Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1140-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: შვებულების თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ქ-ის წარმომადგენელმა გ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფონდი “.. ..” მიმართ შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, 1994წ. ივნისიდან 2001წ. 6 აგვისტომდე იგი მუშაობდა ფონდში “.. ..”. 1995წ. 1 ივნისიდან ყოველწლიურად მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა ფორმდებოდა ხელშეკრულებით; ა.ქ-ეს ფონდმა უარი უთხრა 1994 წლიდან 2000 წლამდე გამოუყენებელი შვებულების (172 სამუშაო დღე) თანხის ანაზღაურებაზე. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის გამოუყენებელი შვებულების დღეების შესაბამისი თანხის 743728 აშშ დოლარის (შესაბამის ლარებში) დაკისრება.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა: ალ.ქ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის მოტივით.

ა. ქ-ემ სააპელაციო პალატაში გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს _ ფონდ “.. ..” ა.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 821.56 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

შრომის კანონთა კოდექსის 72-ე მუხლი იმპერატიულად კრძალავს ყოველწლიური შვებულების მიუცემლობას ზედიზედ ორიწ. განმავლობაში. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით. აღნიშნული ნორმის მიხედვით გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას ფულადი კომპენსაციით კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. პალატამ კანონიერად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება შრომის კანონთა კოდექსის 214-ე პირველი მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია დააკმაყოფილოს მუშაკის მოთხოვნა განთავისუფლებისას გამოუყენებელი შვებულებისათვის ფულადი კომპენსაციის მიცემის თაობაზე არა უმეტეს ორი სამუშაოწ.ათვის.

ა. ქ-ის წარმომადგენელმა გ. ქ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების დღეების შესაბამისი თანხის _ 7476,84 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარების ანაზღაურება.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 214-ე პირველი მუხლი. სასამართლოს უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის არა ნაკლებ 48 სამუშაო დღის ანაზღაურება, მან კი მოპასუხეს დააკისრა მხოლოდ 19 სამუშაო დღის ანაზღაურება, მაშინ, როცა დავის საგანია 7წ. განმავლობაში გამოუყენებელი 172 სამუშაო დღე.

სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 67-ე მუხლი, და მასზე დაყრდნობით უარი უთხრა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე ფულადი კომპენსაციით.

სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. მან გადაწყვიტა სადავო თანხის შემცირების საკითხი, რაც სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილი არ არის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ფონდმა “.. ..” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: შკკ-ს 214-ე პირველი მუხლით გათვალისწინებულია, რომ სასამართლოს უფლება აქვს, გამოიტანოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მუშაკს გადაუხადოს თანხა, რომელიც მას ერგება, მაგრამ არა უმეტეს ერთიწ.ათვის, ხოლო დათხოვნისას გამოუყენებელი შვებულებისათვის ფულადი კომპენსაციის საკითხებზე _ არა უმეტეს ორი სამუშაოწ.ათვის. ფულადი კომპენსაციის დაკისრების შესაძლებლობა სასამართლოს ეძლევა იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება მუშაკის დათხოვნა. საქმის მასალებიდან კი ჩანს, რომ მუშაკის დათხოვნას ადგილი არ ჰქონია და მოსარჩელე თავისი განცხადებით განთავისუფლდა სამსახურიდან. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მხოლოდ შკკ-ს 66-ე, 67-ე, 72-ე მუხლები.

სამოტივიზაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრებს და თვლის რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ა. ქ-ის წარმომადგენელ გ. ქ-ის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შკკ-ს 67-ე და 72-ე მუხლები.

შკკ-ს 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით დაუშვებელია ყოველწლიური შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოდან დათხოვნილ პირს შვებულებით არ უსარგებლია. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-4 ნაწილით კი აკრძალულია ყოველწლიური შვებულების მიუცემლობა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მუშაკს სურვილი ჰქონდა ესარგებლა შვებულებით, და ადმინისტრაცია არ აძლევდა მას აღნიშნულის საშუალებას 1995 წლიდან.

სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა შკკ-ს 67-ე მუხლის მეოთხე ნაწილი; საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მუშაკმა შეიძლება მოითხოვოს შვებულების ფულადი კომპენსაციით შეცვლა, ვინაიდან იგი დაითხოვეს სამუშაოდან და შვებულებით არ უსარგებლია, მაგრამ უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ ორი წლის შვებულების ანაზღაურება, ვინაიდან ზემოთ მოყვანილი 72-ე მუხლის მე-4 ნაწილი იმპერატიულად კრძალავს შვებულების მიუცემლობას ზედიზედ ორიწ. განმავლობაში.

ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს შკკ-ს 2141-ე მუხლი, რომლის მიხედვით ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილება დათხოვნისას გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის საკითხებზე დასაშვებია არა უმეტეს ორი სამუშაოწ.ათვის.

გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა მოპასუხეს ა. ქ-ის 2000წ. გამოუყენებელი შვებულების 19 დღის ანაზღაურება 821,56 აშშ დოლარის ოდენობით.

პალატის მიერ ვერ იქნა გაზიარებული შეგებებული საკასაციო საჩივრის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შკკ-ს 2141-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ორიწ. შვებულების კომპენსაციით ანაზღაურების შესაძლებლობას მხოლოდ მუშაკის დათხოვნისას იძლევა; პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მუშაკი დათხოვნილია სამუშაოდან, მაგრამ არა ადმინისტრაციის ინიციატივით, არამედ საკუთარი სურვილით; პალატის აზრით, კასატორის მოტივაციის გაზიარების შემთხვევაში გაუმართლებლად შეიზღუდებოდა მუშაკის უფლება შვებულების კომპენსაციის მიღების თაობაზე, როცა იგი პირადი განცხადებით თავისუფლდება სამუშაოდან, მაშინ, როცა ადმინისტრაციის ინიციატივით გათავისუფლებისას ეძლევა აღნიშნული კომპენსაცია;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ქ-ის წარმომადგენელ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი და ფონდ “.. ..” შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.