საქმე N 080100123006804425
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №529აპ-24 ქ. თბილისი
ხ–ი ა., 529აპ-24 25 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დათო ცირეკიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა. ხ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ასევე, მოითხოვს – ა. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორ ეპიზოდში), შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისთვის გამართლების, ასევე, სასჯელის დანიშვნის ნაწილში – არაკანონიერია; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად საკმარისი იყო იმის დასადასტურებლად, რომ დანაშაული (ორი ეპიზოდი) ჩადენილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით; სასჯელთან მიმართებით ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, მას, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელი უნდა განსაზღვროდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად – მხოლოდ სასჯელთა ნაწილობრივი, ან სრული შეკრების წესით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ხ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ა. ხ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü ა. ხ–ი 2020 წლის 14 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. კ–სთან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით ა. ხ–ი გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მოთავსდა წ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებაში. სასჯელის მოხდის პერიოდში ა. ხ–ი მეუღლეს ლ. კ–ს, პენიტენციური დაწესებულებიდან სატელეფონო კავშირის მეშვეობით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, უკრძალავდა განათლების მიღებას, უზღუდავდა სახლიდან გადაადგილებას, სურდა მუდამ ეკონტროლებინა მისი ადგილსამყოფელი, უკრძალავდა ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, მოითხოვდა ტელეფონზე მუდმივად მასთან საუბარს. ვინაიდან, ლ. კ–ე მუდმივად ვერ პასუხობდა ა. ხ–ს სატელეფონო ზარებს, მისი ნებართვის გარეშე გადაადგილდებოდა, ეკონტაქტებოდა ნათესავებს და მეგობრებს, 2022 წლის 17 ივლისს №.. დაწესებულებიდან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციების დროს ა. ხ–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. ა. ხ–ს მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო, ლ. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü ა. ხ–აი 2020 წლის 14 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. კ–სთან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით ა. ხ–ი გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მოთავსდა წ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებაში. ა. ხ–ამა 2022 წლის 15 ნოემბერს გაიგო, რომ მეუღლე – ლ. კ–ე, სტუდენტური სამუშაო პროგრამით გაემგზავრა გ–ს ფედერაციულ რესპუბლიკაში. ვინაიდან ა. ხ–ს არ სურდა მისი მეუღლე გამგზავრებულიყო საზღვარგარეთ და ემუშავა, 2022 წლის 27 ნოემბერს №.. დაწესებულებიდან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის დროს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ლ. კ–ს. ა. ხ–ს მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო ლ. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü ა. ხ–ი 2020 წლის 14 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. კ–სთან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით ა. ხ–აი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მოთავსდა წ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებაში. მსჯავრდებულ ა. ხ–ს მეუღლე, ლ. კ–ე 2022 წლის 15 ნოემბერს გაემგზავრა გ–ს რესპუბლიკაში. ვინაიდან ა. ხ–აი წინააღმდეგი იყო მეუღლის საზღვარგარეთ გამგზავრების და იქ მუშაობის, №..პენიტენციური დაწესებულებიდან 2022 წლის 19 ნოემბერს ტელეფონით დაუკავშირდა მისი მეუღლის დედას, ნ. ყ–ს და მოსთხოვა ს–ში დაებრუნებინა შვილი – ლ. კ–ე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ლ. კ–ს და თავად ნ. ყ–ს. ა. ხ–ს მიერ წარსულში განხორციელებული ქმედებების გამო ნ. ყ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განაჩენით ა. ხ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ხ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული ჰქონდა 6 (ექვსი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, იმავე კოდექსის 63- 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი, შთანთქა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) განსაზღვრული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ა. ხ–ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. ხ–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 27 ოქტომბრიდან.
მსჯავრდებულ ა. ხ–ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ხ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის აღსრულება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე განაჩენის მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ა. ხ–ს მიერ დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის ფაქტი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დათო ცირეკიძემ. პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ხ–ს დამნაშავედ ცნობა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორ ეპიზოდში) და დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის დათო ცირეკიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ა. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი და ა. ხ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ა. ხ–სათვის ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 (ოთხი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 24 (ოცდაოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან (რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული აქვს 75 დღით) თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ა. ხ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2024 წლის 4 მარტიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორი დათო ცირეკიძე ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას და მოითხოვს მის კიდევ უფრო დამძიმებას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, პირის ინდივიდუალური მახასიათებლების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (წარსულში ნასამართლევია და მის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა) გარემოებების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ ა. ხ–ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის (2022 წლის 17 ივლისის, იმავე წლის 27 ნოემბრისა და 19 ნოემბრის ეპიზოდები) სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ა. ხ–ს ბრალდებიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივის ამორიცხვის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გენდერული მოტივით დანაშაულის ჩადენა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი