საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №39აპ-24 თბილისი
გ. ზ., 39აპ-24 4 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. გ-ას ადვოკატების – შ. კ-ისა და შ. თ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით:
§ ზ. გ-ა, --, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან – 2023 წლის 16 ივნისიდან;
§ გ. უ-ი, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. უ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვლება განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან.
2. განაჩენის მიხედვით, ზ. გ-ასა და გ. უ-ს მსჯავრად დაედოთ:
• გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთისა და ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით (ზ. გ-ასა და გ. უ-ის მიმართ);
• თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (გ. უ-ის მიმართ).
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 1996 წლის 30 აგვისტოს სამეწარმეო სუბიექტად დარეგისტრირდა შპს “ბ--ა“, რომლის 60% წილს ფლობდა ე. ლ-ი, ხოლო დარჩენილი 40% – გადანაწილებული იყო სხვადასხვა ფიზიკურ პირზე. 2005 წლიდან საწარმომ 10 წლით მიიღო სასმელი წყლის ჩამოსხმის ლიცენზია.
o 2005 წლის ბოლოს, შპს “ბ--ას“ 49.02% წილის მესაკუთრე გახდა რ. ქ-ი, რომელსაც ე. ლ-თან შეთანხმებისამებრ უნდა გადაეხადა ჯამურად 600000 აშშ დოლარი, საიდანაც 200000 აშშ დოლარი იყო აღნიშნული წილის ღირებულება, ხოლო 400000 აშშ დოლარი – ინვესტიცია. აღნიშნულის შედეგად, შპს “ბ--აში“ წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: ე. ლ-ი – 50.98%, ხოლო რ. ქ-ი – 49.02%. პირველ ეტაპზე, რ. ქ-მა შეასრულა 340000 აშშ დოლარის ინვესტიცია.
o 2005 წელს ე. ლ-მა -- შეიძინა 3998 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, სადაც შპს “ბ--ას“ უნდა შეესრულებინა სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის – უნდა განთავსებულიყო წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა. აღნიშნული ქარხნის გახსნისას გ. უ-მა ე. ლ-ს განუცხადა, რომ ის იყო რ. ქ-ის წარმომადგენელი და საწარმოს სრული საქმიანობა მასთან უნდა შეთანხმებულიყო.
o 2007 წელს ე. ლ-ს დაუკავშირდა რ. ქ-ის ნდობით აღჭურვილი პირი – ზ. გ-ა, რომლის მითითებით, ე. ლ-მა დამატებით 20,98% წილი გადააფორმა რ. ქ-ის სასარგებლოდ.
o 2009 წლის 9 ნოემბერს, გ. უ-ის ორგანიზებით, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, ე. ლ-ი ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს --- გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან, იძულებით მოათავსეს იქვე მყოფ ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს -- მდებარე საბაჟო ტერმინალში, სადაც გ. უ-ი და ზ. გ-ა იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მისგან მოითხოვდნენ ქონების დათმობას, მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, გ. უ-მა პრაქტიკულად თავისუფლებააღკვეთილ ე. ლ-ს ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მეტი დამაჯერებლობისათვის, მიიყვანეს შსს მაღალჩინოსანი, დ. ტ-ე, წარუდგინეს მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას. ქონების გადაფორმების მიზნით, ასევე მიიყვანეს ნოტარიუსი, თუმცა სანოტარო მოქმედებების შესასრულებლად საჭირო გახდა ქ-ში გამგზავრება. აღნიშნული უკანონო მოქმედებების შედეგად დათრგუნვილი ე. ლ-ი დასთანხმდა მათ მოთხოვნას, რის შემდეგაც ზ. გ-ამ, თანმხლებ პირებთან ერთად, ქონების გადაფორმებისათვის საჭირო მოქმედებების შესრულების მიზნით, ე. ლ-ი გადაიყვანა --
o 2009 წლის 11 ნოემბერს გ. უ-ისა და ზ. გ-ას დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, ე. ლ-მა შპს “ბ--აში“ თავის 30%-იანი წილი (ნომინალური ღირებულებით 10280 ლარი) და თავის საკუთრებაში არსებული, --- მდებარე, 7000 ლარად ღირებული, 3998 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით გადააფორმა მ. ც-ეზე, ისე, რომ თანხა არ მიუღია.
o იმის გამო, რომ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ჯერ კიდევ ე. ლ-ის სახელზე იყო აღრიცხული, 2009 წლის 15 დეკემბერს ზ. გ-ა დაუკავშირდა მას და აიძულა, მ. ც-ეზე გაყიდული უძრავი ქონების რ. ქ-ანზე გადაფორმება. ე. ლ-მა ეს მოთხოვნაც შეასრულა და --- მდებარე 3998 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით რ. ქ-ანს გადაუფორმა ისე, რომ, როგორც წინა შემთხვევაში, თანხა არ მიუღია. აღნიშნული ქმედებებით, ე. ლ-ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. გ-ას ადვოკატებმა – შ. კ-ემ და შ. თ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ზ. გ-ას გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენი ზ. გ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. გ-ას ადვოკატებმა – შ. კ-ემ და შ. თ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ზ. გ-ას გამართლებას.
7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორი ქეთევან ჩაჩავა საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს მსჯავრდებულის ადვოკატების საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ზ. გ-ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
11. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. გ-ას ადვოკატების – შ. კ-ისა და შ. თ-ის – საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე