Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1136-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ხ. პ-ი 1991 წელს რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ს. ბ-თან. 1992 წლის 13 აგვისტოს შეეძინათ შვილი _ ნ. ბ-ი. მეუღლეები 1993 წელს განქორწინდნენ. ხ. პ-ი შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან. 2001 წელს მშობლები შერიგდნენ, მაგრამ ხ.პ-ს დედ-მამა შვილიშვილს აღსაზრდელად არ უბრუნებენ.

ხ. პ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ი. პ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნების მოთხოვნით.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ. ბ-ი-პ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი ნ. ბ-ი შემდგომში აღზრდისათვის დაუბრუნდა დედას, მოსარჩელე ხ. ბ-ი-პ-ს.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.პ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 6 ივნისის განჩინებით ი.პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სკ-ს 1204-ე მუხლი მშობლებს უფლებას აძლევს მოსთხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირს, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს ასეთი საფუძველი არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, კერძოდ შპს “.. ..” მიერ 2002 წლის 26 მარტს გაცემული ¹25 ცნობა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ს. ბ-ი იმყოფებოდა ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონალურ მკურნლობაზე. გარდა ამისა, სარჩელი შეტანილი აქვს ბავშვის დედას ხ.პ-ს, რომელსაც სრული უფლება აქვს და ვალდებულია აღზარდოს შვილი, სკ-ს 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

ი. პ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მოცემული სასამართლოს განჩინება მისი გაუქმების მოთხოვნით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. პ-ი მოსარჩელე ხ. პ-ის შვილია, მოპასუხე ი. პ-ი კი მისი პაპაა. ხ. პ-ი 1991 წლის 31 იანვარს ქორწინებაში გატარდა ს. ბ-თან, 1993 წელს კი განქორწინდა ამ უკანასკნელთან და გადავიდა მამის _ ი.პ-ის ოჯახში; 2001 წლის 15 მარტს ხ.პ-ი და მისი ყოფილი მეუღლე ს. ბ-ი შერიგდნენ, მაგრამ მოპასუხემ უარი უთხრა შვილის აღსაზრდელად გადაცემაზე.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება სარჩელი დაეკმაყოფილებინა, ვინაიდან სკ-ს 1204-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლომ შეიძლება არ დააკმაყოფილოს მშობლების მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის დაბრუნების შესახებ, თუ იგი ეწინააღმდეგება შვილის ინტერესებს.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი პრეტენზია კასატორის მიერ წამოყენებული არ ყოფილა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასაბუთა გასაჩივრებული განჩინება სკ-ს 1204-ე მუხლით; აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მშობლებს უფლება აქვთ სასამართლოს წესით მოსთხოვონ არასრულწლოვანი შვილების დაბრუნება იმ პირს, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

დადგენილია, რომ ყოფილ მეუღლესთან შერიგებამდე არასრულწლოვანი ნ. ბ-ი იზრდებოდა დედასთან. პაპასთან იგი მშობლების ნებისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. საქმის მასალებით არ დასტურდება, ხათუნა პ-ის მხრიდან შვილთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც ხელს უშლის მის ნორმალურ აღზრდას ან მავნე გავლენას ახდენს მასზე. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მშობლებთან ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება შვილის ინტერესებს, პირიქით, მშობლიური, ოჯახური გარემო დადებითად იმოქმედებს მის ფიზიკურ აღზრდასა და სულიერ განვითარებაზე.

კასატორის მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ფაქტობრივი და ვერ სამართლებრივი საფუძველი, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.D

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 6 ივნისის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.