მივარდა და დაუწყო ცემა, ჯერ ხელით მას დაუწყო სახეში დარტყმა, რის შედეგადაც, წაიქცა. წაქცეულს ნ. ს–ი შესდგა ზემოდან და კვლავ მუშტებით გააგრძელა მისი სახეში ცემა. ამ დროს თავისი მეუღლე, ლ. ს–ი მივიდა ს–თან გაშველების მიზნით, ს–მა კი ხელი ჰკრა მას; შემდეგ ისევ მივიდა ლ. ს–ი ს–თან, რომელიც შემოუტრიალდა, ხელი მოჰკიდა და მოისროლა, რის შედეგადაც, ლ. ს–ი წაიქცა და ფეხი მოიტეხა.

18. დაზარალებულების ჩვენებებთან სრულად თანხვდენილია მოწმე ვ. ლ–ს მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაციაც. იგი დამატებით განმარტავს, რომ ჩხუბის დროს ქალბატონიც წაიქცა, რომელმაც დაიწყო ყვირილი, ვაიმე, მიშველეთ ფეხი მომტყდაო, მაგრამ მისი წაქცევის მიზეზი არ იცის, რადგან არ დაუნახავს, ახალგაზრდა მამაკაცის ხელი მოხვდა თუ არა.

19. სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 15 სექტემბრის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ ლ. ს–ს აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა კვირისტავის ძვლის მოტეხილობის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს – 2022 წლის 16 მაისს

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლოსაც სააპელაციო პალატის მსგავსად, ნ. ს–ის ქმედებაში დადგენილად მიაჩნია ევენტუალური განზრახვის არსებობა, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა დაზარალებულ ლ. ს–ს ჯანმრთელობის დაზიანების დადგომას, მით უმეტეს, დაზარალებულის ასაკის (დაბადებული 19.. წელს) გათვალისწინებით. აღნიშნულს ცალსახად ადასტურებს ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული აგრესიულად იყო განწყობილი, არა მხოლოდ ლ. გ–ს მიმართ, არამედ – ლ. ს–ს მიმართაც და თავდაპირველად კონფლიქტი სწორედ მათ შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, ხოლო მსჯავრდებულის აგრესია, შემდეგ უკვე ლ. ს–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში – სახეში მუშტის დარტყმაში გამოიხატა, რის შედეგადაც, იგი წაიქცა და მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

21. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს არც ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის დამძიმების შესახებ, და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ნ. ს–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მაშანეიშვილის, ასევე მსჯავრდებულ ნ. ს–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ლ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვასაძე


მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი


ლ. ფაფიაშვილი