Facebook Twitter

საქმე # 050100122005437349

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №14აპ-24 ქ. თბილისი

შ. ჯ. 14აპ-24 10 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

1.1. ჯ. შ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

1.2. პ. ჩ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

1.3. დ. გ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

1.4. რ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

1.5. გ. კ–ს, – დაბადებულს 19..წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

1.6. ო. შ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

2.1. 2021 წლის მაისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დაახლოებით 16:00 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტის დაბა ნ–ში დ. გ–ე და ჯ. შ–ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო–დან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად მყოფი ი. ს–სის კუთვნილ სამ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, საერთო ღირებულებით 1000 ლარი და ფულად თანხას 100 ლარის ოდენობით, რითაც 1100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ი. ს–სეს;

2.2. 2021 წლის მაისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დაახლოებით 11:00 საათზე, ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო–დან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად მყოფ ი. ს–ს, ო. შ–მ, განაწყენებულმა იმით, რომ იგი, თითქოსდა, შეეცადა მისი ნათესავის - ნ. მ–ს კუთვნილი პირუტყვის ფარულად დაუფლებას, ხელი გაარტყა სახეში. ო. შ–სის მხრიდან განხორციელებული სხვაგვარი ძალადობის შედეგად ი. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2021 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტის დაბა ნ–ში, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო–დან მსხვისფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად მყოფ ი. ს–ს, ჯ. შ–სემ, რ. კ–მ და გ. კ–მ, განაწყენებულებმა იმით, რომ იგი, თითქოსდა, ახდენდა ფარულად დაუფლებული პირუტყვის შეძენა-რეალიზაციას, ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაუწყეს ცემა ხელებით. ჯ. შ–ს, რ. კ–ს და გ. კ–ს მიერ განხორციელებული ჯგუფური ცემის შედეგად ი. ს–ს შუბლის არეში განუვითარდა ნაჭდევი, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, მაგრამ ი. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.4. 2021 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტის დაბა ნ–ში, ლ–ს მუნიციპალიტეტისს სოფელ ო–დან მსხვისფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად მყოფ ი. ს–ს, ჯ. შ–მ, რ. კ–მ და გ. კ–მ, განაწყენებულებმა იმით, რომ იგი, თითქოსდა, ახდენდა ფარულად დაუფლებული პირუტყვის შეძენა-რეალიზაციას, ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჯ. შ–მ და შემთხვევის ადგილზე მყოფმა პ. ჩ–მ აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ი. ს–ს გასტაცეს კუთვნილი თანხა - დაახლოებით 1800 ლარი, 700 ლარად ღირებული, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, კუთვნილი „მანის“ მოდელის, ......... სახელმწიფო ნომრის მქონე სატვირთო ავტომობილი, ღირებული 30000 ლარად და მასზე მყოფი, მის მიერ 13 000 ლარად შეძენილი, 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რითაც დიდი ოდენობით, კერძოდ - 45 500 ლარის ზიანი მიაყენეს ი. ს–სეს;

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აგვისტოს განაჩენით:

3.1. ჯ. შ–ე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ავტომანქანის და პირუტყვის დაუფლების ფაქტზე) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ჯ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტელეფონისა და ფულადი თანხის დაუფლების ფაქტზე) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. შ–ს სასჯელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. ჯ. შ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 16 ნოემბრიდან;

3.5. პ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ავტომანქანის და პირუტყვის დაუფლების ფაქტზე) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.6. პ. ჩ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ტელეფონისა და ფულადი თანხის დაუფლების ფაქტზე) ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. პ. ჩ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 12 ნოემბრიდან;

3.8. დ. გ–ე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.9. გამართლებულ დ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

3.10. ო. შ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი;

3.11. გ. კ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.12. გ. კ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი - 2021 წლის 17 ნოემბრიდან 2021 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით;

3.13. რ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 6 თვით თვისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.14. რ. კ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი – 2021 წლის 17 ნოემბრიდან 2021 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით;

4. 2022 წლის 11 აგვისტოს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით აღმოიფხვრა უზუსტობა ჯ. შ–სა და პ. ჩ–ს მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2022 წლის 11 აგვისტოს დადგენილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში და მისი 1-ელი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

,,1. ჯ. შ–ე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ავტომანქანის და პირუტყვის დაუფლების ფაქტზე) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

ჯ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტელეფონისა და ფულადი თანხის დაუფლების ფაქტზე) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. შ–ს სასჯელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ჯ. შ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2021 წლის 16 ნოემბრიდან;

2. პ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ავტომანქანის და პირუტყვის დაუფლების ფაქტზე) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

პ. ჩ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ტელეფონისა და ფულადი თანხის დაუფლების ფაქტზე) ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

პ. ჩ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2021 წლის 12 ნოემბრიდან.“

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აგვისტოს განაჩენის გაუქმება ჯ. შ–სის, პ. ჩ–სა და დ. გ–ს მიმართ:

5.1.1. ჯ. შ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა;

5.1.2. პ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა;

5.1.3. დ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა;

5.2. მსჯავრდებულებმა პ. ჩ–მ, ჯ. შ–მ და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. მ–მ მოითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აგვისტოს განაჩენის გაუქმება:

5.2.1. პ. ჩ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(ტელეფონისა და ფულადი თანხის დაუფლების ფაქტზე) და დაუყოვნებლივ გათავისუფლება სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

5.2.2. ჯ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტელეფონისა და ფულადი თანხის დაუფლების ფაქტი) წარდგენილ ბრალდებაში და დაუყოვნებლივ გათავისუფლება სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:

6.1. ჯ. შ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის მაისის თვის ეპიზოდი);

6.2. ჯ. შ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში (2021 წლის ნოემბრის, ი. ს–ს კუთვნილი ფულადი თანხის აშკარად დაუფლების ეპიზოდი);

6.3. გაუქმდა გასაჩივრებული განაჩენი ჯ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ (ი. ს–სის ავტომანქანისა და 18 სული პირუტყვის აშკარად დაუფლების ნაწილში);

6.4. ჯ. შ–სის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (ი. ს–ს ავტომანქანის, 18 სული პირუტყვისა და ტელეფონის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

6.5. ჯ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

6.5.1. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – 18 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.5.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. შ–ს სასჯელად განესაზღვრა – 18 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.7. ჯ. შ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2021 წლის 16 ნოემბრიდან, შეფარდებული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

6.8. პ. ჩ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში (2021 წლის ნოემბრის, ი. ს–სის კუთვნილი ფულადი თანხის აშკარად დაუფლების ეპიზოდი);

6.9. გაუქმდა გასაჩივრებული განაჩენი პ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ (ი. ს–ს ავტომანქანისა და 18 სული პირუტყვის აშკარად დაუფლების ნაწილში);

6.10. პ. ჩ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (ი. ს–სის ავტომანქანის, 18 სული პირუტყვისა და ტელეფონის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

6.11. პ. ჩ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 18 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.12. პ. ჩ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 12 ნოემბრიდან. შეფარდებული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან განაჩენის გამოცხადებისთანავე;

6.13. დ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

6.14. გამართლებულ დ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

6.15. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ჩხაიძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ,

7.1. ჯ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას;

7.2. პ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას;

7.3. დ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას.

8. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ დ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. გ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ჯ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

11.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ჯ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ი. ს–სის, მოწმეთა: გ. კ–ს, რ. კ–ს, ვ. მ–ს ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჯ. შ–სემ ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედება.

12. ჯ. შ–სა და დ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებასთან (2021 წლის მაისის ეპიზოდი) მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოცემულ ეპიზოდში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ი. ს–სის ჩვენება. ამასთან, 2021 წლის მაისში განვითარებულ მოვლენებს დაზარალებულისაგან განსხვავებულად აღწერენ როგორც მოწმე – ნ. მ–ე (მოწმის განმარტებით, 2021 წლის გაზაფხულზე, სავარაუდოდ მაისში, შუადღე იქნებოდა, მეუღლესთან და დებთან ერთად, მანქანით სასაფლაოზე მიდიოდა. სახლიდან დაახლოებით 100-150 მეტრში, სატვირთო მანქანასთან თავისი საქონელი დაინახა, რომელიც მანქანას გარშემო უვლიდა. ასევე, დაინახა, რომ უცნობი მამაკაცი, როგორც შემდეგ გაირკვა - ი. ს–ე, მის ერთ-ერთ პირუტყვს თოკით სატვირთო მანქანისკენ ექაჩებოდა. მივიდა მასთან და რას შვებიო ჰკითხა, რაზეც უცნობმა უპასუხა, რომ ნაყიდი საქონელი აჰყავდა ძარაზე. როცა დაინტერესდა, ვისგან იყიდა პირუტყვი, ი. ს–მ ვერაფერი უთხრა. მეუღლემ (ნ. მ–მ) ერთი დეკნა რომ მოისაკლისა, ი. ს–მ მიირბინა ავტომანქანასთან, ძარა გახსნა და იქედან შეშინებული დ–ა გადმოხტა. დარწმუნდა, რომ ი. ს–ე საქონელს იპარავდა. ამასობაში მათთან მივიდა მისი (მოწმის) ნათესავი - ო. შ–ს, რომელმაც ასევე დაიწყო სიტუაციაში გარკვევა. რადგან საქმეზე მიმავალს ეჩქარებოდა და ავტომანქანაში მეუღლე და დები ელოდებოდნენ, საქონელი გადათვალა, სახლისკენ გადენა და წავიდა, ო. შ–ს კი ი. ს–სთან ერთად ადგილზე დარჩა. მოვლენების შემდგომ განვითარებას არ შესწრებია. მას ჯ. შ–ე იქ არ უნახავს), ასევე - ო. შ–ს (2021 წლის 25 მაისს, იქნებოდა დაახლოებით 11:00 საათი, სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობისას დაინახა გზაზე ავტომანქანით გაჩერებული ნათესავი - ნ. მ–ე. თავადაც გაჩერდა სიტუაციაში გასარკვევად. იქვე სატვირთო ავტომანქანით იმყოფებოდა ი. ს–ე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნ. მ–ს საქონელი ნაყიდი ჰყავდა. სცადა დაზარალებულთან გაერკვია, ვისგან იყიდა პირუტყვი, მაგრამ ის ვერავის ასახელებდა. გაბრაზებულმა ხელიც კი დაარტყა ი. ს–ს. ვინაიდან სამსახურებრივი მანქანა ცემენტით იყო დატვირთული, წასვლა ეჩქარებოდა, ამიტომ თავის ძმას - ჯ. შ–ს დაურეკა და მისვლა სთხოვა, იმის გასარკვევად, ი. ს–ს დანარჩენი, ძარაზე მყოფი პირუტყვი ნაყიდი ჰყავდა თუ მოპარული. ჯ–ს მისვლის შემდეგ ადგილზე აღარ გაჩერებულა, საქმეზე წავიდა, შესაბამისად, მისი წასვლის შემდეგ რა მოხდა, არ იცის. ო. შ–ს განმარტებით ჯ–იი მარტო იყო მისული, დ. გ–ე და პ. ჩ–ს იმ დღეს არ უნახავს) და ჯ. შ–ე (მოწმის განმარტებით, 2021 წლის 25 მაისს, დილით, დაახლოებით 12 საათზე, სახლიდან გასულს დაურეკა მისმა ძმამ - ო. შ–მ, რომელმაც უთხრა სად იმყოფებოდა და მისვლა სთხოვა. ადგილზე მისულს ო-ნ ერთად დახვდა დაზარალებული ი. ს–სე. ო–მა შეატყობინა, რომ ი. ს–ს მათი ბიძის - ნ. მ–ს საქონელი, სამი სული პირუტყვი ჰყავდა მანქანის ძარაზე აყვანილი, რაც შენიშნა ამ უკანასკნელმა და მოპარვის შესაძლებლობა არ მისცა. ვინაიდან ო–ს ეჩქარებოდა, წავიდა, თავად კი დაზარალებულთან ერთად ადგილზე დარჩა. იქვე, გ-ს ტერიტორიაზე, მდინარესთან გადაინაცვლეს სასაუბროდ. ი. ს–ე უარყოფდა ქურდობის მცდელობის ფაქტს და ამტკიცებდა, რომ დაბალი, შავგვრემანი მამაკაცისგან იყიდა ბიძამისის საქონელი, თუმცა მის საცხოვრებელ ადგილს ან სხვა დეტალებს ვერ უთითებდა. ი. ს–ე გააფრთხილა, რომ მსგავს შემთხვევას აღარ აპატიებდნენ და სოფელში აღარ გამოჩენილიყო. ასევე განმარტა, რომ ი. ს–სეს მარტო ესაუბრებოდა, დ. გ–ე და პ. ჩ–ს აღნიშნულს არ შესწრებიან), რომლებმაც ცალსახად მიუთითეს ი. ს–ს მიერ სამი სული საქონლის ქურდობის ფაქტზე და ამ ფაქტის საფუძველზე წარმოშობილ კონფლიქტზე. ამასთან, მოწმეთა, ვ. კ–ს, გ. კ–სა და რ. კ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ 2021 წლის 21 ნოემბერს ჯ. შ–ე ი. ს–ს სწორედ 2021 წლის მაისში მომხდარ ქურდობის ფაქტს ახსენებდა.

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2021 წლის 12 ნოემბრის დაზარალებულ ი. ს–სის განცხადებაში მითითებულია მხოლოდ 2021 წლის 11 ნოემბრის ფაქტზე, და არაფერია ნათქვამი 2021 წლის მაისის ფაქტზე.

13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებენ ჯ. შ–სა და დ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2021 წლის მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე კასატორის პოზიციას ჯ. შ–სა და პ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. ვინაიდან,

15. ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს ნივთის სწორედ მისაკუთრების მიზნით დაუფლება. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით დასჯადია ძარცვა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მისაკუთრების სპეციალური მიზანი არის დამნაშავის მამოძრავებელი მოტივი და მისწრაფება - დაეუფლოს სხვის საკუთრებას სწორედ იმ გათვლითა და მოლოდინით, რომ განკარგავს მას საკუთარი სურვილისამებრ. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს მისაკუთრების მიზნის არსებობა. ამასთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სურვილი უნდა დადგინდეს სხვისი საკუთრების დაუფლების მომენტში და მის შემდგომ დამნაშავის ქცევის ერთობლივი შეფასებით.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ჯ. შ–სა და პ. ჩ–ს მიერ ი. ს–ს მობილური ტელეფონისა და მანქანის, მასზე არსებული 18 სული პირუტყვით დაუფლების ფაქტი. თუმცა, მხარეთა შორის დავის საგანია ჯ. შ–სა და პ. ჩ–სს ქმედებებში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის – ძარცვის, ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა.

17. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს დაზარალებულ ი. ს–ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა მანქანის, მასზე განთავსებული 18 სული პირუტყვის აშკარა დაუფლების ფაქტზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თუმცა მეორეს მხრივ ითვალისწინებს დაზარალებულ ი. ს–ს 2021 წლის 12 ნოემბრის განცხადებას, 2021 წლის 12 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მსჯავრდებულების: ჯ. შ–სისა და პ. ჩ–სის, გამართლებულ დ. გ–ს, მოწმეთა: ო. შ–სა და ვ. მ–ს ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ ი. ს–სათვის პირუტყვით დატვირთული ავტომანქანის ჩამორთმევას, მეორე დღეს იმის გარკვევამდე, ავტომანქანაზე მყოფი პირუტყვი ხომ არ იყო მოპარული, ვინაიდან ი. ს–ე 2021 წლის მაისის თვეში შემჩნეული იყო პირუტყვის ქურდობის ფაქტზე.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ი. ს–ს განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ძალადობისა და საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით – თვითნებობის ფაქტებზე. ამასთან, განცხადებაში არაფერია ნათქვამი სატვირთო ავტომობილისა და მასზე განთავსებული პირუტყვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტზე.

19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს 2021 წლის 12 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, ო–ს რაიონის სოფელ ძ–სში არსებულ გზაზე გაჩერებული იყო „მანის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით „.......“, რომლის ძარაზეც ნანახი იქნა 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

20. დ. გ–ს განმარტებით, 2021 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 21-22 საათზე სახლში მყოფმა, ნასაკირალის მხრიდან გაიგონა მანქანის ხმა და ხმაური. ადგილზე რომ გავიდა, იქ დახვდა მისი მეგობარი - ჯ. შ–ე, რომელმაც უთხრა, რომ ძროხის ქურდი იყო ჩამოსული, იგი ძმებმა კ–ებმა სცემეს, ჯ–ის გამოურიდებია ქურდი კონფლიქტიდან და ეს უკანასკნელი დაუსახლებელ ადგილზე მანქანის გადაყვანას სთხოვდა. ამ დროს პ-ც მივიდა, ჯ–მა კი დატოვა იქაურობა. პ-ს სთხოვა, რომ მანქანის სხვა ადგილზე გადაყვანაში დახმარებოდა. მანქანა დააყენეს მჟავე წყლებთან, სადაც მოსახლეობა არ არის, მხოლოდ ყანებია.

21. ო. შ–ს განმარტებით, 2021 წლის 11 ნოემბერს ჯ–ის რომ დაურეკა, მან სთხოვა მიეკითხა ნ–ში. მეგობარ ვ. მ–სთან ერთად წავიდა ჯ–ს წამოსაყვანად. ნ–ში, დვაბზუს დასახლებაში მისვლისას, იქ ჯ–ითან ერთად დახვდნენ ი. ს–ე თავისივე ავტომანქანით და მანამდე მისთვის უცნობი პირები - გ. და რ. კ–ები. ფიზიკური დაპირისპირება ი. ს–სთან უკვე დასრულებული იყო. ჯ–იი იმედას ეუბნებოდა - ხვალ შენი ახლობლები მოიყვანე და გავარკვიოთ საქონელი ისევ მოპარული გყავს თუ არაო. მან და ვ. მ–მა ი. ს–ე მანქანაში ჩაისვეს და განარიდეს სოფელს.

22. მოწმე ვ. მ–ს განმარტებით, დაზარალებულ ი. ს–სათვის რაიმეს წართმევის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა ის დაინახა, რომ ჯ. შ–მ 100 ლარი გადასცა ი. ს–ს და უთხრა სადმე სასტუმროში დარჩენილიყო და მეორე დღეს მისულიყო, რომ გაერკვიათ საქონელი მოპარული იყო თუ ნაყიდი (იხ.: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის სხდომის ოქმი 15:25:15 – 15:25:30). სანამ იმედას წაიყვანდნენ მანქანით, ი–მ თქვა „მანქანა არ დატოვოთო“, ჯ–ს თუ ვის დაუძახა არ იცის (იხ.: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის სხდომის ოქმი 15:35:20 – 15:36:00).

23. მსჯავრდებულ ჯ. შ–ს განმარტებით მანქანისა და პირუტყვის მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია და დაზარალებულს ჩამოართვა მხოლოდ იმ გარემოების დასადგენად - საქონელი ნაყიდი ჰყავდა თუ მოპარული. მართალია პ. ჩ–ს არ ადასტურებს ჯ. შ–სთან ერთად ი. ს–ს მანქანის დაუფლებაში მონაწილეობას, თუმცა არ უარყოფს შემთხვევის ადგილზე ყოფნას და მიუთითებს, რომ ჯ. შ–სა და დ. გ–ს თხოვნით გადაიყვანა ავტომობილი უსაფრთხო ადგილზე.

24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია მოწმეები: ვ. კ–ე, რ. კ–ე, გ. კ–ს, რ. მ–ე, ტ. ც–ე და რ. გ–ე არ შესწრებიან მანქანის დაუფლების ფაქტს, თუმცა ყველა მოწმე ადასტურებს, რომ კონფლიქტი დაზარალებულსა და ჯ. შ–ს შორის იმის გამო დაიწყო, რომ ჯ. შ–ე ადანაშაულებდა საქონლის ქურდობაში.

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სურვილი უნდა დადგინდეს სხვისი საკუთრების დაუფლების მომენტში და მის შემდგომ დამნაშავის ქცევის ერთობლივი შეფასებით. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მანქანის, მასზე არსებული 18 სული პირუტყვით, ჩამორთმევის მიზეზი იყო, მეორე დღეს დაედგინათ ძარაზე არსებული მსხვილფეხა პირუტყვი ი. ს–მ შეიძინა თუ მოიპარა, ამავე მოტივით ახსნა ჯ. შ–მ ი. ს–სათვის მანქანის ჩამორთმევი ფაქტი და გამორიცხა აღნიშნული ავტომანქანის პირადი მიზნებით გამოყენების განზრახვა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ი. ს–სათვის ჩამორთმეული მანქანა (რომლის ძარაზეც ნანახი იქნა 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი) მსჯავრდებულებმა გააჩერეს ო–ს რაიონის სოფელ ძ–ში არსებულ გზაზე, თავად კი დატოვეს შემთხვევის ადგილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჯ. შ–სა და პ. ჩ–ს ქმედებები აჩენს გონივრულ ეჭვს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობაში, თავად ჯ. შ–ე და პ. ჩ–ს უარყოფენ ძარცვის ჩადენის სურვილსა და ნებელობას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მისაკუთრების მიზნის არსებობა.

26. დაზარალებულ ი. ს–ს ტელეფონთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის ჩვენებას. იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის განმარტება, თითქოს ვ. კ–ე შეესწრო ტელეფონის წართმევის ფაქტს და სცადა ჩარევა, - არ დასტურდება თავად მოწმე ვ. კ–ს ჩვენებით, ვინაიდან მოწმემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ისაუბრა მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტზე ჯ. შ–სა და ი. ს–ს შორის (მოწმის განმარტებით ი. ს–სთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც შემდგომ აღმოჩნდა - ჯ. შ–ე, რომელმაც ი–ს უთხრა - ხომ გითხარი, გვირაბს აქეთ გადმოსული არ გნახო, საქონლის ქურდი ხარ და რატომ ჩამოხვედიო, რაზეც ი–მ უპასუხა, რომ ქურდი არ იყო და საქონელს ყიდულობდა. როცა მიხვდა, რომ სიტუაცია დაიძაბა, დაურეკა შვილებს რ. და გ. კ–ებს და ადგილზე მისვლა სთხოვა), რის გამოც შვილებს სთხოვა შემთხვევის ადგილზე მისულიყვნენ.

27. სასამართლო ასევე ითვალისწინებს 2021 წლის 12 ნოემბერს ო. შ–სთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 12 ნოემბერს სოფელ ზ–ს გადასახვევთან, მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორიიდან, ო. შ–ს მითითებით ამოიღეს ტელეფონი, რომელიც როგორც მისი ძმის, ჯ. შ–საგან მისთვის გახდა ცნობილი, ამ უკანასკნელმა გადააგდო და ეკუთვნის ი. ს–სეს.

27.1. იმავდროულად, სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მხარეთა მიერ უდავოდ ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან 2022 წლის 29 ივლისს, წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა მათ შორის ო. შ–ს მონაწილეობით, 2021 წლის 12 ნოემბრს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (იხ.: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის სხდომის ოქმი 13:23:10 – 13:26:30).

28. სასამართლო ითვალისწინებს, 2021 წლის 13 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, ი. ს–მ მობილური ტელეფონის დათვალიერებისას განაცხადა, რომ აღნიშნული ტელეფონი არის მისი საკუთრება, რომელიც 2021 წლის 11 ნოემბერს ო–ს მუნიციპალიტეტის დაბა ნ–ში კონფლიქტისას წაართვა ჯ. შ–მ.

29. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ო. შ–სმ მიუთითა, რომ 2021 წლის 11 ნოემბერს, როდესაც მან და ვ. მ–მა ი. ს–ე მანქანაში ჩაისვეს და განარიდეს სოფელს, ი. ს–სეს ტელეფონი თან ჰქონდა. ი. ს–ე, მისივე თხოვნით, დატოვეს ზ–ს გადასახვევთან, სადაც იმედას, როგორც ჩანს, ტელეფონი დაუკარგავს. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტთან მიმართებით (რა დროსაც ამოიღეს ი. ს–ს ტელეფონი) მიუთითა, რომ ძმას – ჯ. შ–ს დაურეკა, რომელმაც ჰკითხა სად დატოვეს ი. ს–ე და ივარაუდა, რომ ტელეფონი სწორედ იქ დაუვარდა, სადაც მანქანიდან გადავიდა, მივიდნენ იმ ადგილთან და ტელეფონი იპოვეს (იხ.: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი 13:41:30 – 13:48:05)

30. მსჯავრდებულ ჯ. შ–ს განმარტებით, მას ი. ს–სათვის ტელეფონი არ წაურთმევია. ტელეფონის დაკარგვის შესახებ შეიტყო ძმის - ო. შ–სგან, რომელმაც დაურეკა და ჰკითხა, იმედას მობილური ტელეფონი შენ ხომ არ გაქვსო, რაზეც უპასუხა, რომ ტელეფონი არ ჰქონდა და ივარაუდა, რომ ი–მ ტელეფონი იქ დაკარგა, სადაც მანქანიდან გადავიდა ბოლოს.

31. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მანქანა მასზე არსებული 18 სული პირუტყვით, გაჩერებული იყო ო–ს რაიონის სოფელ ძ–ში არსებულ გზაზე, ხოლო ტელეფონი (სიმ ბარათის გარეშე) სოფელ ზ–ს გადასახვევთან, მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაგდებული. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულებს – ჯ. შ–სა და პ. ჩ–ს ჰქონდათ ძარცვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარა დაუფლების განზრახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით.

32. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ნების თავისუფლება – კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ უკანონო იძულებაში შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება, ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში პირის ქმედება მიმართულია მისთვის სასურველი შედეგის მიღწევისაკენ, დაზარალებულის მიერ იმ ქმედების განხორციელების/თავის შეკავებისაკენ, რაც მის უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება არის მიზნით დაფუძნებული, პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედება, როდესაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს როგორც თავისი ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი (ზემოქმედება დაზარალებულის ნების თავისუფლებაზე) ასევე სურს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედებით მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა. ამასთან, დასრულებულად ითვლება დაზარალებულის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედების მომენტიდან ( ფორმალური შემადგენლობა).

33. სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულ ი. ს–ს, მსჯავრდებულების ჯ. შ–სა და პ. ჩ–ს და სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა: დ. გ–სის, ო. შ–ს, ვ. მ–ს, ვ. კ–ს, რ. კ–ს, გ. კ–ს, რ. მ–ს, ტ. ც–ის, რ. გ–ეის ჩვენებებს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჯ. შ–ე და პ. ჩ–ს მიიჩნევდნენ რა ი. ს–ს საქონლის ქურდად, აიძულეს ავტომობილი, მასზე არსებული 18 სული პირუტყვით და მობილური ტელეფონი გადაეცა მათთვის, მეორე დღის იმ დრომდე, როდესაც გაარკვევდნენ ძარაზე არსებული მსხვილფეხა პირუტყვი ი. ს–სეს კვლავ მოპარული ჰყავდა თუ ნაყიდი.

34. შესაბამისად, ჯ. შ–სა და პ. ჩ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

34.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა) და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში.

35. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულების – ჯ. შ–სა და პ. ჩ–ს მიერ ი. ს–ს ფულადი თანხის – 1800 ლარის დაუფლების ფაქტი. ვინაიდან,

35.1. ი. ს–ს ფულადი თანხის – 1800 ლარის დაუფლების დასადასტურებლად ბრალდების მხარე დაზარალებულ ი. ს–ს ჩვენების გარდა ასევე უთითებს პ. ჩ–ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რომლის ფარგლებშიც პ. ჩ–ს საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს 200 ლარიანი კუპიურა, რომელიც მსჯავრდებულ პ. ჩ–ს მიერ გამოკითხვის ოქმსა და საგამოძიებო ექსპერიმენტში გაკეთებული განმარტებით იყო დაზარალებულ ი. ს–საგან დაუფლებული თანხის ნაწილი, რომელიც მისცა ჯ. შ–მ.

35.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2021 წლის 13 ნოემბერს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა პ. ჩ–საგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე პ. ჩ–ს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, პ. ჩ–მ აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო გამოკითხვის ოქმში, ხოლო დამატებით მისივე მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოიღეს 200 ლარიანი კუპიურა.

35.1.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, აღნიშნული უნდა შეფასდეს, როგორც პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის მოგვიანებით სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული პირის პოზიციისდა მიუხედავად. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.

36. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმის ის ნაწილი, რომლითაც მოხდა თანხის – 200 ლარის ამოღება, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პ. ჩ–მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ ამოღებულ ფულად თანხას კავშირი არ ჰქონდა ი. ს–სთან და სინამდვილეში მას ეკუთვნოდა, ხოლო 200 ლარიანი კუპიურის ი. ს–სადმი კუთვნილება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულებით (ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა მათ შორის მაგალითად, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება ფულის კუპიურასთან დაზარალებულის შემხებლობის დადგენის მიზნით) არსებული შესაძლო კვალის აღმოჩენის, იდენტიფიცირების მიზნით)) არ დასტურდება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და დაზარალებულ ი. ს–ს ჩვენების საფუძვლელზე დადასტურებულად მიიჩნიოს, რომ პ. ჩ–ს სახლიდან, მისივე მითითებით ამოღებული 200 ლარიანი კუპიურა ჯ. შ–სისა და პ. ჩ–ს მიერ ი. ს–სგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული თანხის შემადგენელი ნაწილია.

36.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).

37. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2021 წლის 12 ნოემბერს პ. ჩ–სის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ პ. ჩ–ს დედას - დ. ჩ–ს მიეცა წინადადება „ნებაყოფლობით წარედგინა ფულადი თანხა, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი/ნივთიერება“, რაზეც დ. ჩ–მ განაცხადა თანხმობა. საგამოძიებო მოქმედებისას, დ. ჩ–მ სამართალდამცველებს საფულიდან წარუდგინა 9 ცალი 100-ლარიანი კუპიურა, ხოლო კარადის უჯრიდან - 3 ცალი 20 ლარიანი კუპიურა. ამოღებული თანხა, სულ 960 ლარის ოდენობით, დაილუქა ადგილზევე. თუმცა აღნიშნულ თანხასთან მიმართებით დ. ჩ–მ ასევე წარმოადგინა სესხის გადახდის გრაფიკის შემცველი დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს დ. ჩ–ზე „...... ბანკის“ მიერ გაცემული იქნა სესხი 3 000 ლარის ოდენობით.

38. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა: ვ. კ–ს, რ. გ–ს, ტ. ც–სა და რ. მ–ს ჩვენებებს.

38.1. ვ. კ–ს განმარტებით, დაახლოებით 20:00 საათისათვის მათ სიახლოვეს გაჩერდა ავტომანქანა, რომელშიც იჯდა მისი (მოწმის) მეზობელი - რ. მ–ე და ორი-სამი უცნობი მამაკაცი. რ. მ–მ ი. ს–ს შესთავაზა საქონლის ყიდვა, რაზედაც მან უთხრა, რომ არც ფული ჰქონდა საქონლის შესაძენად და არც ადგილი ძარაზე (იხ.: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი 15:32:20-15:33:25)

38.2. რ. გ–მ მიუთითა, რომ ი. ს–ს მანქანიდან შესთავაზა სამი სული საქონლის ყიდვა, რომელთა ღირებულება დაახლოებით 1500 ლარამდე იყო. ი. ს–მ უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და შემდეგ ჯერზე, სამ დღეში წაიყავნდა მის საქონელს, მას თანხა არ დაუსახელებია, მაგრამ მყიდველმა – ი. ს–მ უთხრა, რომ თანხა არ ჰქონდა, წამოვიდნენ და დატოვეს შემთხვევის ადგილი (იხ.: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის სხდომის ოქმი 12:57:30 – 12:58:20; 13:03:30 – 13:04:15)

38.3. ტ. ც–ს განმარტებით, დაზარალებულმა ი. ს–მ საქონლის შეძენაზე უარი თქვა, რადგან ხან ამბობდა, რომ ადგილი აღარ ჰქონდა, ხან ამბობდა რომ ფული არ ჰქონდა და მეორე ჩამოსვლაზე წაიყვანდა მათ საქონელს (იხ.: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი 12:21:30 -12:21:55).

38.4. რ. მ–ს განმარტებით ი. ს–მ საქონლის შეძენაზე უარი ფულის არ ქონის გამო თქვა თუ ადგილის, - არ იცის. უბრალოდ თქვა, რომ საქონელს შემდეგ ჩამოსვლაზე წაიყვანდა, მაგრამ მისთვის მიზეზი უცნობია, რადგან მანქანაში საუბრობდნენ და ყურადღება არ მიუქცევია (იხ.: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის სხდომის ოქმი 14:13:15 – 14:14:20)

38.5. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სს საქმის მასალებში არ მოიპოვება არც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა ზემოაღნიშნულ ფულის კუპიურებზე (საგამოძიებო ექსპერიმენტის და 2021 წლის 12 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკის ფარგლებში დ. ჩ–ს მიერ წარმოდგენილ კუპიურებზე) დაზარალებულის ბიოლოგიური/გენეტიკური კვალის არსებობა.

39. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ჯ. შ–სა და პ. ჩ–ს მიერ ი. ს–საგან ფულადი თანხის – 1800 ლარის დაუფლების ფაქტი.

40. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს. მაგალითად, ის არ ახდენს ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/20202).

41. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

42. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

44. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი