¹ 3კ/1130-01 30 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე,)
ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე
კასატორის თხოვნა: განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 28 მარტს სს “კ.-ის” აქციონერთა ერთმა ჯგუფმა: მ. დ-შვილმა, ლ. ს-შვილმა, ნ. ქ-შვილმა, ა. ხ-შვილმა და თ. ხ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს სააქციო საზოგადოება “კ.-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა 2000 წლის 24 აპრილის აქციონერთა კრებისა და 2000 წლის 25 მაისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმების გაუქმება. სარჩელის საფუძვლად მხარემ მიუთითა ის გარემოება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი სააქციო საზოგადოების 1998 წლის 5 მაისის კრების ოქმი და აღნიშნულის გამო სამეწარმეო რეესტრში უნდა გაუქმდეს ამ თარიღის შემდეგ არსებული ყველა ჩანაწერი და აღდგეს 1998 წლის 5 მაისამდე არსებული მდგომარეობა.
მოწინააღმდეგე მხარემ სარჩელი არ ცნო.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 15.2 მუხლის თანახმად დაუშვებელია საერთო კრების გადაწყვეტილებათა გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, ასევე მიუთითა ამავე კანონის 54.5 55.3 მუხლებზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა იმავე სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მხარედ _ მოპასუხედ უნდა ჩაება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო, რადგან დავის საგანია სამეთვალყურეო საბჭოს 2000 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება ა. ბ-შვილის დირექტორად დანიშვნის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაედგინა დავის საგანი და შესაბამისად _ სათანადო მოსარჩელე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტზე, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებანი არ შეაფასა, რითაც დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა.
სს “კ.-ის" აქციონერთა წარმომადგენელმა ნ. ჯ-შვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით სააპელაციო სასამართლოს შეეძლო თვითონ განეხილა საქმე და არ გადაეგზავნა პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად, რადგან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი იყო; სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტით გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მოპასუხედ უნდა ჩაება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო და მიუთითა “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 55.8-ე მუხლის “ვ" ქვეპუნქტზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას, რადგან ჯერ ერთი, აღნიშნული ნორმა ადგენს სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანებსა და კომპეტენციას, კერძოდ, დირექტორის დანიშვნისა და მისი გაწვევის წესს. ამ ნორმაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ დირექტორის დანიშვნასა და გაწვევასთან დაკავშირებულ დავაზე სასამართლოში მხარე სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოა. ამდენად, აღნიშნული ნორმა სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა. მეორე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეები შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო არ არის იურიდიული პირი და იგი არ შეიძლება საქმის განხილვაში ჩაბმული იყოს მხარედ. აქციონერებსა და სააქციო საზგადოებას შორის დავაში მხარე ყოველთვის საზოგადოებაა და არა სამეთვალყურეო საბჭო. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს “მეწარმეთა შესახებ”კანონის 55.8-ე მუხლის “ზ” პუნქტით, უფლება აქვს საერთო კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების სახელით დირექტორების წინააღმდეგ წარმართოს სამართლებრივი დავა, რადგან იგი, ამავე ნორმით, საზოგადოების წარმომადგენელია მაშინაც, როცა დირექტორს ნიშნავს, ხოლო სხვა შემთხვევებში სააქციო საზოგადოებას სასამართლოში წარმოადგენენ დირექტორები (“მეწარმეთა შესახებ კანონის” 56.3-ე მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე სამეთვალყურეო საბჭო სამართლებრივ დავაში სააქციო საზოგადოებისაგან დამოუკიდებლად, როგორც მხარე, არ გამოდის.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეუფასებლობის გამო, საქმე ხელახლა განსახილველად ისევ პირველ ინსტანციას უნდა დაუბრუნდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლისა და 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს ყოველთვის აქვს უფლება თვითონ განიხილოს საქმე და გადაწყვიტოს იგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ხელახალი განხილვისას სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში თვითონ უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “კ.-ის" აქციონერების წარმომადგენელ ნ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.