საქმე N 330100123007945450
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№344აპ-24 ქ. თბილისი
ჩ–ი გ., 344აპ-24 18 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანი ჩუბინაშვილმა, რომელიც ითხოვს, განაჩენის შეცვლას, გ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ გაამართლა იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო, მეორე მხრივ, შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი განუსაზღვრა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, მუქარის ბრალდებასთან მიმართებით, მიიჩნია, რომ, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომელიც გ. ჩ–ს ბრალეულობას დაადასტურებდა, მაშინ, როდესაც სხვა ბრალდედებთან დაკავშირებით, არ მიიჩნია ეს სამხილი საეჭვოდ და საფუძვლად დაუდო გ. ჩ–ს მსჯავრდებას. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თ. ბ–ის მდგომარეობა არ შეფასდა, როგორც ტანჯვა, თუმცა ცხადია, რომ მეუღლესთან თანაცხოვრების დროს დაზარალებული სტრესულ გარემოში იმყოფებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა გაფორმებული იარაღი, გაუგებარია, რატომ არის დაუჯერებელი ობიექტური შემფასებლისათვის, რომ გ. ჩ–ი სწორედ შუბლის გახვრეტით დაემუქრა მეუღლეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. ამავდროულად, კასატორი მიიჩნევს, რომ გ. ჩ–ს მიმართ გამოყენებულია მსუბუქი სასჯელი – პირობითი მსჯავრის სახით, რომელიც არ შეესაბამება ბრალდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ასევე – ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. საქმის მასალები ცხადყოფს გ. ჩ–ს აგრესიული დამოკიდებულებას, ხოლო დანაშაულის აღიარება ემსახურებოდა მხოლოდ პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, რამეთუ მსჯავრდებულს არც ჩადენილი მოუნანიებია და არც დაზარალებულს შერიგებია.
2. მსჯავრდებულ გ. ჩ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ო–ი საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სამართლებრივ საფუძვლებს.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჩ–ის, – დაბადებულს 19.. წლის ....., – ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2023 წლის აპრილში (ზუსტი თარიღი უცნობია), თ–ში, ......ის გამზირის მე-.. კორპუსის №.. ბინაში, გ. ჩ–იი მეუღლეს – თ. ბ–ის – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ შუბლს გაუხვრეტდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.2. 2023 წლის 25 აგვისტოს, 17:21 საათზე, გამოცემული №........... შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, გ. ჩ–ის 30 დღით აეკრძალა მის მეუღლესთან – თ. ბ–ითან, ასევე – იმ სახლთან, რომელშიც იგი იმყოფებოდა, მის სამსახურსა და ადგილსამყოფელთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი კომუნიკაცია.
2023 წლის 25 აგვისტოს, საღამოსა და ღამის საათებში, გ. ჩ–მა არ შეასრულა №....... შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, თავდაპირველად, მივიდა თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირის მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მყოფ თ. ბ–ითან დაამყარა კომუნიკაცია, ხოლო მოგვიანებით, იმის გასაკონტროლებლად, იყო თუ არა თ. ბ–ი სახლში, კვლავ დაბრუნდა იმავე ტერიტორიაზე. ამის გამო იგი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.
3.3. მას შემდეგ, რაც გ. ჩ–იმა არ შეასრულა №.......... შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, მივიდა თ–ში, ......ის გამზირის მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და თ. ბ–ითან დაამყარა კომუნიკაცია. დაზარალებულმა განიზრახა კუთვნილი მობილური ტელეფონით დაერეკა ,,112-ის’’ ცხელ ხაზზე და განეცხადებინა გ. ჩ–ს მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი. ამ ქმედების აღსაკვეთად კი გ. ჩ–მა მეუღლეს წაართვა მობილური ტელეფონი და არ დაასრულებინა საუბარი, რითაც აიძულა არ ჩაედინა ქმედება, რომლის უფლებაც ჰქონდა.
4. გ. ჩ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით გ. ჩ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება – 1 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, გ. ჩ–ს მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება – 1 წლით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, გ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, ამავდროულად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა გ. ჩ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, რომელიც არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილი ბრალდება.
11. ბრალდების მხარის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, თავის გადაწყვეტილებაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებული პასუხები გასცა, რომლებსაც ეთანხმება და იზიარებს საკასაციო სასამართლოც, კერძოდ: დაზარალებული თ. ბ–ი, უშუალოდ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ დაშორების შემდეგ, 2023 წლის გაზაფხულზე, აპრილის თვეში, თ–ში, ......ის გამზირის მე-.. კორპუსის №.. ბინაში, გ. ჩ–მა უთხრა, რომ შუბლს გაუხვრეტდა და სიცოცხლეს მოუსპობდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ მსჯავრდებული მუქარას შეასრულებდა. იმ დროს, როდესაც მეუღლე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თ. ბ–ის მის ხელში იარაღი არ შეუმჩნევია და მისთვის უცნობია, აქვს თუ არა გ. ჩ–ის ცეცხლსასროლი იარაღი; 2023 წლის 25 აგვისტოს გამოცემულ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში, რომლითაც გ. ჩ–ის, მათ შორის, ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი, არ არის აღნიშნული თ. ბ–ს მიმართ მუქარის ფაქტის შესახებ და შესაბამის კითხვებზე მონიშნულია უარყოფითი პასუხები; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 აგვისტოს, 23:25 საათზე, თ–ში, ......ის გამზირის მე-.. კორპუსის .. სადარბაზოში დაკავებულ გ. ჩ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს მხოლოდ ორი მობილური ტელეფონი; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 19 სექტემბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კვლევის შედეგებით, თ. ბ–ს ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არ ფასდება ფსიქოლოგიურ ტანჯვად. აღნიშნულის ერთობლივად შეფასების კვალდაკვალ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გ. ჩ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის.
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
13. კასატორის მიერ ასევე სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
15. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლომ; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით გ. ჩ–სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელები სამართლიანად მიიჩნია.
16. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა: გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მხოლოდ გ. ჩ–იისათვის შეფარდებული პირობითი მსჯავრის რეალური სასჯელით შეცვლას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნის (დანაშაულის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად განსაზღვრასთან დაკავშირებით, საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის – ბრალდების მხარის მოთხოვნის – არარსებობის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოც მოკლებულია შესაძლებლობას სასჯელის ზომის გამკაცრებით, მსჯავრდებულის საუარესოდ შეაბრუნოს განაჩენი.
17. სააპელაციო სასამართლომ გ. ჩ–სათვის შეფარდებული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულებებს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო დამძიმება და პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა არ არის აუცილებელი, რამდენადაც სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – გ. ჩ–სათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი