საქმე # 180100123006805248
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №499აპ-24 ქ. თბილისი
მ-ე ჯ. 499აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:
1.1. ჯ. მ-ე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარეგებლო შრომა 100 საათით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები, ასევე თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 28 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. მ-მ ჩაიდინა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ექვსი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 28 იანვარს, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, შინ ყოფნისას, ჯ. მ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ც. მ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და ცულით დაჩეხავდა. ჯ. მ-ე იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, რის გამოც ც. მ-ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 28 იანვარს, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, შინ ყოფნისას, მას შემდეგ, რაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ც. მ-ს, ჯ. მ-ე ფიზიკურად გაუსწორდა მას, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ც. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 27 იანვარს, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, შინ ყოფნისას, ჯ. მ-ე ეჭვიაონობის ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს, კერძოდ, ხელი ჩაარტყა მარჯვენა ფერდის არეში, რა დროსაც ც. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 24 იანვარს, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, შინ ყოფნისას, ჯ. მ-ე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს - ც. მ-ს. ვინაიდან ჯ. მ-ე იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, ც. მ-ს გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 24 იანვარს, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, შინ ყოფნისას, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს - ც. მ-ს, ჯ. მ-ე ფიზიკურად გაუსწორდა მას, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა ორივე მუხლის არეში, რა დროსაც ც. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის ივლისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში ყოფნის დროს, ჯ. მ-მ, სრულიად უმიზეზოდ, მეუღლეს - ც. მ-ს ფეხი ამოარტყა სხეულის უკანა მხარეს და ამავე დროს ხელის თითებში ჩაარტა მოქნეული ფეხი, რა დროსაც ც. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაკარგა გონება.
· 2022 წლის ოქტომბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ყოფნის დროს, ჯ. მ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს - ც. მ-ს, კერძოდ, ამოუტრიალა მარჯვენა ხელი, რა დროსაც ც. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის ნოემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, საცხოვრებელი სახლის სააბაზანო ოთახში ყოფნის დროს, ჯ. მ-ე სრულიად უმიზეზოდ ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს - ც. მ-ს, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა კისერში, რა დროსაც ც. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
3.2. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ჯ. მ-ს მიმართ.
3.3. ჯ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 28 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 28 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 27 იანვრის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 24 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 24 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ჯ. მ-ს განემარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. კასატორმა - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განაჩენის გაუქმება და ჯ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
4.1. გამართლებულ ჯ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მა შესაგებლით მოითხოვა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ჯ. მ-ს მიერ ძალადობისა და მუქარის ჩადენას.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ც. მ-მა და მოწმე ვ. მ-მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლისა და მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
8. მოწმის სახით დაკითხული, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი პირების - ლ. მ-ს, ე. ტ-ს, ვ. ჯ-სა და მ. გ-ს ჩვენებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთი მათგანი თავად არ შესწრებია ჯ. მ-ს მიერ ც. მ-ს მიმართ ჩადენილი მუქარის ან/და ფიზიკური ძალადობის ფაქტს. მათი ჩვენებები ეფუძნება სხვა პირის, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ც. მ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
9. პროკურორმა გოჩა ცინცაძემ ჯ. მ-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითა დაზარალებულის განცხადებაზე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ხსენებული მტკიცებულება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ შეტყობინებაა, არ შეიცავს ინფორმაციას და შეუძლებელია დადგინდეს პირის ბრალდების დადგენილებაში დადგენილად მიჩნეულ ფაქტები. შეტყობინება შეიცავს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას, რომლის ნამდვილობაც და შესაძლო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებებიც სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით უნდა გადამოწმებულიყო. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით კი დადგენილია, თუ რა ვითარება იყო შემთხვევის ადგილზე. ოქმში აღწერილია ჯ. მ-ს საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგება და მდგომარეობა, რაც წარდგენილი ბრალდების მტკიცების თვალსაზრისით ირელევანტურია.
10. შემაკავებელ ორდერთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ N... შემაკავებელი ორდერი გამოიცა ჯ. მ-ს მიერ ც. მ-ს მიმართ ჩადენილი სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე მითითებით, თუმცა ორდერის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას, თუ როდის ხორციელდებოდა მუქარა, ძალადობა და მათ შედეგად მოჰყვა თუ არა ტკივილის განცდა ან საფუძვლიანი შიშის გაჩენა. შემაკავებელი ორდერის ოქმში არსებული მწირი და ზოგადი ხასიათის ინფორმაცია, რამდენადაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, სხვა მტკიცებულებით კი ფაქტების დეტალური დადგენა და გადამოწმება შეუძლებელია, ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
12. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ც. მ-მა და მოწმე ვ. მ-მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლისა და მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
15. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ც. მ-მა მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც სხვადასხვა დროს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა მას.
15.1. მოცემულ შემთხვევაში 2023 წლის 28 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ც. მ-საგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.
15.2. იმ პირობებში, როდესაც ც. მ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ჯ. მ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
15.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:
15.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
15.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).
15.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.
16. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 28 იანვრის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ჯ. მ-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ჯ. მ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი