Facebook Twitter

საქმე # 330100121005156460

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №299აპ-24 თბილისი,

ქ-ი შ. 299აპ-24 26 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიასა და მსჯავრდებულ შ. ქ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

შ. მ-ი და პ. ბ-ი აღიარებენ ქურდულ სამყაროს, სისტემატური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე აქტიურად მონაწილეობენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

2021 წლის 11 აპრილს, ქურდული სამყაროს წევრმა – შ. მ-მა, ე.წ. „კანონიერ ქურდ“ ი. ტ-სგან მიიღო დავალება, რომ მას და ასევე ქურდული სამყაროს წევრ პ. ბ-ს, მეტსახელად „პ-ს“, გ-ს რაიონის სოფელ ს-ში მცხოვრები გ. ფ-სათვის ძალადობის გამოყენების მუქარით, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავიანთთვისა და კანონიერი ქურდისთვის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნდა წაერთმიათ ავტომანქანა. აღნიშნული დავალების შესასრულებლად, შ. მ-ი იმავე დღეს დაუკავშირდა პ. ბ-ს, მეტსახელად „პ-ს“, ასევე თავის ნათესავებს – ო. მ-სა და ბ. მ-ს. ამასთან, შ. მ-ი და პ. ბ-ი წინასწარ დაუკავშირდნენ იმავე სოფელში მცხოვრები, გ. ფ-ს ნაცნობ გ. რ-ს, იმავე „წ-ას“, რომელსაც დაავალეს სახლიდან გ. ფ-ს მოტყუებით გამოყვანა. ამასთან, აუხსნეს საქმის ვითარება. შ. მ-ი, პ. ბ-ი, ო. და ბ. მ-ები, განზრახვის აღსასრულებლად, მივიდნენ სოფელ ს-ში. ამასთან, გზაში მათ გაინაწილეს როლები, კერძოდ, შ. მ-ი და პ. ბ-ი გადავიდოდნენ გ. ფ-თან სასაუბროდ, წაართმევდნენ მას ავტომანქანას და გატაცებული ავტომანქანით წავიდოდნენ გ-ს მიმართულებით, ხოლო შ. მ-ს კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანით, მათ უკან გაჰყვებოდნენ ბ. მ-ი და ო. მ-ი. კანონიერი ქურდისგან მიღებული დავალება იმავე დღეს მოვიდა სისრულეში, კერძოდ, შ. მ-მა და პ. ბ-მა, სოფელ ს-ში, ძალადობის გამოყენებისა და იარაღის მუქარით, გ. ფ-ს გასტაცეს მისი კუთვნილი ავტომანქანა – „ჰიუნდაი ტუქსონი“, სახელმწიფო ნომრით – ... და გეგმის მიხედვით, გატაცებული ავტომანქანა დამალეს სოფელ ხ-ში, გ. ფ-ს, იმავე „ბაშმაკიჩის“ სახლში.

კანონიერი ქურდის – ი. ტ-ს – გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა, შ. მ-მა, გ. რ-ს, იმავე „წ-ას“ მონაწილეობით, დაუბრუნა მესაკუთრე გ. ფ-ს იმ პირობით, რომ იგი გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ,,ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად, ასევე ქურდული სამყაროს წევრებისა და კანონიერი ქურდის, ი. ტ-სთვის სარგებლის მიღების მიზნით, გადაიხდიდა 5 000 ლარს.

შ. მ-ი და შ. ქ-ი, მეტსახელად „ტ-პა“ აღიარებენ ქურდულ სამყაროს, სისტემატური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავიანთი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას, ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე აქტიურად მონაწილეობენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

დ. მ-სა და ვ. მ-ს, მეტსახელად „ფ-ს“ შორის არსებული ფინანსური დავა, ე.წ. „კანონიერ ქურდ“ ი. ტ-თან, მეტსახელად „ტ-ან“ შეთანხმებით, ქურდული წესების შესაბამისად განიხილეს და გადაწყვიტეს, ქურდული სამყაროს წევრებმა შ. მ-მა და შ. ქ-მა.

ქურდული გარჩევის შედეგად, მათ ვ. მ-ს დააკისრეს დ. მ-ს სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდა. 2021 წლის 12 აპრილს ვ. მ-ი გ-ს რაიონის სოფელ ზ-ს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა შ. მ-ს, რა დროსაც გადასცა მისთვის ქურდული გარჩევის შედეგად დაკისრებული თანხიდან 1500 ლარი. ვ. მ-ს მიერ გადახდილი თანხიდან 800 ლარი, შ. მ-მა გადაურიცხა დ. მ-ს, ხოლო დარჩენილი 700 ლარი განაწილდა „კანონიერ ქურდ“ ი. ტ-ს, „ქურდული სამყაროს“ წევრ შ. მ-ს და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ შ. ქ-ს შორის.

შ. მ-ი და ა. ც-ე, მეტსახელად „მ-იჩი“ აღიარებენ ქურდულ სამყაროს, სისტემატური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებსა და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავიანთი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე აქტიურად მონაწილეობენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

ქურდული სამყაროს წევრ ა. ც-სთვის მისი ნაცნობი მ. ო-საგან ცნობილი გახდა ლ. ო-სა და შ. ჯ-ს შორის არსებული ფინანსური დავის შესახებ.

2021 წლის აპრილში, ა. ც-ე და შ. მ-ი, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავიანთთვის და ლ. ო-სათვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, გ-ს რაიონის სოფელ ს-ში, შ. ჯ-ს საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ შ. ჯ-ს. აღნიშნულ შეხვედრაზე შ. მ-მა და ა. ც-მ ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, განიხილეს შ. ჯ-სა და ლ. ო-ს შორის არსებული დავა და შ. ჯ-ს დააკისრეს 1000 აშშ დოლარის გადახდა.

2021 წლის 24 აპრილს, შ. ჯ-მა შეასრულა მისთვის დაკისრებული ვალდებულება და შ. მ-ს გადასცა 1000 აშშ დოლარი, საიდანაც 200 აშშ დოლარი გაინაწილეს ა. ც-მ და შ. მ-მა, ხოლო დარჩენილი თანხა გადასცეს მ. ო-ს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით:

2.1. შ. მ-ი, დაბადებული 1985 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (შ. ჯ-ს ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

შ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ. ფ-ს ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. მ-ს ეპიზოდი) – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 16 სექტემბრიდან.

2.2. ბ. მ-ი, დაბადებული ... წლის ... თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 16 სექტემბრიდან.

2.3. ო. მ-ი, დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 16 სექტემბრიდან.

2.4. შ. ქ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

შ. ქ-ი, დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა განაჩენის მიღების მომენტიდან – 2022 წლის 13 ივნისიდან.

2.5. ა. ც-ე, დაბადებული ... წლის ... ივლისს, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ა. ც-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

ა. ც-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2.6. პ. ბ-ი, დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა პ. ბ-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად განსაზღვრული ჯარიმა – 4000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახედ – ჯარიმა 4 000 ლარი.

პ. ბ-ს სასჯელის მოხდა აეთვლება განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით:

მსჯავრდებულების: შ. მ-ს, ბ. მ-ს, ო. მ-სა და შ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების –ნ. შ-ს, ე. პ-ს, თ. დ-სა და ლ. ა-ს სააპელაციო საჩივრები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენზე არ დაკმაყოფილდა;

სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენზე არ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – პროკურორი ირინე ჩოჩია ითხოვს:

ა. ც-სა და შ. მ-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, შ. ჯ-ს ეპიზოდში და ა. ც-სა და შ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (შ. ჯ-ს ეპიზოდი);

აგრეთვე, შ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფასებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.

კასატორი ასევე ითხოვს, რომ გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, შ. მ-ს, ა. ც-სა და შ. ქ-ს ბრალადწარდგენილი ქმედებების ყველა ელემენტი, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულია.

4.2. პროკურორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ შ. ჯ-ს სასამართლოში მიცემული ჩვენება წინააღმდეგობრივია როგორც საკუთარ მონაყოლსა და გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებასთან, ისე – ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად მოპოვებულ მასალასთან. ამასთან, დ. მ-ი და ვ. მ-ი შეეცადნენ მათ მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებები შეემსუბუქებინათ, თუმცა, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

5. კასატორი – მსჯავრდებული შ. ქ-ი აღნიშნავს, რომ მას გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის ათვლა დაეწყო 2021 წლის 14 ივნისიდან; ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბერის განაჩენით, იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, გამართლდა და მის მიმართ შეფარდებული პატიმრობა, გაუქმდა.

5.1. განსახილველ საქმეზე, ე.ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით სასჯელი მას აეთვალა 2022 წლის 13 ივნისიდან (ამავე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან), მაშინ როდესაც 2021 წლის 14 ივნისიდან იგი უკვე დაკავებული იყო. შესაბამისად, ბოლო, ესე იგი, 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნულ სასჯელში (3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაში) მას არ აქვს ჩათვლილი წინა განაჩენით უკვე მოხდილი სასჯელი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, შ. ქ-ი ითხოვს მისი ორივე, სისხლის სამართლის საქმის განხილვასა და საბოლოო სასჯელში ზემომითითებული ფაქტორის, მოხდილი სასჯელის ასახვას.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

8. განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს ა. ც-სა და შ. მ-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას (შ. ჯ-ს ეპიზოდში) და ა. ც-სა და შ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით; აგრეთვე, შ. ქ-ს ქმედების, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 2231-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას. სხვა საკასაციო საჩივარი გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებული საკითხების ფარგლებში, ხოლო შემდეგ კი უპასუხებს მსჯავრდებულ შ. ქ-ს მოთხოვნას მის მიმართ საბოლოოდ მოსახდელ სასჯელთან დაკავშირებით.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა შ. ქ-ს მიერ ,,ქურდული სამყაროს წევრობის“ ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები (ქმედება, გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით), მაგრამ ამავე მტკიცებულებათა შინაარსის ანალიზით, უტყუარად გამოკვეთილია ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების ხელის შეწყობის ფაქტი (საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

10. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე დ. მ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მისმა ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა იგი დააკავშირა შ-სა და შ-ს. იგი ამ პირებს არ შეხვედრია, პირადად არ იცნობს, მხოლოდ რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით.

11. დაზარალებულ ვ. მ-ს ჩვენებითა და ფარულ აუდიო და სატელეფონო საუბრების მიყურადება ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ:

ვ. მ-ს დ. მ-ს სახელით, დაუკავშირდა შ. მ-ი; სწორედ ის შეხვდა მას და მან დააკისრა თანხის გადახდის ვალდებულებაც. ასევე ის უკავშირდებოდა ტელეფონით და ახსენებდა ვალის არსებობას და შემდეგ, ეტაპობრივად სწორედ მას გადასცა დ. მ-ს ვალი.

12. ამასთან, განსახილველ საქმეში, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ იკვეთება ის ფაქტი, რომ შ. ქ-ი თავს მოიხსენიებს ან სხვა მოიხსენიებს მას, ,,ქურდული სამყაროსათვის“ დამახასიათებელი ტერმინებით, ან/და პირდაპირი კავშირი აქვს რომელიმე „კანონიერ ქურდთან“ და უშუალოდ, ,,ქურდული გარჩევით“ წყვეტს დ. მ-სა და ვ. მ-ს შორის არსებულ საკითხს.

13. ზემოხსენებულის პარალელურად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება, რომ შ. ქ-ი აქტიურად ჩართულია ვ. მ-ს მხრიდან თანხის ამოღებასა და განაწილებაში. ვ. მ-თან კავშირის შემდეგ, შ. მ-ი ურეკავს შ. ქ-ს და მათი საუბრის შესახებ უყვება. ასევე ვ. მ-სგან თანხის აღების შემდეგ, მასთან ათანხმებს თანხის განაწილების საკითხს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შ. ქ-ი სრულად იყო ინფორმირებული იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და იგი, აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, მისი ქმედება მოცემულის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით მართებულად არის დაკვალიფიცირებული და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, საქმის მასალებით არ იკვეთება.

15. ამდენად, მსჯავრდებულ შ. ქ-ს ეპიზოდში ბრალდების მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ მეორე გასაჩივრებულ საკითხს, შ. ჯ-ს ეპიზოდს, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე შ. მ-სა და ა. ც-ს ედავება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობას, კერძოდ, რომ:

17. 2021 წლის აპრილში, ა. ც-ე და შ. მ-ი, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, თავის და ლ. ო-სათვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, გ-ს რაიონის სოფელ ს-ში, შ. ჯ-ს საცხოვრებელ სახლში, შეხვდნენ შ. ჯ-ს. აღნიშნულ შეხვედრაზე შ. მ-მა და ა. ც-მ, ,,ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად, განიხილეს შ. ჯ-სა და ლ. ო-ს შორის არსებული დავა და შ. ჯ-ს დააკისრეს 1000 აშშ დოლარის გადახდა. 2021 წლის 24 აპრილს, შ. ჯ-მა შეასრულა მისთვის დაკისრებული ვალდებულება და შ. მ-ს გადასცა 1000 აშშ დოლარი, რომლიდანაც 200 აშშ დოლარი გაინაწილეს: ა. ც-მ და შ. მ-მა, ხოლო დარჩენილი თანხა გადასცეს მ. ო-ს.

18. ზემოაღნიშნული ფაქტების დასადასტურებლად პროკურორი უთითებს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებზე; ამასთან, საქმეში ბრლდების მხარის მიერ წარმოდგენილია დაზარალებულ შ. ჯ-სა და მოწმეების: მ. ო-სა და გ. ბ-ს ჩვენებები, რომელთა ანალიზით, არ დასტურდება პროკურორის მითითება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე.

19. წარმოდენილი საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ შ. ჯ-ს ნამდვილად ჰქონდა ლ. ო-სთვის მისაცემი 1000 აშშ დოლარი, მაგრამ ხსენებული დავალიანების გადახდის (ამოღების) მიზნით, ლ. ო-ს რომ მიემართა ,,კანონიერი ქურდებისთვის,“ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით არ იკვეთება. ასევე დაუდასტურებელია შ. მ-სა და ა. ც-ს მიერ აღნიშნული საკითხის ,,ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად გადაწყვეტის ფაქტიც.

20. დაზარალებულ შ. ჯ-ს ჩვენებით, დადგენილია, რომ იგი 2021 წლის აპრილში დაუკავშირდა ლ. ო-ს და უთხრა, რომ მათ შორის არსებულ სადავო თანხას, მის ვალს – 1000 აშშ დოლარს აგვისტოში დაუბრუნებდა. ამის შემდეგ, მასთან ლ. ო-ს სახელით მივიდა ა. ც-ე და უთხრა, რომ მისი ვალი ლ. ო-ს შეწირული ჰქონდა ერთ-ერთი მშენებარე ეკლესიისთვის და მამაშვილურად სთხოვა, რომ შეწირული თანხა დროულად გადაეცა ეკლესიისთვის, რადგანაც მშენებლობისთვის თანხა იყო საჭირო. მართალია, შ. ჯ-ს გადაწყვეტილი ჰქონდა თანხის ლ. ო-სთვის აგვისტოში დაბრუნება, მაგრამ რადგან უთხრეს, რომ ხსენებული თანხა ეკლესიის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, დაახლოებით ორ კვირაში სხვადასხვა გზით მოიძია თანხა და გადასცა ლ. ო-ს სახელით მასთან მისულ, შ. მ-ს.

21. გ. ბ-ს ჩვენების მიხედვით, 2021 წლის ივნისში, მობილური ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც უთხრა, რომ იყო ა. ც-ე და მას სურდა ბიძამისთან, შ. ჯ-თან შეხვედრა. იგი შეხვდა ა. ც-ს და ერთად მივიდნენ შ. ჯ-ს სახლში, სადაც ა. ც-სა და ბიძამისს შორის, მისი თანდასწრებით, წარიმართა საუბარი (ლ. ო-სთვის ბიძამისის მხრიდან გადასახდელი ვალის თაობაზე). ა. ც-მ ბიძამისს უთხრა, რომ ლ. ო-მ მისთვის მისაცემი თანხა შესწირა ეკლესიას და მას ეს თანხა – 1000 აშშ დოლარი – ეკლესიისთვის უნდა გადაეცა. ა. ც-სა და შ. ჯ-ს შორის საუბარი იყო მშვიდი, ძალადობას, მუქარას, შედავებას, ან მსგავს ქმედებას, ა. ც-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. შ. ჯ-ი ა. ც-ს დაჰპირდა, რომ თანხას მოიძიებდა და მისცემდა.

22. ამასთან, სასულიერო პირის, მ. ო-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 15 წელზე მეტია, რაც იცნობს ა. ც-ს. იგი მათთან, მონასტერში ხშირად დადის. ვინაიდან, თავად გ-ან შორს მსახურობს, 2021 წლის აპრილში ა. ც-ს სთხოვა შ. ჯ-სგან ეკლესიის მშენებლობისთვის ლ. ო-ს მირ შეწირული თანხის – 1000 აშშ დოლარის აღება. დაახლოებით ერთ თვეში, ა. ც-მ შ. ჯ-სგან აღებული თანხა – 1000 აშშ დოლარი სრულად მიუტანა და გადასცა მას, რაც შემდეგ, თავის მხრივ, სრულად ეკლესიის მშენებლობას მოხმარდა.

23. ამდენად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შინაარსით, არ დასტურდება შ. მ-სა და ა. ც-ს მიერ აღნიშნული საკითხის ,,ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მოგვარება/გადაწყვეტის ფაქტი.

24. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებს, მასში არსად ფიქსირდება, რომ შ. ჯ-ი უარს აცხადებს ვალის დაბრუნებაზე, პირიქით, ამ ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ იგი თანახმაა თანხის დაბრუნებაზე და მის მოძიებას ცდილობს.

25. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ იკვეთება, ისეთი ხერხების გამოყენება, რაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისთვის არის დამახასიათებელი, მაგალითად, დაშინება, მუქარა, იძულება, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენება ან სხვა სახის უკანონო ქმედება.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ვერ დადასტურდა, შ. მ-სა და ა. ც-ს მიერ ხსენებულ ეპიზოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი და შესაბამისად, საკასაციო პალატას ამ ნაწილში მიაჩნია, რომ კასატორის საჩივარი არ არის საფუძვლიანი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

27. ამასთან, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).

28. რაც შეეხება მსჯავრდებულ შ. ქ-ს, როგორც აღინიშნა, იგი ითხოვს, რომ:

საკასაციო სასამართლომ განიხილოს მის მიმართ არსებული ორივე სისხლის სამართლის საქმე და თავისუფლების აღკვეთაში ყოფნის 1 წელი (2021 წლის 14 ივნისიდან 2022 წლის 13 ივნისამდე) ჩაუთვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრით დაკისრებულ, მოსახდელ სასჯელში (3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაში; გასაჩივრებული გადაწყვეტილება).

29. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ მოთხოვნასთან მიმართებით, შ. ქ-ს უთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მას პასუხი გაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს წერილით (07/03/2024).

30. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით: შ. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სხვა ბრალდების ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში. მასვე, იმავე განაჩენით, განემარტა კანონით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების უფლება (საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად).

31. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში, ესე იგი, გასაჩივრებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდება), სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა იმ პატიმრობის პერიოდის სასჯელში მოხდილად ჩათვლაზე, რომელზეც შ. ქ-ს მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი.

32. მაშასადამე, მსჯავრდებულ შ. ქ-ს მოთხოვნას მისი უსაფუძვლობის გამო, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.

34. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიასა და მსჯავრდებულ შ. ქ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი