საქმე # 190100122006451628
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№294აპ-24 30 ივლისი, 2024 წელი
ბ-ი ს. , 294აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუასა და მსჯავრდებულ ს. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ბ-მა ჩაიდინა: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, თუ ეს ნივთი გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 იანვარს, რ-ი, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შპს „მ-ს“ ფილიალში შპს „მ-სა“ და ს. ბ-ის შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება და ს. ბ-ს ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცა ავტომობილი „MERCEDES BENZ“, სახელმწიფო ნომრით – ,, ... ,“ რომლის ღირებულებაც, ამავე ხელშეკრულების თანახმად, განისაზღვრა 7500 ლარით;
აღნიშნული ავტომანქანა ს. ბ-მა ხელშეკრულების დასრულებამდე ო. მ-ს სასარგებლოდ გაფლანგა – უფლებამოსილების გარეშე, გადასცა მას, ვინც შპს ,,მ-ს“ კუთვნილი ავტომანქანა დაშალა, ნაწილებად გაყიდა და მიღებული თანხა მიითვისა, შედეგად, შპს ,,მ-ს“ მიადგა 7500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენით:
ს. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
ს. ბ-ი, დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით:
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუასა და მსჯავრდებულ ს. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენი ს. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – თინათინ სტურუა ითხოვს ს. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში ლიზინგის საგანი – ავტომობილი – წარმოადგენდა სხვის საკუთრებას, კერძოდ, ირიცხებოდა შპს ,,მ-ს“ საკუთრებაში. ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ნივთი მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში ჰქონდა ს. ბ-ს. ამ ვითარებაში, ს. ბ-მა სხვისი ნივთი, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებისა და ავტომანქანის გადაცემის დღესვე მესამე პირს, ო. მ-ს მისცა. თავის მხრივ, ო. მ-მა ხსენებული ავტომანქანა დაშალა და ნაწილებად გაასხვისა. გასათვალისწინებელია, რომ ს. ბ-ი ავტომანქანის ბედითა და სალიზინგო თანხის გადახდით არ დაინტერესებულა.
5. კასატორი – მსჯავრდებულ ს. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. გ-ე – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ს. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ს. ბ-ის ქმედება არ შეიცავს კრედიტის უკანონოდ მიღების ნიშნებს და მსჯავრდებულს არ ჰქონია არც მისი და არც გაფლანგვის განზრახვა. ფაქტი, რომ ს. ბ-ი დამნაშავეა, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ს. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ბრალდების მხარე ითხოვს ს. ბ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილებით მითითებულ, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაფლანგვა).
3. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, იმსჯელებს ს. ბ-ის ქმედებაში გაფლანგვის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის შესაძლო არსებობაზე, ხოლო მოცემული ნიშნების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, გააანალიზებს ს. ბ-ის ქმედების – კრედიტის უკანონო მიღებად დაკვალიფიცირების საფუძვლიანობას.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გაფლანგვა გამოიხატა იმაში, რომ:
ს. ბ-მა ხელშეკრულების დასრულებამდე ო. მ-ს, მის სასარგებლოდ, უფლებამოსილების გარეშე გადასცა შპს ,,მ-ს“ კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც ამ უკანასკნელმა დაშალა, ნაწილებად გაყიდა და მიღებული თანხა მიითვისა.
5. ამდენად, ბრალდების ვერსიით, გაფლანგვა გამოხატულია ერთობლივად ორი ქმედებით:
5.1. ნივთის უფლებამოსილების გარეშე, მესამე პირისათვის გადაცემასა და ამ პირის მიერ ნივთის დაშლასა და გაყიდვაში, რითაც, საბოლოოდ, შპს ,,მ-ს“ მიადგა მნიშვნელოვანი, ქონებრივი სახის ზიანი.
6. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, შეაფასებს, რამდენად გააჩნდა ს. ბ-ს უფლებამოსილება, გადაეცა ნივთი მესამე პირისათვის და თუ ასეთი უფლებამოსილება გააჩნდა, მაშინ რა ქმედების ან ქმედებების შესრულება რჩებოდა მისი ვალდებულებების ფარგლებში.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება უნდა შეფასდეს შპს ,,მ-სა“ და ს. ბ-ს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსითა და წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის – მსჯავრდებულისა და თავად ო. მ-ს ჩვენებით.
8. საქმეში წარმოდგენილი ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მე-10 პუნქტი არეგულირებს ლიზინგის მიმღების უფლებებსა და ვალდებულებებს. მოცემული ხელშეკრულების 10.5. პუნქტი მიუთითებს თუ კონკრეტულად რისი უფლება არ აქვს ლიზინგის მიმღებს, კერძოდ: არ გაასხვისოს, არ დააგირაოს ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთოს სატრანსპორტო საშუალება ან მისი ნაწილი; ამავე პუნქტშია აღნიშნული, რომ ლიზინგის მიმღების მიერ სატრანსპორტო საშუალების მესამე პირისთვის გადაცემისას, ლიზინგის მიმღები პასუხიმგებელია ამ პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებაზე, რაც გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის, მოსარგებლისათვის, მფლობელისა და მესაკუთრისათვის, აგრეთვე ლიზინგის მიმღები რჩება სრულად პასუხისმგებელი „მ-ს“ წინაშე ხელშეკრულების პირობათა შესრულებისათვის.
9. ამდენად, უშუალოდ ხელშეკრულების შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, ს. ბ-ს ეკრძალებოდა მხოლოდ ავტომანქანის გასხვისება, დაგირავება ან სხვაგვარად უფლებრივი დატვირთვა და არა – მესამე პირისათვის სარგებლობაში გადაცემა. ამასთან, გადაცემის შემთხვევაში, ზემოხსენებული 10.5. პუნქტის მიხედვით, ს. ბ-ის ვალდებულებები შპს „მ-ს“ წინაშე არ ქარწყლდებოდა.
10. რაც შეეხება უშუალოდ ს. ბ-ისა და ო. მ-ს ჩვენებებს, მათგან ბრალდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიუთითა შემდეგზე:
10.1. 2018 წლის 27 იანვარს, მან შპს ,,მ-სგან“ გამოიტანა სესხი და სანამ გამოიყვანდა ავტომანქანას, გერმანიაში გამოუჩნდა სამუშაო; მანქანა რომ უკვე დამტკიცებული ჰქონდა, იფიქრა, სამი თვით წავიდოდა გერმანიაში და ამ პერიოდში მანქანას თავისი ბიძაშვილის ქმარს, ო. მ-ს დაუტოვებდა. ამ სამი თვის განმავლობაში სესხი უნდა გადაეხადა ო-ს და ამასთან, თუ მას რაიმე გაუფუჭდებოდა, ასევე თავად ო-ს უნდა გაეკეთებინა. მან მანქანა ო-ს დროებით ათხოვა. სამი თვის შემდეგ, ისევ მას უნდა გაეგრძელებინა ავტომანქანით სარგებლობა. სამი თვე რომ გავიდა, დაურეკა და უთხრა, რომ არ იცოდა კიდევ რამდენი თვე გაჩერდებოდა. ამასთან, აუხსნა, რომ თუ მას აწყობდა ესარგებლა მანქანით და გადაეხადა იმ პერიოდის გადასახადი. როგორც იცის, ო-ი თანხას იხდიდა, რადგან ქვითრები ანახა. 5-6 თვის მერე არც უკითხავს, თუ იხდიდა, რადგან ეგონა, რომ ო-ი თანხას იხდიდა. შემდეგ სატელეფონო კომუნიკაციაც აღარ ჰქონია, რადგან ტელეფონი გაუტყდა და მისი ნომერი არ ჰქონდა. მან გერმანიაში მუშაობის უფლება მიიღო და ტელეფონთან ხშირი შეხება არ ჰქონდა. თავად ო-ი მას არ დაკავშირებია და არც უცდია. შემდეგ, მისი ბიძაშვილი და ო-ი გაშორდნენ ერთმანეთს. 2021 წლის 3 მარტს ს-ი რომ ჩამოვიდა, ამ პერიოდში ეძებდა ო-ს, რ-ი იყო ჩასული, თუმცა ვერ ნახა. თავის დისგან გაიგო, რომ ო-ი არც თანხას იხდიდა და ავტომანქანასაც არ აბრუნებდა. მისმა დამ ჰკითხა, რომ ,,მ-დან“ უკავშირდებოდნენ და რა ხდებოდა (რადგან აღნიშნული ფაქტი მისი დისთვის არ იყო ცნობილი). მოწმემ იცოდა, რომ ავტომანქანის მესაკუთრე იყო ,,მ.“ ო-ს რომ აძლევდა ავტომანქანას, ,,მ-სთვის“ არ უკითხავს. ო-ის თუ მანქანის გადახდის საშუალება არ ექნებოდა, შეთანხმების თანახმად, მანქანა მისთვის უნდა დაებრუნებინა. ასეთ შემთხვევაში, მანქანა მას ეყოლებოდა და თანხასაც გადაიხდიდა. მან იცოდა, რომ ავტომანქანას ო. მ. მის გარეშე ვერ გადაიფორმებდა. მოწმის მითითებით, მას გაფლანგვა არ ჩაუდენია.
10.2. მოწმე ო. მ-ს ჩვენებით, დაახლოებით, 3-4 წლის წინ, ს. ბ-მა კომპანია ,,მ-დან“ მას გამოაყვანინა ავტომობილი. მანქანა ს-ის საკუთრებაში არ იყო, მათ ყოველთვიურად თანხა უნდა გადაეხადათ და შემდეგ გადავიდოდა მანქანა საკუთრებაში. ს-ს შეუთანხმდა, რომ მანქანა გამოეყვანა, ეთხოვებინა მისთვის, ის იმუშავებდა, იტაქსავებდა და მანქანას უკან დაუბრუნებდა. ასევე, ხელშეკრულებით, თანხა ს. ბ-ს უნდა გადაეხადა, თუმცა ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ თანხას ს-ის ნაცვლად, ის გადაიხდიდა. მანქანის გამოყვანის შემდეგ ერთი პერიოდი ის იხდიდა კიდეც თანხას. დაახლოებით, 2-3 თვე გადაიხადა, მერე კი უმუშევარი დარჩა და ფიზიკურად ვერ შეძლო გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მანქანა შპს ,,მ-ს“ ეკუთვნოდა, გამოყვანიდან, დაახლოებით, მე-5, მე-6 თვეში მან ავტომანქანა დაშალა და ნაწილებად გაყიდა, რაც აღიარა კიდეც. მანქანის გადაცემის შემდეგ, მას ს. ბ-თან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან ს-ი საზღვარგარეთ იყო წასული. მანქანის დაშლის თაობაზე ს-ისა და ს-ის ოჯახის წევრისთვის არ უთქვამს. დაახლოებით, 4 წელიწადში გაიგო, რომ გამოძიება იყო დაწყებული, ფინანსურმა დაიბარა და გამოჰკითხეს, რის შემდეგაც, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. მან ზიანი აანაზღაურა და 1 წლით პირობით მსჯავრს იხდის.
11. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსითა და ზემოხსნებული მოწმეების ჩვენებებით იკვეთება რამდენიმე, მნიშვნელოვანი სახის გარემოება, კერძოდ:
11.1. გაფორმებული ხელშეკრულებით, ს. ბ-ს ჰქონდა უფლება სათანადო პასუხისმგებლობის დაცვით, მესამე პირისათვის გადაეცა ავტომანქანა;
11.2. ს. ბ-მა იცოდა, რომ ავტომანქანა შპს ,,მ-ს“ საკუთრება იყო და გარკვევით მიუთითა, რომ იგი ო-ს დროებით გადასცა სარგებლობაში; ანალოგიურად მიუთითა, თავად ო. მ-მაც.
11.3. სარგებლობაში გადაცემის დროს, ს. ბ-ი ო. მ-ს შეუთანხმდა ისეთი მნიშვნელოვანი სახის გარემოებებზე, როგორებიც არის: გადაცემის ხანგრძლივობა, თვიური შენატანის გადახდის ვალდებულება და იმ პერიოდში, ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში, მისი შეკეთების ვალდებულება; მეტიც, მოწმე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ თუ მანქანის გადახდის საშუალება ო-ს არ ექნებოდა, შეთანხმების თანახმად, მანქანა მისთვის უნდა დაებრუნებინა. ასეთ ვითარებაში, მანქანა მას ეყოლებოდა და თანხასაც გადაიხდიდა;
11.4. მოწმეების: ო. მ-ს, თ. ბ-ისა და ს. ბ-ის ჩვენებებით, აგრეთვე, ო. მ-თან საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მითვისება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით უტყუარად დგინდება, რომ ო. მ-სა და ს. ბ-ს შორის შეთანხმება არ მოიცავდა ო. მ-ს მიერ ავტომანქანის დაშლას, გასხვისებასა და რაიმე ფორმით ვალდებულების შეუსრულებლობის განზრახვას;
11.5. მოწმე ს. ბ-ის მითითებით, მან ო-ისგან იცოდა, რომ თანხას იხდიდა. მათ შორის აჩვენა ქვითრებიც; სამი თვე რომ გავიდა, მან დაურეკა ო-ს და უთხრა, რომ არ იცოდა, კიდევ რამდენი თვე გაჩერდებოდა. ამასთან, აუხსნა, რომ თუ მას აწყობდა, ესარგებლა მანქანით და გადაეხადა იმ პერიოდის გადასახადი;
11.6. საკასაციო პალატას არ გააჩნია უტყუარი საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს ს. ბ-ის მითითება, რომ მას ო-მა ქვითრები ანახა, რადგან, როგორც შპს ,,ფ-ს“ 2022 წლის 17 იანვრის წერილის თანახმად დგინდება, ს. ბ-მა, 27.01.2018 წელს გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში, მართლაც განახორციელა რამდენიმე, კერძოდ, 5 გადახდა (ნაცვლად – 36 გადახდისა). ჯამურად გადახდილია 2048 ლარი;
11.7. 5-6 თვის შემდეგ, ს. ბ–ი ო-ს არ დაკავშირებია, იგი თვლიდა, რომ ო-ი თვიურ შენატანს იხდიდა. როდესაც ს. ბ-ი ს-ი ჩამოვიდა, ო-ს ეძებდა, მაგრამ ვერ ნახა;
11.8. თავად ო-ს მასთან კომუნიკაცია არ უცდია. მან ცალსახად მიუთითა, რომ დაშლის თაობაზე, არ იცოდა არც ს-მა და არც მისმა ოჯახის რომელიმე წევრმა.
12. ამასთან, 2019 წლის 24 აპრილს, ს. ბ-ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, თუმცა გზავნილის ჩაბარების აქტის თანახმად, კურიერს მისამართზე არავინ დახვდა.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ნივთი გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში უნდა იმყოფებოდეს, იგი სულ მცირე, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ კონკრეტული ქმედებით მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადის, რომელიც, საბოლოოდ, ქონების მესაკუთრეს ზიანს მიაყენებს.
14. პროკურორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ს. ბ-ი თავისი ვალდებულებით, ავტომანქანის ბედითა და თანხის გადახდით არ დაინტერესებულა. მოცემული არგუმენტის რეალურობის შეფასების დროს საკასაციო პალატა, პირველ რიგში, კვლავ მიუთითებს, რომ ს. ბ-ს ჰქონდა უფლება სათანადო პასუხისმგებლობის დაცვით, მესამე პირისათვის გადაეცა ავტომანქანა; გარდა ამისა, მოცემულ გარემოებასთან ერთად, საკასაციო პალატა დეტალურად აფასებს ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რომლებიც წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსით არის გამოკვეთილი, კერძოდ: ს. ბ-ს ავტომანქანა არ გადაუცია უცხო პირისათვის, გაურკვეველი სახის მიზნით, შესაბამისი პირობების შეთანხმების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ს. ბ-ისათვის ო. მ. იყო ახლობელი, კერძოდ, ბიძაშვილის ქმარი, რომელმაც დახმარება სთხოვა. მას ავტომანქანა სამუშაოდ უნდა გამოყენებინა (როგორც ტაქსი). ამასთან, იგი ო. მ-ს შეუთანხმდა კონკრეტულ პირობებზე (მათ შორის: სარგებლობაში გადაცემის ვადასა და ყოველთვიური გადასახადის შეტანის ვალდებულებაზე). მსჯავრდებულის ჩვენებით სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ჰქონდა კავშირი ო. მ-თან და მათ შორის მისი მითითებით, მან იხილა გადახდის ქვითრები. როგორც აღინიშნა, რამდენიმე თვის გადახდის ფაქტი, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მართლაც დგინდება. ყველა ხსენებული გარემოება, ცალსახად გამორიცხავს ს. ბ-ის მხრიდან მოცემული ქონების გაფლანგვის განზრახვას. საქმის მასალების ანალიზის მიხედვით, ს. ბ-ი დარწმუნებული იყო, რომ ო. მ. ნივთით დანიშნულებისამებრ ისარგებლებდა და თვიურ შესატანს გადაიხდიდა.
15. რაც შეეხება, უშუალოდ ავტომანქანის ნაწილებად დაშლასა და გაყიდვას, მასზე ო. მ-მა ცალსახად მიუთითა, რომ მოცემული ინფორმაცია ს. ბ-ისა და ოჯახისათვის მას არ შეუტყობინებია და რომ მისი ქმედება აისახა მის წინააღმდეგ დამდგარ განაჩენში (კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის არგუმენტებს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით პირის გამტყუნების ნაწილში, ვინაიდან იგი არ არის დასაბუთებული წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და შესაბამისად, მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა, ს. ბ-ის ქმედების გაფლანგვად დაკვალიფიცირების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. რაც შეეხება მეორე კასატორის – ადვოკატის – მოთხოვნას, ს. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით), საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხსენებული დანაშაული ორი ფორმით შეიძლება გამოიხატოს: - ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდებით კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით; და - მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.19. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ს. ბ-მა ჩაიდინა კრედიტის უკანონოდ მიღება, ე.ი. კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი).
20. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებით, ს. ბ-ს შპს ,,მ-სთვის“ ყალბი, არასწორი ინფორმაციის წარდგენა ბრალად არ დასდებია. ხსენებული პირის ბრალდება შეეხება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მის დასრულებამდე გაფლანგვას (თუ, უშუალოდ, რით გამოიხატა იგი, ზემოთ უკვე დეტალურად იქნა მიმოხილული). საკასაციო საჩივარში პროკურორი მიუთითებს, რომ ავტომანქანა (სხვის საკუთრებაში მყოფი) ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, ს. ბ-ის სარგებლობასა და მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა. ამდენად, ხელშეკრულების დადებამდე, წინარე პერიოდს და მით უმეტეს სიყალბეს ბრალდების მხარე ს. ბ-ს არ ედავება და არც რაიმე მტკიცებულებები წარმოუდგენია მას ამ ნაწილში.
21. ამასთანავე, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ თავად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ს. ბ-ს ჰქონდა უფლება სათანადო პასუხისმგებლობის დაცვით მესამე პირისათვის გადაეცა ავტომანქანა. ამდენად, ს. ბ-ი დადებული ხელშეკრულებით შებოჭილი არც ყოფილა ნივთის მესამე პირისათვის გადაცემის ნაწილში და არც უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით იკვეთება მის მიერ შპს ,,მ-სათვის“ ყალბი ცნობის მიწოდების ფაქტი.
22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აგრეთვე დადგენილია ს. ბ-ის მიერ მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტიც, კერძოდ, რომ მან ხელშეკრულების დადების შემდეგ დაარღვია რამდენიმე სახელშეკრულებო პუნქტი: არ გააკონტროლა ავტომანქანის სხვა პირისათვის გადაცემისას, მისით სარგებლობის ფარგლები, არ აღკვეთა ავტომანქანის გასხვისება ან განადგურება, არ გადაიხადა ავტომანქანის გამოსყიდვის საფასური, რამაც შპს „მ-ს“ დაზარალება გამოიწვია.
23. ზემოაღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო აგრეთვე ვერ დაეთანხმება, რადგან უტყუარი ფორმით ხსენებული ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა:
23.1. როგორც აღინიშნა, ს. ბ-მა ავტომანქანის სხვა პირისათვის გადაცემისას განსაზღვრა მისით სარგებლობის ფარგლები (მათ შორის გადაცემის დროებითი ხასიათი და თვიური შესატანის ვალდებულება). სააპელაციო სასამართლო განაჩენში თავადვე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ს. ბ-ი დარწმუნებული იყო, რომ ო. მ. ავტომანქანით დანიშნულებისამებრ ისარგებლებდა და ლიზინგის თვიურ შენატანსაც დაფარავდა. ს. ბ-ის განმარტებით, სამი თვე რომ გავიდა, მან დაურეკა ო-ს და უთხრა, რომ არ იცოდა კიდევ რამდენი თვე გაჩერდებოდა საზღვარგარეთ. ამასთან, აუხსნა, რომ თუ მას აწყობდა, ესარგებლა მანქანით და გადაეხადა იმ პერიოდის გადასახადი. შემდეგ, მან თავისი დისგან გაიგო, რომ ო-ი არც თანხას იხდიდა და ავტომანქანასაც არ აბრუნებდა; დამ ჰკითხა, რომ ,,მ-დან“ უკავშირდებოდნენ და რა ხდებოდა (რადგან აღნიშნული ფაქტი მისი დისთვის არ იყო ცნობილი). ო-ს თუ მანქანის გადახდის საშუალება არ ექნებოდა, შეთანხმების თანახმად, მანქანა მისთვის უნდა დაებრუნებინა. ასეთ შემთხვევაში, მანქანა მას ეყოლებოდა. მართალია, ო-. მ-მა მიუთითა, რომ მას ს. ბ-თან საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია, მაგრამ, ამავდორულად, ცალსახად აღნიშნა, რომ ს-თან ზეპირსიტყვიერი შეთანხმების შესაბამისად, თანხას ს-ის ნაცვლად ის გადაიხდიდა. მანქანის გამოყვანის შემდეგ, ერთი პერიოდი, ის იხდიდა კიდეც თანხას. შემდეგ მან ვალდებულება არ შეასრულა. როცა უმუშევარი დარჩა ფიზიკურად ვერ შეძლო გადახდა. ამდენად, ო. მ-სათვის ნათელი იყო არამხოლოდ იმ პირობების ფარგლები, რომლის საფუძველზეც, ს. ბ-ის მიერ მისთვის გადაცემული ავტომობილით უნდა ესარგებლა, არამედ ფაქტიც, რომ მანქანა შპს ,,მ-ს“ საკუთრება იყო და რომ მათ ჯერ, ყოველთვიურად თანხა უნდა გადაეხადათ და მხოლოდ ამის შემდეგ, გადავიდოდა მანქანა საკუთრებაში. ო. მ-ს ჩვენების ანალიზით დგინდება, რომ მას ფაქტობრივად სრულყოფილად გაანალიზებული ჰქონდა პროცედურა, რომელიც ყოველთვიურად თანხის გადახდასა და მის საბოლოო შედეგთან იყო დაკავშირებული.
24. საკასაციო პალატა დამატებით ითვალისწინებს იმასაც, რომ ს-სა და ო-ს შორის შეთანხმებულ პირობებთან მიმართებით, რაიმე სახის ბუნდოვანება არ არსებობდა (აღნიშნულზე არც თავად ო. მ. მიუთითებს). მეტიც, ო. მ აღნიშნავს, რომ მან თავად დაშალა ავტომანქანა და გაყიდა ნაწილებად, რაც არ შეატყობინა ს. ბ-ს. აღნიშნული ქმედებისათვის კი იგი დაისაჯა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით.
25. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ბრალდების შესახებ დადგენილების ფაბულით, ს. ბ-ის ქმედებით არ იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დანაშაულის, კერძოდ, არც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით და არც საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლით განსაზღვრული ნიშნები და განსახილველ შემთხვევაში, მისი ქმედება არ გასცდენია სამოქალაქო სამართლით მოწესრიგებულ ფარგლებს.
26. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი ს. ბ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს: იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ს. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენი ს. ბ-ის მიმართ გაუქმდეს:
3.1. ს. ბ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
4. ს. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს;
5. ს. ბ-ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი