¹ 3კ/1122-01 1 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ე.-ის” გენერალურმა დირექტორმა გ. ჯ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სს “ს.-ის” მიმართ გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ოქტომბრის ¹1162 განკარგულებით “დასავლეთ საქართველოში ტერიტორიული პრინციპით დაფუძნებული ენერგოკომპანიების ბაზაზე შექმნილი სააქციო საზოგადოებების სამხარეო პრინციპით გაერთიანების” შესაბამისად, დაფუძნდა სს “ს.-ა” და რეგისტრაციაში გატარდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით. აღნიშნული სააქციო საზოგადოება გახდა ფილიალების სახით მასში გაერთიანებული ტერიტორიალური ენერგოკომპანიების, მათ შორის, ფოთის “ფ.-ის”, აბაშის “ა.-ს”, ხობის “ხ.-ის” და სენაკის “კ.-ის” უფლებამონაცვლე და ფილიალების ვალდებულებებზე მთელი თავისი ქონებით პასუხისმგებელი.
მოსარჩელის განმარტებით, სს “ს.-ში” შემავალ საწარმოებთან 1998 წლის 1 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 1998 წლის 1 ნოემბრიდან 1999 წლის 1 ივლისამდე, ე.ი. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შექმნამდე, მოსარჩელის გამგებლობაში არსებული გამტარი ქსელის მეშვეობით უნდა განეხორციელებინათ მომხმარებლისათვის 60631058 კვტ.სთ. ელექტროენერგიის, საერთო ღირებულებით 632609 ლარი, შეუფერხებელი გადაცემა. სს “ე.-მ” ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა.
განმცხადებლის განმარტებით, ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტის თანახმად, მოპასუხე მხარის საწარმოებს უნდა გადაეხადათ ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ღირებულებიდან 25% ავანსის სახით ყოველი თვის 20 რიცხვამდე, ხოლო 4.3 პუნქტის თანახმად სრული ანგარიშსწორების ვადად დადგენილ იქნა ხუთი საბანკო დღე სს “ე.-ის” მიერ მომხმარებლისათვის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის დღიდან. მომხმარებლებს ხელშეკრულების ეს პირობები არ შეუსრულებიათ, გადაიხადეს მხოლოდ 47 720 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა დღემდე არ არის დაფარული.
სს “ე.-მ” ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულების 3.2. პუნქტების თანახმად “მომხმარებელი” ე.ი. მოპასუხე, ოთხივე კომპანია, ვალდებულია გადაიხადოს “ე.-ის” სასარგებლოდ პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა მისი განცხადების განხილვა გამარტივებული წესით და დავალიანების გადახდის ბრძანების მიღება და სს “ს.-ისთვის” ძირითადი თანხის 584899 ლარის, საურავის 376 856 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის დაკისრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 4 ივლისს მიიღო გადახდის ბრძანება, რომლის თანახმად სს “ს.-ას” კრედიტორის სს “ე.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 961747 ლარის გადახდა.
სს “ს.-ამ” სასამართლოში შეიტანა მოტივირებული წერილობითი შესაგებელი, რომლითაც ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მან აღიარა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ძირითადი დავალიანებიდან მას გადასახდელი აქვს 414 463 ლარი, ხოლო 170 426 ლარი მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს სახელმწიფო კომპანია “საქენერგომ”. რაც შეეხება პირგასამტეხლოს თანხას 376 856 ლარსა და სასამართლო ხარჯების 5500 ლარს, მოპასუხემ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არ ცნო და მიუთითა, რომ 1998 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად სრული ანგარიშსწორების ვადა მხარეებს შორის 5 საბანკო დღეა გადამცემის მიერ თვის განმავლობაში გაწეული მომსახურეობისათვის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის დღიდან. მოპასუხის განმარტებით, როდესაც მომხმარებელმა თვის ბოლოს არ გადაიხადა არც ძირითადი და არც პირგასამტეხლოს თანხა, მოსარჩელე ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად ვალდებული იყო გაეფრთხილებინა მოპასუხე მოვალეობის შესრულებაზე და თუ კი ის 10 დღეში ვერ შეასრულებდა ვალდებულებას, მოსარჩელეს უნდა შეეწყვიტა გადაცემის მომსახურება და აღეძრა სარჩელი სასამართლოში მიყენებული ზარალისა და პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნით.
ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მას არ მიაწოდა იმდენი ელექტროენერგია, რაც ხელშეკრულებაში იყო მითითებული, ე.ი. არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მოითხოვს უარი ეთქვას მოსარჩელეს პირგასამტეხლოს 376956 ლარის, სასამართლო ხარჯების 5500 ლარის და ძირითადი დავალიანებიდან 170426 ლარის ანაზღაურებაზე. რაც შეეხება ძირითადი ვალის დარჩენილ ნაწილს 414463 ლარს, იგი მოპასუხემ ცნო.
ქუთაისის საოლქო საამართლოს 2001 წლის 25 ივლისის განჩინებით გაუქმდა 4 ივლისის გადახდის ბრძანება და მოსარჩელის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილულ იქნა საერთო სასარჩელო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ე.-ის” სარჩელი და სს “ს.-ას” გადასახდელად დაეკისრა 961747 ლარის და სახელმწიფო ბაჟის და სასამართლო ხარჯების 5500 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998 წლის 12 მაისს დაფუძნდა და სასამართლოში რეგისტრაციაში გატარდა სახელმწიფო საწარმო “ე.-ა”, რომელიც ახორციელებს ყოფილი “საქენერგოს” ერთ-ერთ ფუნქციას, კერძოდ, ელექტროენერგიის მწარმოებლიდან ელექტროენერგიის კონკრეტულ მომხმარებელზე გადაცემას. 1998 წლიდან საწარმომ აღნიშნულ საქმიანობაზე აიღო ლიცენზია და მას უფლება მიეცა შესაბამისად გაეფორმებინა ხელშეკრულებები ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. 1999 წლის 19 თებერვლიდან სახელმწიფო საწარმო “ე.-ა” რეორგანიზებულ იქნა სააქციო საზოგადოებად 100% სახელმწიფო წილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ ვერ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ ფილიალების ბალანსზე 1998 წლის ნოემბერ-დეკემბერში ელექტროენერგიის გადაცემის ღირებულების 170426 ლარის ოდენობით “საქენერგოსათვისაა” გადასახდელი და ამიტომ მითითებული თანხით უნდა შემცირდეს მოსარჩელისადმი დავალიანება. კოლეგია მიუთითებს, რომ 1997 წლიდან “საქენერგო” როგორც ერთიანი საწარმო დაიშალა და მის ბალანსზე შეიქმნა გენერაციის ე.-ის და დისპეჩერიზაციის სრულიად დამოუკიდებელი საწარმოები. მხოლოდ სს “ე.-ა” არის უფლებამოსილი 1998 წლიდან მომხმარებელთან გააფორმოს ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდებაზე. “ს.-ის” ფილიალებს თავიანთ ბალანსზე არასწორად აქვთ მითითებული ელექტროენერგიის გადამცემად “საქენერგო”.
სასამართლო კოლეგიამ ასევე არ გაიზიარა სს “ს.-ის” წარმომადგენლის მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 1998 წლის 1 ნოემბერს სახაზინო საწარმო “ე.-სა” და ამჟამად სს “ს.-აში” შემავალ ფილიალებს შორის (იმ დროისათვის ცალ-ცალკე სააქციო საზოგადოებებს წარმოადგენდნენ) დაიდო ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს შეეძლო, როცა მოპასუხე მომსახურეობის თანხას არ გადაიხდიდა, შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება, მაგრამ მოსარჩელის ასეთი მოქმედება მის უფლებას წარმოადგენდა და არა ვალდებულებას და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელე ხელშეკრულების მოქმედების პირველი თვის ბოლოს შეწყვეტდა მომსახურების განხორციელებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უფლება ჰქონდა სამი წლის განმავლობაში მოეთხოვა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ანაზღაურების გადახდა.
მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულია 1998 წლის 1 ნოემბერს. იმ შემთხვევაშიც, თუ ხანდაზმულობის ვადა აითვლება 1998 წლის 1 დეკემბრიდან, სარჩელის შეტანის მომენტისათვის იგი გაშვებული არ არის. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ხანდაზმულობის ვადა არ არის გაშვებული ძირითადი ვალდებულებისათვის, არ არის გაშვებული დამატებითი ვალდებულების მოთხოვნის ვადაც.
სასამართლო კოლეგიამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ მოსახლეობის ცხოვრების დაბალი დონე, რაც მათი გადახდის უუნარობას განაპირობებს, არის ფორს-მაჟორული სიტუაცია და მხარის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
სს “ს.-ამ” საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ მათზე დაკისრებული 961.747 ლარიდან ისინი აღიარებენ 414.463 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ არასწორად დაეკისრათ. კასატორმა განმარტა, რომ სს “ე.-ის” სასარჩელო განცხადებაში მითითებული 170426 ლარი ეკუთვნის “საქენერგოს” და არა სს “ე.-ას”, რაც დასტურდება იმით, რომ მიუხედავად მათი მოთხოვნისა მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა 1998 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეების აქტები აბაშის, სენაკის, ხობის და ფოთის ენერგოკომპანიებზე ელექტროენერგიის გატარებაზე და მიწოდებაზე, რომლის შედგენა ყოველი თვის ბოლოს სავალდებულოა და წარმოადგენს მომსახურეობის რაოდენობის და ღირებულების დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე ხდება ყოველთვიური ანგარიშსწორება მხარეებს შორის.
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სს “ე.-ა” არის “საქენერგოს” სამართალმემკვიდრე. დადასტურებულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 22 თებერვლის ¹1-3/115 ბრძანებით “საქენერგოს” ბაზაზე ჩამოყალიბდა მოსარჩელე და შპს “საქ.-2000”. სწორედ ამ უკანასკნელის ფუნქციაში შევიდა და მას დაევალა ძველი ვალების, მათ შორის “ე.-ის” ძველი ვალების ამოღება.
კასატორმა განმარტა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასევე უსწოროდაა მითითება იმის შესახებ, რომ მხოლოდ სს “ე.-ა” იყო უფლებამოსილი 1998 წლიდან, ლიცენზიის მიღების შემდეგ, მომხმარებელთან გაეფორმებინა ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ვინაიდან საქმეს არ ერთვის ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი ან ლიცენზია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, 170426 ლარის ნაწილში სს “ე.-ა” არ არის სათანადო მოსარჩელე.
კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია აგრეთვე მათზე პირგასამტეხლოს 376856 ლარის დაკისრება და მიუთითებს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მესამე მუხლის 2.2.4 და 4.3 პუნქტების თანახმად მომხმარებელმა “გადამცემის” სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველთვიურად გადაუხდელი თანხის ფარგლებში, რასაც თვითონაც არ უარყოფს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხელშეკრულების მესამე მუხლის 4.3 პუნქტის თანახმად სრული ანგარიშსწორების ვადა მხარეებს შორის 5 საბანკო დღეა გადამცემის მიერ თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებისათვის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის დღიდან. აღნიშნულის გამო, როცა მომხმარებელი ფოთის, სენაკის, ხობის და აბაშის ენერგოკომპანიები თვის ბოლოს არც ძირითად და არც პირგასამტეხლოს თანხას არ იხდიდნენ, მოსარჩელე ამავე ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად ვალდებული იყო გაეფრთხილებინა აღნიშნული საწარმოები მოვალეობის შესრულებაზე და თუ ისინი 10 დღის განმავლობაში არ შეასრულებდნენ ვალდებულებას, მოსარჩელეს უნდა შეეწყვიტა მათთვის გადაცემის მომსახურება. ამასთან, მას შეეძლო მიყენებული ძირითადი ზარალისა და პირგასამტეხლოს გადახდევინების შესახებ აღეძრა სარჩელი სასამართლოში, ამით მხარეებს შორის დავა მოგვარდებოდა მაშინვე და შეწყვეტდა მოქმედებას დადებული ხელშეკრულება.
კასატორმა მიუთითა, რომ კრედიტორმა პირგასამტეხლოს ანაზღაურება საქართველოს ენერგეტიკის დღევანდელ პირობებში არ უნდა მოითხოვოს, რადგან ყველამ იცის მოსახლეობის გადახდისუნარიანობის დონე. აღნიშნულ წლებში მოსახლეობაზე და სხვა ობიექტებზე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღება 5-10% არ აღემატება. მოსარჩელემ და აბაშის, ფოთის, სენაკის და ხობის ელექტროკომპანიის ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ პირგასამტეხლოს კი არა ძირითადი ვალდებულების შესრულებაც შეუძლებელი იყო, მაგრამ სახელმწიფო თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიდიოდა და დღესაც მიდის ასეთ ზარალზე.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის საფუძველზე, ფორს-მაჟორული გერემოებების შემთხვევაში მხარეები თავისუფლდებიან ურთიერთვალდებულებებისაგან. კასატორის განმარტებით, ისინი ფორს-მაჟორულ ვითარებაში გულისხმობენ არა მარტო სტიქიურ უბედურებებს და სხვა ბუნებრივი, დაუძლეველი ძალების არსებობას, არამედ განსაკუთრებულ ვითარებასაც და გადაულახავ წინააღმდეგობას, რაც განპირობებულია მოსახლეობის ცხოვრების დაბალი დონით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოსა და 170,426 ლარის გადახდევინების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნაზე ამ ნაწილში უარის თქმა, ხოლო ძირითადი ვალის 414 463 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. ამდენად, “ს.-აზე” ძირითადი ვალის 414463 ლარის დაკისრების ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში, ვინაიდან როგორც პირველ, ისე საკასაციო ინსტანციაში სს “ს.-ის” წარმომადგენლები აღიარებენ ამ ვალს და ამ ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
რაც შეეხება ძირითადი ვალის, 170 426 ლარის და პირგასამტეხლოს 376 856 ლარის კასატორზე დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
მოცემულ საქმეზე კოლეგიის მიერ სრულად და ყოველმხრივად არ არის განხილული ის მტკიცებულებები, რომელიც საქმეზეა წარმოდგენილი. ხელშეკრულებების თანახმად გადამცემსა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხდება ერთობლივი აქტის საფუძველზე აქტში მრიცხველების დაფიქსირებული ჩვენებების მიხედვით.
საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო პერიოდში 1998 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეების აქტები აბაშის, სენაკის, ხობის და ფოთის ენერგოკომპანიებზე ელექტროენერგიის გატარებისა და მიწოდების შესახებ, რომლის შედგენა ყოველი თვის ბოლოს სავალდებულოა. Aამ გარემოებას შესაბამისი ახსნა და შეფასება არა აქვს მიცემული. დაუსაბუთებელია კოლეგიის მოსაზრება, რომ მხოლოდ სახელმწიფო საწარმო ,,ე.-ა” და მისი სამართალმემკვიდრე სს ,,ე.-ა” იყვნენ უფლებამოსილნი 1998 წლიდან მიეღოთ ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ანაზღაურება. საქმის მასალებით ამგვარი დასკვნის მიღების საფუძველი არ არსებობს. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა გადაცემის ლიცენზიანტის საქმიანობის უფლება, არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ის იყო უფლებამოსილი მიეღო ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ანაზღაურება. ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს, ასევე, იმ გარემოებიდან, რომ ,,1997 წლიდან საქენერგო, როგორც ერთიანი საწარმო დაიშალა და მის ბაზაზე შეიქმნა გენერაციის, დისპეჩერიზაციის და ე.-ის სრულიად დამოუკიდებელი საწარმოები.” პალატა თვლის, რომ მითითებულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ის უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. Aაღნიშნული ნორმის თანახმად სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის ქონებრივი და სხვა პატივსადები ინტერესი და მიზანშეწონილობის შემთხვევაში მოახდინოს პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის გადახდისუნარიანობა დამოკიდებულია ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებული რეგიონის მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობაზე.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოცემულ საქმეზე მიღებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხეზე 414 463 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.