Facebook Twitter

საქმე # 080100120003531018

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №448აპ-24 ქ. თბილისი

ბ-ი თ. 448აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა, შენახვა, გავრცელება, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 18 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ-ში, კ. გ-ს ქუჩის № ... -ში, თ. ბ-მა უნებართვოდ ჩაიწერა რ. გ-თან კერძო საუბარი, დ. ა-ს პირადი ცხოვრების შესახებ, თითქოს როგორ დაინახა რ. გ-მ იგი შიშველი. აღნიშნულ ჩანაწერს თ. ბ-ი უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ,,სამსუნგ გალაქსის’’ მობილურ ტელეფონში და 2019 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, იმავე მისამართზე, თ. ბ-მა გაავრცელა, კერძოდ, მოასმენინა ა. გ-სა და ნ. ღ-ს.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

2.1. თ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გაუქმდა თ. ბ-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს შემტანს - თ. ბ-ს (პ/ნ ... ) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 ლარი.

2.3. გამართლებულ თ. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ მელაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნომბრის განაჩენის გაუქმება, თ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ თ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. გ-მ და ი. ა-მ შესაგებლით მოითხოვეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს თ. ბ-ს ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში.

7. თ. ბ-ი არ უარყოფს, რომ მისი და დაზარალებულად ცნობილი რ. გ-ს კერძო საუბარი ჩაიწერა, შემდეგ ჩანაწერი შეინახა საკუთარ მობილურ ტელეფონში და გაავრცელა იგი, კერძოდ, მოასმენინა მეუღლეს - დ. გ-ს, ა. გ-სა და ნ. ღ-ს.

8. მხარეთა შორის სადავოა - თ. ბ-მა იმოქმედა უნებართვოდ თუ რ. გ-მ განაცხადა თანხმობა.

9. ქმედების სსკ-ის 158-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, პირის მიერ ქმედებას ადგილი ჰქონდა ნებართვით თუ მის გარეშე.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობის ამ სავალდებულო ნიშანთან დაკავშირებით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოს აჩვენებს და არ იძლევიან ერთმნიშვნელოვანი დასკვნის შესაძლებლობას, კერძოდ:

11. ერთი მხრივ, დაზარალებული რ. გ-ე უთითებს, რომ არ იცოდა თ. ბ-ს მიერ საუბრის ჩაწერის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, თავად თ. ბ-ი, ასევე მოწმის სახით დაკითხული პირები - ე. ბ-ი და ნ. ე-ე უთითებენ, რომ თ. ბ-თან სატელეფონო საუბრისას გაიგონეს რ. გ-ს ნათქვამი, რომელიც თანხმობას აცხადებდა საუბრის ჩაწერაზე. ამდენად, ცხადი ხდება, რომ დაზარალებულ რ. გ-ს მითითებას თ. ბ-ს უნებართვო მოქმედების შესახებ უპირისპირდება გამართლებულისა და ორი მოწმის ჩვენება.

12. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ რ. გ-ს ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის, დამაჯერებლობისა და სანდოობის კრიტერიუმს; ის ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

13. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი სადავო პერიოდის (18.10.2019წ. კერძო საუბრის ჩაწერის დრო) ამსახველი თ. ბ-სა და ნ. ე-ს ტელეფონის ნომრების შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერი, რომლითაც დადასტურდებოდა ან უარყოფილ იქნებოდა შემთხვევის დღეს - 2019 წლის 18 ოქტომბერს თ. ბ-ს სატელეფონო კომუნიკაცია ნ. ე-თან. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ მაშინ, როცა ერთი მხრივ, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს და არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო მეორე მხრივ საუბარია კონსტიტუციით აღიარებული უფლების (პირადი სივრცისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობა) დარღვევა/არდარღვევის შესაძლო ფაქტზე, გამოძიების ეტაპზე გამოჩენილი უნდა ყოფილიყო საჭირო და აუცილებელი გულმოდგინება საკითხის ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევის მიზნით.

14. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და თ. ბ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე