3კ-1133-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 7 ივლისს შპს კ/ბ “მ.-სა” და სს ,,კ.-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკრედიტივის გახსნაზე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ბანკის მიერ აპლიკაციისათვის გამოუთხოვარი, დეპონირებული აკრედიტივის გახსნა დადგენილი წესით. აკრედიტივი გაიხსნა 2000წ. 7 ივლისიდან 2000წ. 7 ნოემბრამდე 33716 აშშ დოლარზე სარგებლის წლიური 24%-ის გადახდის პირობით.
შპს კბ “მ.-ის” მიერ თანხა დეპონირებულ იქნა სკბ “კ.-ში”(ქ.მოსკოვი). ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულებაზე. შპს კ.ბ “მ.-მ” ვადის დადგომის შემდეგ ვალდებულების შესრულება მოსთხოვა სს “კ.-ს”, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა სს “მ.-ის” ანგარიშზე მოსკოვში კბ “კ.-ში”.
შპს “მ.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს და სს “კ.-ისაგან” მოითხოვა 36240.34 აშშ დოლარის გადახდა. მან მიუთითა, რომ ს.ს “კ.-ის” მიერ არ არის შესრულებული ვალდებულება, რადგან მისი ანგარიშები კბ “კ.-ში” დახურული იქნა თანხის გადარიცხვამდე, ჯერ კიდევ 2000წ. 6 ოქტომბერს.
2000წ. 16 აგვისტოს შპს “მ.-ისა” და თ. მ.-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 10000 აშშ დოლარზე წლიური 36%-ის სარგებლით. 2000წ. 15 ნოემბრამდე ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისთანავე შპს “მ.-მ” თ. მ.-ს მოსთხოვა ვალდებულების შესრულება. თ. მ.-ემ მიუთითა, რომ მე-3 პირის, ზ. მ.-ის, მიერ შესრულებულ იქნა ვალდებულება, კერძოდ, მან ვადაზე ადრე თანხა გადარიცხა ქ. მოსკოვში კბ “კ.-ში”. შპს “მ.-ის” ანგარიშზე. კბ “მ.-მა” სარჩელით მიმართაAსასამართლოს და თ. მ.-ისაგან მოითხოვა 10600 აშშ დოლარის გადახდა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელები გაერთიანდა. რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – სს “კ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა აკრედიტივის გახსნისა და მომსახურების ხარჯების _ 1126,98 აშშ დოლარის _ გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს კბ “მ.-ის” სარჩელი თ. მ.-ის მიმართ და მას დაეკისრა 260 აშშ დოლარის გადაუხდელი პროცენტის გადახდა.
მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა სარჩელები და სს “კ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33761 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ლარებში, ხოლო თ. მ.-ს დაეკისრა 10600 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ლარებში გადახდა.
პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ შესრულებულა შემდეგ გარემოებათაAგამო: სკ-ს 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 386-ე მუხლით შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით. მხარეთაAმიერ ხელშეკრულებაში დათქმული არ ყოფილა ვალდებულების შესრულების ადგილი, აქედან გამომდინარე, სს “კ.-სა” და თ. მ.-ს ვალდებულება უნდა შეესრულებინათ შპს კბ “მ.-ის” ადგილსამყოფელის მიხედვით.
პალატამ არ გაიზიარა ს.ს “კ.-ისა” და მ.-ის შემდეგი არგუმენტები: მათ სადავო თანხა გადარიცხეს კბ “მ.-ის” ანგარიშზე ქ. მოსკოვში კბ “კ.-ში”, რადგან საქმეში არსებობს კბ “კ.-ს” წერილი იმის თაობაზე, რომ 2000წ. 6 ოქტომბერს, შპს “მ.-ის” ანგარიშის დახურვის შემდეგ, ყველა საკორესპოდენტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა დაბრუნებულ იქნა გამგზავნისათვის.
პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება, რომ მოპასუხეებმა თანხა ჩარიცხეს მოსკოვში კბ “კ.-ში”, მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებული მაინც არ იქნება, რადგან ხელშეკრულებით დადგენილი არ ყოფილა ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი. ამით მოპასუხეება დარღვიეს 386-ე მუხლის მოთხოვნა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შესახებ. რუსული რუბლით გადახდის შემთხვევაშიც დარღვეულია 361-ე მუხლის მოთხოვნა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
კასატორთა აზრით, არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება შეასრულეს 361-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. Pპალატის მტკიცება იმის შესახებ, რომ სკ-ს 386-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ფულადი ვალდებულების შესრულებისას საეჭვოა შესრულების ადგილი. მოცემულ შემთხვევაში კი ვალდებულების შესრულებამდე ასეთს ადგილი არ ჰქონია. ვალდებულების შესრულება მოხდა მსესხებლისათვის ცნობილ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვით, რაც არ ეწინააღმდეგება არც ხელშეკრულების პირობებს და არც სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ უგულებელყო ამავე მუხლის მეორე ნაწილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვალდებულების შესრულება შესაძლებელია ასევე კრედიტორის ანგარიშზე ფულის ჩარიცხვით.
კასატორის განცხადებით, პალატამ მხედველობაში არ მიიღო კ/ბ “კ.-ს” წერილი კბ “გ.-ის” მიმართ, რომლის თანახმად ბანკ “მ.-ის” სასარგებლოდ მიღებულ იქნა შესრულებულად გადახდები რუსულ რუბლებში სს “კ.-ის” და მოქალაქე მ.-ის დავალიანების დასაფარავად.
კასატორი მიუთითებს, რომ “მ.-ი” “კ.-ს” წერილით (5.10.2000) სთხოვდა, რომ ანგარიშების დახურვის შემდეგ შემოსული თანხები მიემართაA დავალიანების დასაფარავად, რომელიც მას გააჩნდა მომსახურე ბანკის _ “კ.-ს” მიმართ. აღნიშნული წერილის სიყალბის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას განცხადება გააკეთა მოსარჩელემ, რის საფუძველზეც შეკითხვა გაეგზავნა “კ.-ს”, რომელმაც თავის პასუხებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ წერილის და თანხების მიღების ნამდვილობა.
კასატორი მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, იყო თუ არა განხორციელებული მოქმედება, და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რა გზით მოხდა შესრულება.
ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი.
ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
სკ-ს 386-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით. თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.
396-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით შესრულების ადგილი შეიძლება არ ემთხვეოდეს კრედიტორის საცხოვრებელ ადგილს. ეს ხდება მაშინ, თუკი კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.
მოცემული ნორმა ადგენს ვალის ანგარიშზე ჩარიცხვის ორ პირობას: 1. ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში უნდა მდებარეობდეს იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს. 2. კრედიტორი არ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი. თუ მოვალე თანხის ჩარიცხვას აპირებს კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე, ეს ცნობილი უნდა იყოს კრედიტორისათვის და ის არ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი.
თუკი კრედიტორს რამდენიმე ადგილზე აქვს გახსნილი საბანკო ანგარიში, მოვალემ შესრულება უნდა მოახდინოს იმ ანგარიშზე, რომელსაც კრედიტორი მიუთითებს. თუკი კრედიტორისათვის სულერთია, რომელ ანგარიშზე ჩაირიცხება ფული, მაშინ ნებისმიერ მათგანზე ჩარიცხვა უნდა ჩაითვალოს ფულადი ვალდებულების შესრულებად.
უდავოა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი მოცემულ შემთხვევაში საეჭვო იყო. როგორც მოპასუხე მიუთითებს, ფულადი ვალდებულების შესრულება მოხდა სხვა ქვეყანაში. აღნიშნულის შესახებ კრედიტორი ინფორმირებული არ ყოფილა და მისი ნება-სურვილი გათვალისწინებული არ ყოფილა.
კრედიტორს აქვს უფლება, ვალდებულების შესრულება მოითხოვოს იმ ადგილას ან იმ საბანკო ანგარიშზე, რომელზეც მას სურს. Kკრედიტორს აქვს უფლება, მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით ვალდებულების იძულებით შესრულება.
თუ მოპასუხე დაამტკიცებს, რომ მის მიერ განხორციელებულ მოქმედებას მოჰყვა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება, ეს შეიძლება გახდეს სხვა სამოქალაქო დავის საგანი. Mმის მიერ მითითებული გარემოებები, მოცემულ შემთხვევაში, ვერ გახდება სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონმდებლობის დაცვით არის მიღებული და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს ,,კ.-ის” და თ.მ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.