Facebook Twitter
3კ-1131-02

3კ-1131-02 7 ოქტომბერი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ღობის მოშლა, ჭიშკრის აღება და მისასვლელი გზის საერთო სარგებლობაში გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 21 ივნისს ლ. გ.-მ და გ. ა.-მ თ. გ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მათ მეზობლად მცხოვრებმა თამარ გ.-ემ საერთო სარგებლობის გზა გადაღობა, გაუკეთა ჭიშკარი, რითაც მოუსპო მას საკუთარ ეზოში და სახლში შესვლის საშუალება.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს ღობის და ჭიშკრის აღება და მისასვლელი გზის საერთო სარგებლობაში გადაცემა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო გზა გაცვლილია მათი აწ გარდაცვლილი მამების მიერ და მის საკუთრებას წარმოადგენდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, რკინის ჭიშკარი გადატანილ იქნა 6 მეტრით ქვემოთ და მისასვლელი გზა ამ ნაწილში დარჩა საერთო სარგებლობაში.

1999წ. 30 სექტემბერს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს 1999წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაფიქსირებული 6 მეტრის ნაცვლად ღობის 12 მეტრზე გადატანა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 1 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეთა თხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მოსარჩელეებმა ზემოთ მითითებულ განჩინებაზე შეიტანეს კერძო საჩივარი. ვინაიდან კერძო საჩივარი სსკ-ს 417-ე მუხლის დარღვევით პირდაპირ საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 27 დეკემბრის განჩინებით იგი შემდგომი განხილვის მიზნით დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმესთან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 29 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეთა კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 260-ე მუხლის შესაბამისად, მართალია, დასაშვებია გადაწყვეტილებაში აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორება, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა სცილდებოდა ამ მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, ისინი მოითხოვდნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული 6 მეტრის ნაცვლად ღობის 12 მეტრზე გადატანას, რაც გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას წარმოადგენდა და დაუშვებელი იყო.

ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება და განჩინებები შევიდა კანონიერ ძალაში.

2000წ. 2 ოქტომბერს ლ. გ.-მ და გ. ა.-მ თ. გ.-ის წინააღმდეგ ახალი სარჩელით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს ამ საქმეზე 1999წ. 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ბათილად ცნობა.

სარჩელის ავტორები ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების და ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდნენ სასამართლოს მიერ სკ-ს 174-182-ე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 134-ე მუხლების გამოუყენებლობას და ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას.

2000წ. 10 ოქტომბერს ლ. გ.-მ და გ. ა.-მ დამატებითი სასარჩელო განცხადებით იგივე მოთხოვნით (1999წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო) კვლავ მიმართეს სასამართლოს.

ვინაიდან მითითებული განცხადებები გადაწყვეტილების გაუქმების და ბათილად ცნობის შესახებ არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, ხოლო განმცხადებლებმა ხარვეზის შესავსებად მიცემულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს, ამიტომ 2000წ. 24 ნოემბრის განჩინებით განცხადებები დარჩა განუხილველად (სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები არ წარმოადგენდა სასარჩელო განცხადებას და იგი იყო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და გაუქმების შესახებ).

მითითებულ განჩინებაზე ლ. გ.-მ და გ. ა.-მ შეიტანეს კერძო საჩივარი, რაც არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმესთან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით გადაიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 5 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

2001წ. 13 თებერვალს ლ. გ.-მ და გ. ა.-მ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 5 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

2001წ. 7 მაისს ლ. გ.-მ და გ. ა.-მ თ. გ.-ის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს სადავო ღობის, ჭიშკრის აღება და მისასვლელი გზის საერთო სარგებლობაში გადაცემა, ასევე, მოცემულ საქმეზე 1999წ. 28 სექტემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსამართლეების: ნ. ჭ.-ის და მ. პ.-ის აცილება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 ივნისის განჩინებით განმცხადებლებს მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად.

რაიონულმა სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ წარმოდგენილი განცხადება არ ატარებდა არც სასარჩელო განცხადების და არც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნებს.

გ. ა.-მ და თ. გ.-მ 2001წ. 16 ივლისს ახალი განცხადებით მიმართეს სასამართლოს. მათ მოითხოვეს რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 სექტემბრის, 1999წ. 1 ოქტომბრის და 2000წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად და არაობიექტურად მოახდინა სარჩელის განხილვა და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 სექტემბრის განჩინებით განცხადება განუხილველად დარჩა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლებმა, მიუხედავად იმისა, რომ მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, ხარვეზი არ შეავსეს, ხოლო განცხადება არ აკმაყოფილებდა სსკ-ს 427-ე მუხლის მოთხოვნებს.

მოცემულ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი იმავე სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და იგი შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 სექტემბრის განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლებს არ ჰქონდათ დაცული სსკ-ს 427-ე მუხლის მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად მათ ხარვეზი არ შეავსეს, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ მათი განცხადება სწორად დატოვა განუხილველად.

2002წ. 14 ივნისს ლ. გ.-მ და გ. ა.-მ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორებმა მოითხოვეს რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილების, 1999წ. 1 ოქტომბრის განჩინების, თბილისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 27 დეკემბრის, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 იანვრის, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 29 თებერვლის და 2002წ. 20 თებერვლის განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები უკანონო და დაუსაბუთებელია და მოსამართლეთა მიერ დარღვეულია როგორც მატერიალური, ისე _ პროცესუალური ნორმების მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ლ. გ.-ის და გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებით განახლების შესახებ არ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განცხადების შემტანს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება არ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 ივნისის განჩინებით განცხადება მიჩნეულ იქნა რა ხარვეზიანად, განმცხადებლებს მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად. მიუხედავად აღნიშნულისა განმცხადებლებმა ხარვეზი არ შეავსეს, რის გამოც იმავე სასამართლოს 2001წ. 17 სექტემბრის განჩინებით განცხადება, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

სსკ-ს 429-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებლობის გამო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მიღებულ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, ხოლო ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად უგზავნის ზემდგომ სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ თავისი 2002წ. 30 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიჩნია რა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად კანონის დაცვით ის საქმის მასალებთან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით გადაუგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

სსკ-ს 419-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

მოცემულ შემთხვევაში ლ. გ.-ის და გ. ა.-ის კერძო საჩივრის თაობაზე 2002წ. 20 თებერვალს განჩინება გამოიტანა ზემდგომმა სასამართლომ. მან უცვლელად დატოვა ქვემდგომი სასამართლოს განჩინება გ. ა.-ის და ლ. გ.-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ეს განჩინება სსკ-ს 419-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე არ საჩივრდება.

აქედან გამომდინარე, ზემოთ მითითებულ განჩინებაზე ლ. გ.-ის და გ. ა.-ის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში, ანუ ასეთ განჩინებაზე შეიძლება სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია რაიონული სასამართლოს ისეთი განჩინება, რომლითაც განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. ასეთი განჩინების გასაჩივრებაც დასაშვებია, მაგრამ არა სააპელაციო და საკასაციო საჩივრით, არამედ კერძო საჩივრით. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება.

სსკ-ს 401-ე მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების გამო არ არსებობს მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა, რის გამოც იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

სსკ-ს 391-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ასევე დაუშვებელია საკასაციო საჩივარი 1999წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე და საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა განჩინებებზე, ვინაიდან ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო საკასაციო საჩივარში მითითებული განჩინებები საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ა.-ის და ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.