Facebook Twitter

საქმე # 260100115793826

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე N369აპ-24 ქ. თბილისი

კ-ა რ. 369აპ-24 23 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რ. კ-ს, დაბადებულს ... წელს, ბრალად დაედო:

1.1. სამშობლოს ღალატი – ესე იგი, ქმედება, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქემ განზრახ ჩაიდინა საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული ხელშეუხებლობის, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიოანოს საზიანოდ, აგრეთვე შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია);

1.2. ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევა – ესე იგი, განზრახი მოქმედება ეროვნული მტრობისა და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე მოქალაქეთა ეროვნული კუთვნილების მიხედვით, მათი უფლებების პირდაპირი შეზღუდვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ და რომელსაც მოჰყვა ადამიანთა დაღუპვა და სხვა მძიმე შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის პირველი, მეთერთმეტე და მეთერთმეტე პრიმა ნაწილით (1961 წლის რედაქცია);

1.3. ბანდიტიზმი – ესე იგი, შეიარაღებული ბანდის ორგანიზება სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე ასეთ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია);

1.4. განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი და რამდენიმე პირისა, განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 17.104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით (1961 წლის რედაქცია);

1.5. ადამიანის მოტაცება და თავისუფლების სხვაგვარად, უკანონოდ აღკვეთა ანგარებითა და სხვა ქვენაგრძნობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია);

1.6. პირის მძევლად ხელში ჩაგდება და დაკავება, რასაც თან ერთვის მოკვლის მუქარა იმ მიზნით, რომ აიძულონ ფიზიკური პირი, შეასრულოს რაიმე მოქმედება, რაც მძევლის განთავისუფლების პირობაა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1331-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია);

2. ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

საქართველოს მოქალაქემ, რ. კ-მ, 1992 წლის აგვისტოში აფხაზ სეპარატისტთა მიერ ინსპირირებული შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, ა-ს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ო-ს რაიონის სოფელ ფ-ში შექმნა ს-ს მოქალაქე აფხაზი ეროვნების ადგილობრივ მკვიდრთაგან: ზ. ფ-ს, ნ. ფ-ს, რ. ჩ-ს, დ. კ-ს, ვ. კ-ს, ვ. ვ-ს, მ. ფ-სა და სხვა სამასამდე პირისაგან – შემდგარი საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი მყარად ორგანიზებული ბანდიტური დაჯგუფება, ე.წ. „ფოქვეშის ბატალიონი“ და გახდა მისი მეთაური. მათ უკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და ატარებდნენ ავტომატურ და სხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს, აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო შენაერთების, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ მოწყობილ შეიარაღებულ თავდასხმებში ო-ის რაიონის ტერიტორიაზე, აწიოკებდნენ მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას. ბანდიტურმა დაჯგუფებამ რ. კ-ს მეთაურობით, ამ გზით ჩაიდინა, როგორც სამშობლოს ღალატი, ბანდიტიზმი, ასევე სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაული, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული ხელშეუხებლობის, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ, საქართველოს რესპუბლიკიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ძალადობის გზით გამოყოფისათვის, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების დამხობისა და იქ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისათვის.

ო-ს რაიონის სოფელ ბ-ს, ხოლო შემდეგ – ფ-ს ტერიტორიაზე რ. კ-ს ბანდიტურ დაჯგუფებას მოწყობილი ჰქონდა ე.წ. შტაბი, სადაც მიჰყავდათ ქართველი ეროვნების ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხოლოდდამხოლოდ ეროვნული კუთვნილების გამო, რ. კ-ა და მისი დაჯგუფების წევრები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართველებს ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მათ სახლ-კარს მითითებულ სოფლებში. უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მშვიდობიან ქართველებს: რ. ხ-ს, ხ. ბ-ს, ხ. ხ-ს, ვ. ხ-ს, მ. ხ-ს, ი. ხ-სა და სხვებს, ე.წ. შტაბის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღიურად, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მათი ეროვნული კუთვნილების გამო, უფლებების პირდაპირი შეზღუდვით, ამყოფებდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ მდგომარეობაში. ცემა-წამების პარალელურად, რ. კ-ს მეთაურობით მოქმედმა დაჯგუფებამ დახვრიტა ქართველი ეროვნების ბუღალტერი, ასევე ვ. და ი. ხ-ები.

ო-ს რაიონის სოფლების ბ-ს, ხოლო შემდეგ ფ-ს ტერიტორიაზე რ. კ-ს ბანდიტურ დაჯგუფებას მოწყობილი ჰქონდა ეგრეთწოდებული შტაბი, სადაც მიჰყავდათ ქართველი ეროვნების ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული კუთვნილების გამო, რ. კ-ა და მისი დაჯგუფების წევრები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართველებს ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით. ბანდიტური თავდასხმების მოწყობის დროს რ. კ-ა და მისი დაჯგუფების წევრები იტაცებდნენ ქართველთა ქონებას სოფლებში: ო-ში, ბ-სა და ფ-ში, ცეცხლის წაკიდებით გაანადგურეს ვ. ხ-სა და სხვა ქართველების სახლ-კარი.

ო-ს რაიონის სოფელ ბ-ს, ხოლო შემდეგ ფ-ს ტერიტორიაზე რ. კ-ს ბანდიტურ დაჯგუფებას მოწყობილი ჰქონდა ეგრეთწოდებული შტაბი, რომელშიც მიჰყავდათ ქართველი ეროვნების ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული კუთვნილების გამო, რ. კ-ა და მისი დაჯგუფების წევრები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართველებს ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მათ სახლ-კარს მითითებულ სოფლებში. უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მშვიდობიან ქართველებს: რ. ხ-ს, ხ. ბ-ს, ხ. ხ-ს, ვ. ხ-ს, მ. ხ-ს, ი. ხ-სა და სხვებს ე.წ. შტაბის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღიურად, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მათი ეროვნული კუთვნილების გამო, ამყოფებდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ მდგომარეობაში მათი უფლებების პირდაპირი შეზღუდვით. ცემა-წამების პარალელურად, რ. კ-ს მეთაურობით მოქმედმა დაჯგუფებამ დახვრიტა ქართველი ეროვნების ბუღალტერი, ასევე – ვ. და ი. ხ-ები.

1992 წლის 13 დეკემბერს, რ. კ-ს დაჯგუფებამ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ხ. ბ-ს, რომელიც მიიყვანეს სოფელ ბ-ში ბ. ბ-ს სახლში მოწყობილ შტაბში, ხოლო 29 დეკემბერს გადაიყვანეს სხვა ქართველებთან ერთად სოფელ ფ-ში ვ. მ-ს სახლში არსებულ შტაბში. მათ ანალოგიური ქმედება ჩაიდინეს კიდევ ერთი მშვიდობიანი ქართველის, რ. ხ-ს მიმართ. ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული კუთვნილების გამო, რ. კ-ა და მისი დაჯგუფების წევრები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ: რ. ხ-ს, ხ. ბ-სა და სხვა ქართველებს ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, ამყოფებდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ მდგომარეობაში მათი უფლებების პირდაპირი შეზღუდვის გზით. ცემა-წამების პარალელურად, რ. კ-ს მეთაურობით მოქმედმა დაჯგუფებამ დახვრიტა ქართველი ეროვნების ბუღალტერი, ასევე ვ. და ი. ხ-ები.

1992 წლის 23 ნოემბერს რ. კ-მ და მისი დაჯგუფების წევრებმა: ა. , რ. და ჯ. ჯ-ებმა, ზ. კ-მ, ზ. ფ-მ და სხვებმა ო-ს რაიონის სოფელ ო-ს ტერიტორიაზე, ტყის განაპირას, მძევლად ხელში ჩაიგდეს არასრულწლოვანი გ. ვ-ს ძე ხ-ა. მძევლადხელშიჩაგდებული პირის ოჯახს, შვილის მოკვლის მუქარით, რ. კ-მ მოსთხოვა გამოსასყიდი თანხა და ხუთი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. მძევალი 1992 წლის 20 დეკემბრამდე იმყოფებოდა ტ-ს მილიციის შენობაში, რის შემდეგაც, იგი გაიცვალა აფხაზი ეროვნების ო. ჩ-ზე.

3. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

რ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (1961 წლის მოქმედი რედაქცია):

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით, სსკ-ის 75-ე მუხლის პირველი, მეთერთმეტე და მე-111 ნაწილებით, სსკ-ის 78-ე მუხლით, სსკ-ის 17.104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით, სსკ-ის 133-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში;

რ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1331-ე მუხლით (1961 წლის მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც საქართველოს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. კ-ს დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყება, განაჩენის აღსრულების გამო მისი დაკავების მომენტიდან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ – დიმიტრი ხვიტიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი რ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – პროკურორი დიმიტრი ხვიტია ითხოვს:

გაუქმდეს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი რ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის პირველი, მე-11 და მე-111 მუხლებით (1961 წლის რედაქცია) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 17.104-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (1961 წლის რედაქცია) – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ასევე ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში რ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1331-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელის ნაწილში და მას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და რ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით, შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმის სასამართლში განხილვის დროს მოწმეებმა: ვ. ხ-მ, ს. ხ-ა-ხ-მ, რ. ხ-მ და ხ. ბ-მ დაადასტურეს, რომ აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებისთანავე ო-ს რაიონის სოფელ ფ-ში შეიქმნა უკანონო აფხაზური შეიარაღებული ფორმირება ,,ფოქვეშის ბატალიონი,“ რომლის წევრებიც აწიოკებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, წვავდნენ მათ სახლ-კარს, ატყვევებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ქართველები. რ. ხ-მ და ხ. ბ-მ ტყვეობაში ყოფნისას გაიგეს, რომ აფხაზთა დაჯგუფებას რ. კ-ა მეთაურობდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 26 ივნისის განაჩენში (ზ. და ნ. ფ-ების საქმეზე), ,,ფოქვეშის ბატალიონის“ მეთაურად დასახელებულია რ. კ-ა.

5.2. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მკაცრი შეფასების გარეშე დატოვა ის მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც თან ახლავს ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და მსჯავრდებულ რ. კ-ს ნაკლებად მკაცრი სასჯელი განუსაზღვრა.

6. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, ადვოკატმა მ. ბ-მ წარმოადგინა შესაგაბელი, რომლითაც ითხოვა, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად. დაცვის მხარის პოზიციით, რ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია), კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

8. საკასაციო პალატა, საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, მსჯელობს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის ნაწილში და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით, რ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით, სსკ-ის 75-ე მუხლის პირველი, მეთერთმეტე და მე-111 ნაწილებით, სსკ-ის 78-ე მუხლით, სსკ-ის 17.104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებითა და სსკ-ის 133-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებები (1961 წლის მოქმედი რედაქციით) უტყუარად არ დასტურდება, კერძოდ:

9. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკითხვის დროს, არცერთს დაუდასტურებია ზემომითითებულ დანაშაულებში უშუალოდ რ. კ-ს მონაწილეობის ფაქტი; კერძოდ, საქმეში არ წარმოდგენილა თვითმხილველი მოწმე, რომლის ჩვენების შინაარსი პირდაპირი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას შექმნიდა; რაც შეეხება პროკურორის მიერ დასახელებულ მტკიცებულებებს:

10. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ვ. ხ-მ განმარტა, რომ 1992 წლის 23 ნოემბერს, როდესაც მისი შვილი – გ. ხ-ა – გაიტაცეს აფხაზმა ,,ბოევიკებმა“, იმყოფებოდა სახლში. მისი რძალი გამოაგზავნა რ. კ-მ და ითხოვდა 10 000 მანეთს და 4 ავტომატს. რ. კ-ს იცნობდა შორიდან, გამარჯობით. მისი შვილის გატაცებიდან ორ თვეში, შეხვდა რ. კ-ს სოფელ ო-ს ტყეში. ოთხნი იყვნენ და რ-მა უთხრა, ,,ფული და ავტომატი მოგვეცი და შენს შვილს მოგცემთო.“ მეორედ, რ. კ-ს შეხვდა სოფელ ბ-ში, მიიყვანა აფხაზი ეროვნების პიროვნება, სახელად – ,,ოთარი“ და წამოიყვანა მისი შვილი.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ. ხ-მ განმარტა, რომ ის მოწმის სახით გამოკითხულია, როგორც ს. . მას ს-საც ეძახიან. 1992 წლის 23 ნოემბერს მისი არასრულწლოვანი შვილი – გ. ხ-ა – გაიტაცეს აფხაზმა ,,ბოევიკებმა“, რომლებსაც რ. კ-ა მეთაურობდა. ამის შესახებ შეიტყვეს მისი ძმის, გ. ხ-სა და რძლისგან. რ. კ-მ შეუთვალა ოჯახს, შვილის გათავისუფლების სანცვლოდ, გადაეხადათ ფული და მიეცათ ავტომატები. მას მეუღლე ყველაფერს არ უყვებოდა, რათა არ ენერვიულა. საბოლოოდ, გ. აფხაზი ეროვნების ბიჭზე გაცვალეს.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე რ. ხ-მ განმარტა, რომ მასთან სახლში მივიდნენ და ტყვედ წაიყვანეს. აფხაზები იყვნენ. ერთი იყო გვარად კ-ე. როგორც იცის, იგი ამჟამად გარდაცვლილია. ტყვედ იმყოფებოდა სოფელ ფ-ში, თავიდან 7 პირთან ერთად, მაგრამ ერთი მოკლეს და დარჩენილ, ექვს პირთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანის ფარეხში. კართან ერთი-ორი კაცი სდარაჯობდა, მაგრამ იქვე, ახლოს, იყო შტაბი, რომელშიც იმყოფებოდა ფეხმოჭრილი ჩეჩენი, გ-ი. საჭმელი არ ჰქონდათ, კბილები ჩაუმტვრიეს, ექვსივე პიროვნებას ჩაქუჩი ურტყეს. ტყვეობაში ექვსთვენახევარი იყო, ხოლო შემდეგ მოახერხა გაქცევა. გაგებული აქვს, რომ ფოქვეშის ბატალიონს ხელმძღვანელობდა რ. კ-ა. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და ტვინის შერყევის ნიშნები ჰქონდა. საავადმყოფოშიც იწვა. შესაბამისად, ყველაფერი არ ახსენდება.

13. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ხ. ბ-მ განმარტა, რომ 1992 წელს გაიტაცეს აფხაზი ეროვნების პირებმა, დაახლოებით 10 კაცი იყო და ორი კვირის შემდეგ გადაიყვანეს ფოქვეშში, სადაც იმყოფებოდა, დაახლოებით, თვენახევარი. მას სცემდნენ და აწამებდნენ. ნ. ხ-ა ტყვედ აიყვანეს და მეორე დღესვე მოკლეს. ი. ხ-ა იცის, რომ აფხაზებმა მოკლეს. სამხედრო დაჯგუფებას ხელმძღვანელობდნენ: კ-ები და დ-ები, ასევე რ. კ-ა, რომელიც სოფელში იყო თავკაცი და ყველა მის სიტყვას ასრულებდა. ტყვეობის პერიოდში მასთან უშუალო შეხება არ ჰქონია. ბოლოს, ისინი იმყოფებოდნენ სოფელ ტ-ში, საიდანც გაცვალეს აფხაზი ეროვნების პირებზე და გაათავისუფლეს ტყვეობიდან.

14. მაშასადამე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, რ. კ-ს მიერ: სამშობლოს ღალატის, ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევის, ბანდიტიზმის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ადამიანის მოტაცება და თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებული არ არის; ხსენებულ მოწმეთა შინაარსი პირდაპირი ფორმით არ შეეხება ზემოჩამოთვლილ დანაშაულთა ობიექტური და სუბიექტური ნიშნების მტკიცებას (რომლებზეც პროკურორი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს). ი. ხ-ს მკვლელობასთან მიმართებით, მოწმე ხ. ბ-მ მიუთითა, რომ იცის, იგი აფხაზებმა მოკლეს. ამასთან, მოწეების: ვ. ხ-სა და ნ. ხ-ს ჩვენებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია რ. კ-ს მიერ უშუალოდ საქართველოს სსკ-ის 1331-ე მუხლის (მძევლად ხელში ჩაგდების) ჩადენის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საგანს მართალია, არ წარმოადგენს, მაგრამ საკასაციო პალატამ ისინი მოიხსენია ბრალდების შესახებ მტკიცებულებათა სრულყოფილად მიმოხილვის მიზნით (რადგან საკასაციო საჩივარში პროკურორმა მიუთითა ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებზეც).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის/პროკურორის მოთხოვნას გამამართლებელი განაჩენის შეცვლის ნაწილში და აღნიშნავს, რომ როდესაც საქმეში წარმოდგენილ მასალათა ნაწილი ჰბადებს მნიშვნელოვანი სახის კითხვებს და საეჭვოდ აქცევს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (ე.წ. ,,In dubio pro reo“ პრინციპი).

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282) და მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77).

17. რაც შეეხება რ. კ-სათვის დანიშნულ სასჯელს, როგორც აღინიშნა, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1331-ე მუხლით (1961 წლის მოქმედი რედაქცია), რისთვისაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც, საქართველოს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

18. საქართველოს სსკ-ის 1331-ე მუხლით (1961 წლის მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათ წლამდე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ დაუსაბუთებია სასჯელის მაქსიმალური ვადით გამოყენების მიზანშეწონილება, ხოლო ჩადენილი ქმედების სახიდან, მისი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

20. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქციით) და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ – დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე რ. კ-ს მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი