საქმე # 330100123007248123
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №506აპ-24 ქ. თბილისი
ა-ი ბ. 506აპ-24 26 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
1.1. ბ. ა-ი, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ა-ს შეეფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 6 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 29 მარტიდან.
1.3. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ა-მა ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა არაერთგზის; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII-ე თავით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ბ. (მ-ი) ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
· ბ. ა-მა უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება MDMB-4enPINACAს შემცველი ნივთიერება საერთო წონით 20,81 გრამი, რომლიდანაც 1,83 გრამ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, MDMB-4en-PINACA-ს შემცველ ნივთიერებას 2023 წლის 29 მარტს დღის საათებში, პირადად უკანონოდ ინახავდა ქ.თ-ში, შ. პ-ს ქუჩის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად; 1.01 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება MDMB-4en-PINACA-ს შემცველი ნივთიერება განათავსა ქ.თ-ში, ვ-ს დასახლებაში, მე-... მკრ. მე-... კვარტალში, N... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოფარეხის უკან მიწის გრუნტიან ზედაპირზე; 5,54 გრამი - ქ.თ-ში, ვ-ს დასახლებაში, მე-... მკრ. მე-... კვარტალში, N... კორპუსის მე-... სადარბაზოში, პირველ და მეორე სართულებს შორის ბაქანზე, მარცხენა კედელზე განთავსებულ სილქნეტის ინტერნეტსადენის ყუთში; 8,71 გრამი - ქ.თ-ში, ვ-ს დასახლებაში, მე-... მკრ. მე-... კვარტალში, N... კორპუსის მე-... სადარბაზოში, მე-... სართულზე კიბის ბაქანზე, მარჯვენა კედელზე განთავსებულ ინტერნეტსადენის ყუთში; 3.02 გრამი - ქ.თ-ში, წმ. ქ. დ-ის გამზირის ...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მე-... სართულზე ასასვლელი კიბის ქვეშ ბეტონის ფილის ზედაპირზე არსებულ ლოკაციაზე, რაც 2023 წლის 29 მარტს ამოიღეს ბ. ა-ს მონაწილეობით ჩატარებული ამოღებების შედეგად, ხოლო 0,7 გრამ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, MDMB4en-PINACA- ს შემცველ ნივთიერებას, ასევე 2 ცალ მინისა და 1 ცალ ხის მოსაწევ მოწყობილობაში არსებულ ამავე ნივთიერების დანაშრევს 2023 წლის 29 მარტს უკანონოდ ინახავდა ქ.თ-ში, წმ.ქ. დ-ის გამზირის, N...-ში მდებარე N... ბინაში, რაც ამოიღეს ხსენებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
· ბ. ა-მა შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება MDMB-4en-PINACA-ს შემცველი ნივთიერება საერთო წონით 18,28 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა, მან აღნიშნული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, კერძოდ, 1.01 გრამი განათავსა ქ.თ-ში, ვ-ს დასახლებაში, მე-... მკრ. მე-... კვარტალში, N... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოფარეხის უკან მიწის გრუნტიან ზედაპირზე; 5,54 გრამი - ქ.თ-ში, ვ-ს დასახლებაში, მე-... მკრ. მე-... კვარტალში, N... კორპუსში, მე-... სადარბაზოს პირველ და მეორე სართულებს შორის ბაქანზე, მარცხენა კედელზე განთავსებულ სილქნეტის ინტერნეტსადენის ყუთში; 8,71 გრამი - ქ.თ-ში, ვ-ს დასახლებაში, მე-... მკრ. მე-... კვარტალში, N... კორპუსის მე-... სადარბაზოში, მე-... სართულზე კიბის ბაქანზე, მარჯვენა კედელზე განთავსებულ ინტერნეტსადენის ყუთში; 3.02 გრამი - ქ.თ-ში, წმ. ქ. დ-ის გამზირის ...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მე-... სართულზე ასასვლელი კიბის ქვეშ ბეტონის ფილის ზედაპირზე არსებულ ლოკაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბ. ა-ს ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების ნაწილში მისი დანაშაულებრივი ქმედება ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და 2023 წლის 29 მარტს ხსენებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზემოაღნიშნულ მისამართებზე ბ. ა-ს მონაწილეობით ჩატარებული ამოღებების შედეგად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ბ. ა-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა, რომ ბ. ა-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა არაერთგზის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ხოლო, მეორე მხრივ, ცდილობდა, უკანონოდ გაესაღებინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII-ე თავით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს წარდგენილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
7. საქმეზე გამოძიება დაწყებულია შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის ე. ო-ს პატაკის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 29 მარტს მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით საქართველოს მოქალაქე ბ. ვ-ს ძე ა-ი არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და უკანონოს იძენს, ინახავს; ამავე ინფორმაციით, ბ. ა-ი ამჟამად იმყოფება ქ.თ-ში, შ. პ-ს ქუჩის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მას თან აქვს უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი ინახავს როგორც პირადად, ისე საცხოვრებელ ბინაში. ამ პატაკით ზემოაღნიშნული სამმართველოს უფროსისადმი მიმართვის შემდეგ გამომძიებელმა ლ. გ-მა მოწმის სახით გამოკითხა ე. ო-ი, ასევე ლ. გ-მა სამსახურეობრივი კომპიუტერის ანგარიშით pol.ge-ზე გადაამოწმა ბ. ა-ს მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მათ შორის, დადგინდა პიროვნება, საიტზე მოცემული ფოტოს მეშვეობით. აღნიშნულის შემდეგ საქმეზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი გამომძიებლების - მ. ჯ-ს, ზ. რ-ს, ლ. ფ-სა და ჯ. მ-ს მონაწილეობით. ისინი გაემართნენ გამომძიებელ ე. ო-ს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიღებულ მისამართზე. გამომძიებელ მ. ჯ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მისამართზე მისულებს დახვდათ ბ. ა-ი, რომელიც პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე შეეცადა გაქცევას, მაგრამ იგი პროპორციული ძალის საფუძველზე შეაჩერეს, მას პოლიციელებმა მოუწოდეს სიმშვიდისკენ, ხოლო დამშვიდების შემდეგ, წარედგინა დადგენილება მისი გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რასაც გაეცნო და დაადასტურა ხელმოწერით. 2023 წლის 29 მარტს, 13:23 საათიდან 13:55 საათამდე დროის შუალედში ბ. ა-ს მ. ჯ-მ ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად მსჯავრდებულის სპორტული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს მწვანე და თეთრი ფერის წებოვან ლენტებში შეხვეული ორ ცალ გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო ფერის მცენარეული მასა, ხოლო სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბიდან - დაზიანებული ეკრანის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ეკრანის გამხსნელი პაროლი მისი განმარტებით არის „9esTVm“. ასევე სპორტული შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ერთი ცალი 20-ლარიანი და ორი ცალი 5-ლარიანი კუპიურა, ხოლო ქურთუკიდან - მზის სათვალე. ამოღებული ობიექტები დაილუქა სპეციალურ პაკეტებში შესაბამისი წესით და მასზე გაკეთდა ჩხრეკაში მონაწილე პირების, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლების - ზ. რ-ს, ლ. ფ-ს, ჯ. მ-სა და თავად ბ. ა-ს ხელმოწერები. ამასთან, ბ. ა-მა ოქმზე გააკეთა შენიშვნა: „პირადი ჩხრეკისას ამოღებული მცენარეული მასა არის ბიო და მეკუთვნის მე.“ ასევე ჩხრეკის მიმდინარეობისას მოხდა ვიდეოგადაღება. პოლიციის თანამშრომლების - მ. ჯ-ს, ზ. რ-ს, ლ. ფ-სა და ჯ. მ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა მიმდინარეობისას ბ. ა-ი იყო ადეკვატური და ნარკოტიკული თრობა ვიზუალურად არ აღენიშნებოდა. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დროს მათ ეცვათ პოლიციის ფორმა. ბ. ა-ს პირადი ჩხრეკის დამთავრების შემდეგ გამომძიებელმა მ. ჯ-მ იგი გამოკითხა მოწმის სახით, რის შემდეგაც გამომძიებელ მ. ჯ-ს, დეტექტივების - ლ. ფ-ს, ჯ. მ-ს, ზ. რ-სა და ბ. ა-ს მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ბ. ა-ს მითითებით, კონკრეტულ მისამართზე, ავტოფარეხის უკან, მიწის გრუნტიან ზედაპირზე აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის წებოლენტში შეხვეული ნივთიერება, რაც მსჯავრდებულის განმარტებით, იყო ნარკოტიკული საშუალება და განთავსებული ჰქონდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნული ნივთიერება 2023 წლის 29 მარტს 14:52 საათიდან 15:10 საათამდე პერიოდში ამოიღეს ბ. ა-ს მონაწილეობით. ამის შემდეგ გაგრძელდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც, ბ. ა-ს მითითებით, მივიდნენ კონკრეტულ მისამართზე, სადაც პირველ და მეორე სართულებს შორის ბაქნის მარცხენა კედლის ზედაპირზე დამონტაჟებულ „სილქნეტის“ ინტერნეტსადენების ყუთში აღმოაჩენილ იქნა ხუთ ცალად დაფასოებულ წებოლენტში შეხვეული ნივთიერება, რაც მსჯავრდებულის განმარტებით, იყო ნარკოტიკული საშუალება და განთავსებული ჰქონდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნული ნივთიერება 2023 წლის 29 მარტს 15:16 საათიდან 15:45 საათამდე პერიოდში ამოიღეს ბ. ა-ს მონაწილეობით. ამის შემდეგ, გაგრძელდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მასში მონაწილე პირები ბ. ა-ს მითითებით ავიდნენ სადარბაზოს მე-3 სართულზე, სადაც ბაქანსა და მარჯვენა მხარეს კედელზე დამონტაჟებულ ინტერნეტსადენების ყუთში აღმოაჩინეს ხუთ ცალად დაფასოებულ წებოლენტში შეხვეული ნივთიერება, რაც მსჯავრდებულის განმარტებით, იყო ნარკოტიკული საშუალება და განთავსებული ჰქონდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნული ნივთიერება 2023 წლის 29 მარტს 15:50 საათიდან 16:15 საათამდე პერიოდში ამოიღეს ბ. ა-ს მონაწილეობით. ამის შემდეგ გაგრძელდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბ. ა-ს მითითებით მივიდნენ კონკრეტულ მისამართზე, სადაც მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ქვეშ არსებულ ბეტონის ფილის ზედაპირზე აღმოაჩინეს ერთ ცალად დაფასოებული ნივთიერება, რაც მსჯავრდებულის განმარტებით, იყო ნარკოტიკული საშუალება და განთავსებული ჰქონდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნული ნივთიერება 2023 წლის 29 მარტს 16:43 საათიდან 17:05 საათამდე პერიოდში ამოიღეს ბ. ა-ს მონაწილეობით. ამოღებული პაკეტები მასში მოთავსებული ნივთიერებით დაილუქა შესაბამისი წესით და მონაწილე პირთა ხელმოწერებით. როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის, ასევე ნარკოტიკული საშუალების ამოღების დროს მიმდინარეობდა ფოტოგადაღება. საგამოძიებო ექსპერიმენტის დამთავრების შემდეგ 2023 წლის 29 მარტს 17:07 საათზე ბ. ა-ი დააკავეს ბრალდებულის სახით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბ. ა-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ტელეფონში არსებული ფოტოგალერიის აპლიკაციაში ნანახი იქნა სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოსურათები. ფოტოსურათებში ასახულ ადგილებზე, ბ. ა-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის საფუძველზე, მისი მითითებით, დროის სხვადასხვა პერიოდში, ამოიღეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. საქმეზე გამომძიებელ ბ. ლ-ს მიერ ჩატარებული ბ. ა-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად (რომელშიც მონაწილეობდნენ დეტექტივები - გ. ჩ-ე, დ. გ-ა, განყოფილების უფროსის მოადგილე გ. ნ-ი და მოწმე თ. ბ-ი) სახლის აივანზე არსებული, მცირე ზომის მაგიდიდან, ამოიღეს ორ ცალ ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მცენარეული მასა, ერთ ცალ პაკეტში მოთავსებული მცენარეული მასა, შუშის სინჯარა, შუშის ჭიქა, ნამწვავი-ნარჩენი, ხის საცობი, მცირე ზომის შუშის ფლაკონი, რომლებზეც აღინიშნება ნივთიერების დანაშრევები. ამოღებული მცენარეული მასა და ნივთები დაილუქა სათანადო წესით. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დადასტურებულია მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ოქმზე შენიშვნის სახით მითითებულია: „ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და მცენარეული მასა არის ბ. ა-ს და იყენებდა პირადი მოხმარებისთვის.“ საგამოძიებო მოქმედებისას მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება. ის ფაქტი, რომ ბ. ა-ს პირადი ჩხრეკის, მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისა და მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენდა ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, კერძოდ, MDMB-4enPINACA-ს, დადგენილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნით.
8. უსაფუძვლოა ადვოკატ ნ. ს-ს მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება ბ. ა-ს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ეპიზოდში გამართლებასთან დაკავშირებით, თითქოსდა, ბ. ა-ი გამოძიებაში მიცემული ჩვენების დროს იყო ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ; შესაბამისად, მისი ჩვენების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და ექსპერიმენტის შედეგად ამოღებულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე გაკეთებული შენიშვნა, რომ მან აღნიშნული ნივთიერებები კონკრეტულ ადგილებზე გასაღების მიზნით განათავსა, სასამართლომ მსჯავრდებულის მამხილებელ არგუმენტად არ უნდა გამოიყენოს.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბ. ა-ს მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების MDMB-4en-PINACA-ს შეძენა-შენახვის ფაქტს თავად დაცვის მხარეც არ უარყოფს და განმარტავს, რომ ვინაიდან მსჯავრდებული არის ზემოაღნიშნული ნივთიერებების აქტიური მომხმარებელი, ხსენებული ნივთიერება სხვადასხვა ადგილას შენახული ჰქონდა მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით, რაც ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლელულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. კერძოდ, საქმეზე დაკითხულ პოლიციელთა - მ. ჯ-ს, ზ. რ-ს, ლ. ფ-ს, ჯ. მ-ს ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ მსჯავრდებული საპროცესო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს იყო ადეკვატური და ნარკოტიკული თრობა ვიზუალურად არ აღენიშნებოდა, რაც ასევე გამყარებულია პირადი ჩხრეკის დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების N.. დასკვნით. ამასთან, საქმეზე გამოკვლეული ბ. ა-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ფოტოსურათში ასახული ადგილებიდან ამოიღეს ბ. ა-ის მითითებით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. მნიშვნელოვანია შპს „კოინმანიადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბ. ა-მა 2022 წლის 9 ივნისიდან 2023 წლის 29 მარტამდე დროის შუალედში ,,ლიტკოინის“ ციფრული ვალუტა აქცია/დააკონვერტირა ეროვნულ ვალუტად, რომელიც შეადგენს 22889.1446 ლარს მსჯავრდებულის უმუშევრობის პირობებში.
10. საკასაციო სასამართლო, დაცვის მხარის პოზიციიდან გამომდინარე, ბ. ა-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მსჯავრდებულის მამხილებელ მტკიცებულებად არგამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნულ საკითხზე განმეორებითი მსჯელობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების - ე. ო-ს, ლ. გ-ს, მ. ჯ-ს, ზ. რ-სა და სხვათა ჩვენებებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბ. ა-სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა და მას განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ბ. ა-ს ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. მსჯავრდებულის მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენაში.
13. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი