საქმე # 060100123007799035
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №475აპ-24 ქ. თბილისი
თ-ა დ. 475აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. თ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ნოემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2023 წლის 27 ივლისის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2023 წლის 28 ივლისის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, დ. თ-მ მეუღლეს - ლ. მ-ს, ქალაქ ს-ში, ა. კ-ს ქუჩის N...-ში, მათივე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ეჭვიანობის გამო დაუწყო გინება და ძალადობით, კერძოდ, ხელის თავის არეში დარტყმით, შემდეგ კი ნიკაპზე მოჭერით, მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, დ. თ-მ მეუღლეს - ლ. მ-ს, ქალაქ ს-ში, ა. კ-ს ქუჩის N...-ში, მათივე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ეჭვიანობის გამო დაუწყო გინება და ძალადობით, კერძოდ, ყელის არეში ხელების მოჭერით, მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, დ. თ-ა მეუღლეს - ლ. მ-ს, ქალაქ ს-ში, ა. კ-ს ქუჩა N...-ში, მათივე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ეჭვიანობის გამო დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დაუწყო გინება, ყელის არეში ხელების მოჭერა და ყვირილი, რომ დაახრჩობდა და ცოცხალს არ დატოვებდა, რის გამოც ლ. მ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. დ. თ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2023 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. დ. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
2.3. გამართლებულ დ. თ-ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე დარიკო ვადაჭკორიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, დ. თ-ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ს-მ შესაგებლით მოითხოვა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ. თ-ს მიერ მეუღლის - ლ. მ-ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ლ. მ-მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ოჯახის წევრის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
12. დ. თ-ს მიერ შესაძლო ძალადობისა და მუქარის ჩადენაზე მიუთითებენ დაზარალებულის დედა და და - მ. და ა. მ-ები, პოლიციის თანამშრომელი ნ. ნ-ე, თუმცა ისინი გადმოსცემენ დაზარალებულ ლ. მ-ს მონათხრობს და არ არიან ფაქტის თვითმხილველები; შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
13. რაც შეეხება გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელ ორდერსა და ორდერის ოქმს, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტები შეიცავენ ასევე დაზარალებულისგან გადმოცემულ ინფორმაციას; ხოლო რამდენადაც სახეზე არ გვაქვს ლ. მ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ირიბ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებების გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულთან.
14. დაზარალებული წარმოადგენს ასევე სწორედ იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და მუქარის შედეგად გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის პოზიცია სახეზე არ გვაქვს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მან სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ვერ დგინდება ოჯახში ძალადობისა და მუქარის შემადგენლობის ნიშნები.
15. დ. თ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ასევე ვერ დაეყრდნობა მ. მ-სა და ა. მ-ს მიმოწერის დათვალიერების ოქმში ასახულ ინფორმაციას, რადგან მის სისწორეს არ ადასტურებს ინფორმაციის პირველწყარო - დაზარალებული ლ. მ-ი.
16. გარეგნული დათვალიერების ოქმითა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, მართალია, დგინდება ლ. მ-ს სხეულზე დაზიანებების არსებობა სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა დ. თ-ს მიერ.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა დ. თ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი