3კ-1139-02 22 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: აღწერილობის აქტიდან ქონების ამორიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ა.-მა, დ. და ზ. კ.-ეებმა, ნ. შ.-ემ და ს. რ.-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს აღწერილობითი სიიდან ქონების ამორიცხვა შემდეგი საფუძვლით: მოპასუხე ნ. კ.-ეს თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ბ. კ.-ის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარის გადახდა და ასევე 1000 დოლარის სახელმწიფო ბაჟი. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მაგრამ აღსრულება ვერ მოხერხდა, რადგან მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს აღმასრულებლის მიერ შედგენილი აღწერილობითი სიიდან ქონების ამორიცხვა. აღნიშნული საკითხის განხილვამდე აღსრულება შეჩერდა. მოსარჩელეთა განმარტებით, ბინა, რომელიც აღწერილია სასამართლოს აღმასრულებლის მიერ, არ არის მარტო მოვალის, ნ. კ.-ის, საკუთრება. იგი ოჯახის ყველა რვა წევრის თანასაკუთრებაა, რამდენადაც ეს პრივატიზებული ბინაა. ბინაში არსებული ავეჯი და ნივთები ოჯახის ყველა წევრის თანაზიარი საკუთრებაა, ნაწილი ნივთებისა კი რძლების მიერ მოტანილი მზითევია.
საქმის განხილვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დანიშნული იყო 2001წ. 3 დეკემბერს. მხარეებს ეცნობათ საქმის განხილვის დღის შესახებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ორი მოსარჩელე ლ. ა.-ი და ზ. კ.-ე. მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა გამოუცხადებელი მოსარჩელეების მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მიიღო -დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გამოუცხადებელ მოსარჩელეებს: დ. კ.-ეს, ნ. შ.-ესა და ს. რ.-ეს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე გამოუცხადებლობის გამო, ხოლო ლ. ა.-ისა და ზ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით:
სასამართლოს მიაჩნია,რომ რადგან ბინა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივისაა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-10 პუნქტის თანახმად, ბინის მესაკუთრედ ითვლებოდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი, რომელმაც მთლიანად გადაიხადა საცხოვრებელი ბინის ღირებულება, ხოლო დანარჩენ წევრებზე საკუთრების უფლება არ ვრცელდება. სასამართლომ მიიჩნია, მოხდა რა სადავო ბინის პრივატიზაცია, მისი მესაკუთრე გახდა ნ. კ.-ე, ოჯახის დანარჩენი წევრები, მათ შორის, მოსარჩელე ზ. კ.-ე არ ითვლება ბინის მესაკუთრედ. რაც შეეხება მოსარჩელე ლ. ა.-ის სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელე ლამარა ა.-სა და მოპასუხე ნოდარ კ.-ეს შორის განქორწინება მოხდა 1985 წელს. იმ დროს მოქმედი საქორწინო და საოჯახო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად კი განქორწინებულ მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილი იყო სამწლიანი ვადა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ა.-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 მაისის განჩინებით ლ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ა.-ს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ა.-მ და ითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ შეფასება არ მისცა იმას, რომ კოოპერატიულ სახლში მან და მისმა მეუღლემ ბინა მიიღეს არა გაწევრიანების და პაის შეტანის შედეგად, არამედ ამ ბინაში გადავიდნენ სახელმწიფო საბინაო ფონდის ორი ბინიდან, რომელთაგან ერთი ბინის ძირითადი დამქირავებელი იყო იგი ამიტომ ბინის პრივატიზაციის შემდეგ, ისიც გახდა ბინის თანამესაკუთრე; ვინაიდან მათ მიერ არ იყო შეტანილი პაი, პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ვერ მოითხოვდა საკუთრებაში წილის გამოყოფას, რადგან იმ დროს ბინა ნ. კ.-ის საკუთრება არ ყოფილა. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ მონაწილეობდა მოპასუხე ნუგზარ კ.-ე, რომელსაც არ ჩაბარებია შეტყობინება. მას არ გამოუთქვამს მოსაზრება, ცნობს თუ არა სარჩელს, ამას კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ლ. ა.-ი და მოპასუხე ნ. კ.-ე განქორწინდნენ 1985წ. 10 ივლისს. ლ. ა.-ს განქორწინებიდან 3 წლის ვადაში არ მოუთხოვია საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის საკუთრების სადავო ბინის, ანუ პაის გაყოფა. ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო კოოპერატიული ბინის მეპაიე იყო ნ. კ.-ე, რომელმაც 1993წ. 3 ივლისს მოახდინა ბინის პრივატიზაცია.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ სიტუაციაში სააპელაციო სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის არც დამატებითი და არც დასაბუთებული პრეტენზია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი ლ. ა.-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” მე-10 პუნქტის თანახმად კოოპერატიული ბინა საკუთრებაში გადაეცემოდა კოოპერატივის წევრს და არა კოოპერატივის წევრის ოჯახის წევრებს. ბინის პრივატიზაცია განხორციელდა 1993 წელს. ამ დროისათვის ლ. ა.-ი უკვე ნ. კ.-ის ოჯახის წევრიც არ იყო, ამდენად, მას არავითარი უფლება სადავო ბინაზე არ შეიძლებოდა გასჩენოდა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ისიც არის სადავო ბინის მესაკუთრე, რადგან ისინი კოოპერატიულ ბინაში გადავიდნენ ამ ბინის ორ სახელმწიფო ფონდის ბინაში გაცვლის შემდეგ. პალატა განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სადავო ბინაში გადავიდა სახელმწიფო ბინის ფონდიდან, მოპასუხე ნ. კ.-ე გაწევრიანდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში და ის გახდა კოოპერატივის წევრი. რაიმე გამონაკლისისა ასეთი შემთხვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ მოპასუხე ნ. კ.-ე არ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს და ვერ შეძლო განმარტების მიცემა, აღნიშნული საკითხი შეიძლება დააყენოს არა მოსარჩელე ლ. ა.-მ, არამედ _ მოპასუხე ნ. კ.-ემ.
პალატა თვლის, რომ საპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.