საქმე # 330100120003639954
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №622აპ-24 ქ. თბილისი
ც-ე ბ. 622აპ-24 26 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი კავსაძისა და მსჯავრდებულ ბ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ც-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივნისს, - ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის, შეკვეთით; ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება; მარიხუანის უკანონო შენახვა; ხოლო გ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის, შეკვეთით; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· უ-ს ტერიტორიაზე დაიგეგმა ს-ს მოქალაქეების, ტყუპი ძმების - გ. და დ. ფ-ების მკვლელობა. აღნიშნული მკვლელობის მომზადება დაევალა უ-ს მოქალაქეს, ქ. ხ-ში მცხოვრებ ბ. მ-ს, რომელმაც ფულადი თანხის სანაცვლოდ, გ. და დ. ფ-ების მკვლელობა შეუკვეთა უ-ს მოქალაქე ს. კ-ს. იგი ბ. მ-ს დავალებით, 2019 წლის 14 ოქტომბერს, ჩამოვიდა ს-ში, რათა მკვლელობის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნის დეტალებზე შესათანხმებლად შეხვედროდა ამ დანაშაულის მომზადებასთან დაკავშირებულ პირებს და დაბინავდა ქ. თ-ში, კ-ს ქუჩის ... , ბინა ...-ში ნაქირავებ ბინაში.
· 2019 წლის 15 ოქტომბერს, ს. კ-მ, მობილურ ტელეფონში, ბ. მ-საგან მიიღო ტექსტური შეტყობინებები, რაც უკავშირდებოდა გ. და დ. ფ-ების მკვლელობის მომზადებას, კერძოდ, როდის და სად შეხვდებოდა პიროვნებას, რომელიც უზრუნველყოფდა ტყუპი ძმების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების შესახებ სათანადო ინფორმაციით და მოამარაგებდა მკვლელობის ჩასადენად საჭირო ცეცხლსასროლი იარაღით, ფეთქებადი ნივთიერებითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით.
· ბ. მ-საგან მიღებული მითითებების შემდეგ, 2019 წლის 16 ოქტომბერს, 20:15-22:15 საათამდე პერიოდში, თ-ში, რესტორან „თ-ს“ დარბაზში ს. კ-ს შეხვდა ბ. მ-ს ნდობით აღჭურვილი პირი, ს-ს მოქალაქე გ. ბ-ი, რომელიც გაეცნო სახელით „დ-ი“ და შეპირდა მას, რომ ტყუპი ძმების - გ. და დ. ფ-ების მკვლელობის ჩადენისათვის უზრუნველყოფდა მასა და მისი დაჯგუფების წევრებს ტყუპი ძმებისა და მათი ახლობლების საცხოვრებელი ბინების მისამართებით, გადაადგილების მარშრუტებით, ავტომანქანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით; ასევე - მკვლელობისათვის საჭირო ცეცხლსასროლი იარაღებით, ვაზნებით, ასაფეთქებელი მოწყობილობითა და ფეთქებადი ნივთიერებით.
· 2019 წლის 22 ოქტომბერს, გ. ბ-ი მივიდა ს. კ-ს მიერ თ-ში, კ-ს ქუჩის ... , ბინა N...-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, რა დროსაც გ. და დ. ფ-ების, ასევე მათი ოჯახის წევრების შესაძლო ადგილსამყოფელისა და გადაადგილების მარშრუტის საჩვენებლად, ს. კ-ს ჯერ თ-ს რუკაზე მოუხაზა და შემდგომ ადგილზე ჩვენების მიზნით „ტაქსით“ შემოატარა და დაათვალიერებინა აღნიშნული ტერიტორიები.
· 2019 წლის 24 ოქტომბერს, გ. ბ-ი კვლავ მივიდა ს. კ-ს ნაქირავებ ბინაში და მკვლელობის ჩამდენი ჯგუფის სხვა წევრების თ-ში დასაბინავებლად და მიმდინარე ხარჯებისათვის, ს. კ-ს გადასცა 4000 აშშ დოლარი და შეპირდა, რომ მომდევნო დღეებში მიუტანდა მკვლელობის ჩასადენად საჭირო ცეცხლსასროლ იარაღებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობას.
· 2019 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, გ. ბ-ი კვლავ მივიდა ს. კ-ს ახლად ნაქირავებ ბინაში, მდებარე თ-ში, პ. ქ-ს მე-... შესახვევში, N... კორპუსში, ბინა N... და ს. კ-ს გადასცა „აკმ-47-ის“ მოდელის 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხუთი ცალი მჭიდი ვაზნებით, ორი ცალი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდებითა და ვაზნებით. ასევე ვაზნები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისათვის და შეპირდა, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობას უახლოეს დღეებში ბინაში მიუტანდა თვითონ ან მისი ს-ში არყოფნის შემთხვევაში - სხვა სანდო პირი.
· 2019 წლის 23 ნოემბერს, ს-ს მოქალაქე ბ. ც-მ, ქ. თ-ში, ჭ. ა-ს გზატკეცილზე, რ. ბ-საგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 2 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა - „ელექტრო-დეტონატორი“ და აფეთქების საწარმოებელი, კუსტარული წესით დამზადებული - ელ. მოწყობილობა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და იმავე დღეს მიიტანა ს. კ-ს ახლად ნაქირავებ ბინაში, მდებარე თ-ში, ვ-ს ...-ლი კვარტალი, ...-ე კორპუსი, ბინა ...-ში და გ. და დ. ფ-ების მკვლელობის ჩასადენად ასაფეთქებელი მოწყობილობა მართლსაწინააღმდეგოდ გადასცა (გაასაღა) ს. კ-ს; ამასთან შეპირდა, რომ უახლოეს დღეებში მიუტანდა ძლიერ ფეთქებად ნივთიერებას.
· ბ. ც-მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 5 ერთეულ ფეთქებად ნივთიერება ტროტილის 200 გრამიან კოჭას (სულ 1000 გრამი), რაც შეპირებისამებრ, 2019 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე მართლსაწინააღმდეგოდ მიიტანა ს. კ-ს ნაქირავებ ბინაში და მართლსაწინააღმდეგოდ გადასცა (გაასაღა) ს. კ-ს, რაც (ხუთი ერთეული 200 გრამიანი ტროტილის კოჭა) ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ფეთქებად ნივთიერებას, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებით გამოსაყენებლად.
· 2020 წლის 28 იანვარს, თ-ში, რ. ხ-ს ქუჩის N... კორპუსში, მდებარე ბ. ც-ს ბინა N...-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღებუს სტაფილოსფერი პლასტმასის ქილა, წარწერით „Push Down & Turn“, მომწვანო ფერის ნივთიერების შიგთავსით. ასევე ოქროსფერთავსახურიანი შუშის ქილა, მომწვანო ფერის ნივთიერების შიგთავსით. ქიმიური და ბოტანიკური ექსპერტიზის დასკვნით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ სტაფილოსფერ პლასტმასის ქილაში, წარწერით „Push Down & Turn“, მოთავსებული მომწვანო ფერის ნივთიერება, მშრალ მდგომარეობაში წონით - 1.771 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას. ასევე, ოქროსფერთავსახურიან შუშის ქილაში მოთავსებული მომწვანო ფერის ნივთიერება, მშრალ მდგომარეობაში წონით - 7. 226 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას. ნარკოტიკულ საშუალება ორივე შემთხვევაში, საერთო წონით - 8.997 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. ბ. ც-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ბ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 28 იანვრიდან.
2.3. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით -საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.4. გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 28 იანვრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ც-მ ჩაიდინა ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება; მარიხუანას უკანონო შენახვა, ხოლო გ. ბ-მა - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირისა, შეკვეთით; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განაჩენით:
4.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის გიორგი კავსაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
4.2. დამტკიცდა პროკურორ გიორგი კავსაძესა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
4.4. გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი (მოსახდელი ნაწილი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 28 იანვრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განაჩენით:
5.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორმა - საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძრვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა გიორგი კავსაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ბ. ც-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება.
6.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ბ. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ჯ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განაჩენის გაუქმება და ბ. ც-ს გამართლება.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. ბ. ც-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება):
8.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ. ც-ს მხრიდან მარიხუანას უკანონო შენახვის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური და ბოტანიკური ექსპერტიზის №... დასკვნით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
9. საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით ბ. ც-ს ბრალდების ეპიზოდი:
9.1. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებასთან მიმართებით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და უთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ბ. ც-ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:
9.2. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის პოზიცია, თითქოს დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც, ბ. ც-მ, იმ პირებისაგან, ვინც ამზადებდა ძმებ ფ-ების მკვლელობას, იცოდა ამ მკვლელობის და იმის შესახებ, თუ რა დანიშნულებით მიუტანა ს. კ-ს ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა.
9.3. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზე (2019 წლის 23,26 ნოემბერი). დადგენილია, რომ როდესაც ს. კ-ა და ბ. ც-ე შეხვდნენ ერთმანეთს (2019 წლის 23,26 ნოემბერი), ბ. ც-მ ს. კ-ს გადასცა ასაფეთქებელი ნივთიერება და მოწყობილობა, მაგრამ მას ს. კ-სთან საუბრის დროს არ უხსენებია დ. და გ. ფ-ები, ასევე არ განუხილავთ მათი მკვლელობის ანდა აფეთქების დეტალები. მას საერთოდ არ აღუნიშნავს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მიუტანა ს. კ-ს, განკუთვნილი იყო დ. და გ. ფ-ების მკვლელობისთვის, ასევე არ უსაუბრიათ ვინმეს მკვლელობის მომზადებაზე. ამასთან დადგენილია, რომ საქმეზე დაკითხული მოწმემ რ. ბ-მ აჩვენა, რომ მას მობილურ ტელეფონზე მიუვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ დაერეკა მითითებულ ნომერზე. ის დაუკავშირდა ვინმე ბ. ც-ს და თ-ში ჩაიტანა ასაფეთქებელი ნივთიერება და მოწყობილობა, რომელიც გადასცა ბ. ც-ს. მოწმე რ. ბ-ს ჩვენებით, ბ. ც-სთან ვინმეს მკვლელობის მომზადებაზე საუბარი არ ყოფილა; მან თვითონაც არ იცოდა, რისთვის დაამზადებინეს და გადააცემინეს ბ. ც-სათვის ნივთები, შესაბამისად, ვერც ც-ს ეტყოდა ამის შესახებ.
9.4. შესაბამისად რჩება ერთადერთი მტკიცებულება - ბ. ც-სა და ს. კ-ს შორის გამართული საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას განსახილველ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საუბარია მხოლოდ ერთ მტკიცებულებაზე, რაც არაა საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ფაქტების მტკიცებისათვის. გარდა ამისა, თვითონ საუბრის შინაარსიც არ ტოვებს განცდას, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი გონივრული ეჭვი. საქმე ისაა, რომ ძირითადად საუბრობს არა ბ. ც-ე, არამედ ს. კ-ა. სწორედ ს. კ-ა უხსნის ბ. ც-ს, რომ უნდა ააფეთქონ ჯავშნიანი ავტომობილი, უხსნის მისთვის მიტანილი ნივთების მახასიათებლებს და ასე შემდეგ. ბ. ც-ე კი ძირითადად შემოიფარგლება ს. კ-ს შეკითხვებზე მოკლე თანხმობით (აჰა ან ჰო), რაც არაა გამორიცხული, გამოწვეული იყოს მისი მხრიდან არა ფაქტების რეალურად ცოდნით, არამედ, პირიქით, უცოდინრობისა და საკითხში გაურკვევლობის დაფარვის სურვილით ანდა უბრალოდ წარმოადგენდეს ზრდილობის გულისათვის წარმოთქმულ პასუხებს. უფრო მეტიც, ს. კ-ა ეუბნება რა ბ. ც-ს შემდეგ წინადადებას - „არა, შენ იკითხე ტროტილი, მე ამას ავიღებ, ეს ძალიან მაგარია, შეხედე, როგორც ვხვდები მათი ერთი მანქანა ჯავშნიანი არ არის“, ბ. ც-ე ამაზე პირდაპირ პასუხობს „მე არ ვიცი“.
9.5. საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც სააპელაციო პალატა, ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ს. კ-ა საქმის გამოძიებაში ჩართული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელია. აღნიშნულის გამო, ბუნებრივია, მისი შეკითხვებისა და ზოგადად საუბრის შინაარსი მიმართულია ბ. ც-ს მხილებისა და იმისი დადგენისაკენ, თუ რა ინფორმაციას ფლობს იგი. ასეთ პირობებში ბ. ც-საგან მიღებული კონკრეტული ინფორმაცია, მითუმეტეს, არ წარმოადგენს საკმარისს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ფაქტების მტკიცებისათვის. ამდენად, არ დასტურდება ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც დაადასტურებდა რომ ბ. ც-მ რაიმე იცოდა ძმებ ფ-ების მკვლელობის შესახებ და მონაწილეობდა მის მომზადებაში.
9.6. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და მსჯავრდებულ ბ. ც-ს ამ კონკრეტულ დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ბ. ც-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. ბ. ც-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები):
10.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ბ. ც-ის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად.
10.2. მოწმე რ. ბ-მ აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც ვ. ყ-ს დავალებით, დაამზადებინა ასაფეთქებელი მოწყობილობა და მოიპოვა საბრძოლო მასალა, იმავე წყაროდან მიიღო კონკრეტული ტელეფონის ნომერი და დავალება, დაერეკა ამ ნომერზე და მისი მფლობელისათვის თ-ში გადაეცა ეს ნივთები. აღნიშნული მოიყვანა კიდეც სისრულეში, რა დროსაც კარგად დაამახსოვრდა პიროვნება, ვისაც ნივთები გადასცა. სასამართლო სხდომაზე რ. ბ-მ არაორაზროვნად და დამაჯერებლად აჩვენა ისიც, რომ ეს პიროვნება იყო ბ. ც-ე, რომელსაც ნივთების გადაცემისას აუხსნა ამ ნივთების რაობა. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტები მოწმე ბ-მ დააკონკრეტა, მათ შორის, ჯვარედინი დაკითხვისას დაცვის მხარის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ; ადვოკატს ამ ჩვენების გაბათილების მიზნით, რაიმე მტკიცებულება არც წარმოუდგენია და არც ასეთის არსებობაზე მიუთითებია. მოწმე რ. ბ-ს ჩვენებას კიდევ უფრო მეტ სარწმუნოობას მატებს საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება, მათ შორის - ბინის ჩხრეკის ოქმები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის პიროტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნა.
10.3. რაც შეეხება ამოღებულ ნივთებზე მსჯავრდებულ ბ. ც-ს ბიოლოგიური, ხელის თითის ან სხვა რაიმე კვლების არარსებობას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულს დამაჯერებლად ხსნის მოწმე ს. კ-ს ჩვენება და ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები. ამ მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბ. ც-ე უკიდურესად ფრთხილობდა. იგი იცავდა კონსპირაციის ზომებს, ს. კ-საც კი არ ენდობოდა და მასთან, ორივე შემთხვევაში, სახედაფარულმა იურთიერთა. ამასთან, რაიმე გაუგებრობის გამორიცხვის მიზნით, ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილებინა ს. კ-ა. ის ყოველთვის ხმარობდა ხელთათმანებს და ამასვე სთავაზობდა ს. კ-ს. ამ პირობებში, ნივთებზე ბ. ც-ს კვლების არარსებობა ვერ იქნება განხილული, როგორც ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ადასტურებს მის უდანაშაულობას.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142); ამ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი კავსაძისა და მსჯავრდებულ ბ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი