Facebook Twitter

¹ 3კ/1143-01 1 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: მინდობილობისა და სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. კ-შვილმა ხალხური შემოქმედების ცენტრის დასაფუძნებლად ქ.თბილისში, ... ქ.¹8-ში და ¹10-ში შეიძინა მშენებარე ნაგებობები. აღნიშნული ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის ხელმძღვანელობის განხორციელება თ. კ-შვილმა დაავალა ტ. ა-ძეს. 1998 წლის 20 აგვისტოს დამოწმებული მინდობილობით რწმუნებულს ქონების მართვასთან დაკავშირებით მიენიჭა სრული უფლებამოსილება, გადანდობის უფლებით. მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო გახდა ... შესახვევის ¹7-ში ი. ტ-იდის და ნ. ტ-შვილის სახელზე რიცხული სახლმფლობელობის ტერიტორიის ათვისება. 1999 წლის 31 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით თ. კ-შვილის სახელით შეძენილ იქნა ი. ტ-იდის კუთვნილი სახლის 1/2½ ნაწილი. სახლის ამ ნაწილის ერთ ოთახში მცხოვრებმა ვ. ს-ძის ოჯახმა მესაკუთრის მიერ სამაგიერო ბინის შესაძენად საკომპენსაციო თანხის შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა ბინის გამონთავისუფლებაზე.

1999 წლის ოქტომბერში თ. კ-შვილის წარმომადგენელმა ტ. ა-ძემ სარჩელი შეიტანა ისან-სამგორის რაიონულ სასამართლოში საცხოვრებელი ბინიდან ვ. ს-ძის გამოსახლების შესახებ.

იმავე უბანში მცხოვრები ნ. პ-შვილი შეუთანხმდა თ. კ-შვილს, რომ უზრუნველუყოფდა ს-ძის მიერ დაკავებული ბინის გამოთავისუფლებას და მშენებარე ობიექტის დაცვას. თ. კ-შვილმა ტ. ა-ძეს და სამუშაოთა მწარმოებელს თ. გ-ძეს დაავალა ნ. პ-შვილისათვის გასამჯელოს გადახდა. თ. კ-შვილი ასევე დაპირდა ნ. პ-შვილს მშენებლობის დამთავრების შემდეგ ობიექტის დაცვის სამსახურში დასაქმებას.

ადვოკატ დ. გიორგაშვილის მიერ მიცემული კონსულტაციის შესაბამისად ტ. ა-ძემ და ნ. პ-შვილმა მინდობილობის გასაფორმებლად მიმართეს ქ.თბილისის სანოტარო ბიუროს. ნოტარიუს ნ. ჯ-ძის მიერ 1999 წლის 1 დეკემბერს დამოწმებული მინდობილობით ნ. პ-შვილს დაევალა თ-შვილის კუთვნილი სახლის გასხვისება.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 4 ივლისს მიიღო განჩინება მხარეთა მორიგების გამო სალუქვაძეების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მორიგების საფუძველზე თ. კ-შვილის წარმომადგენელმა ტ. ა-ძემ მოპასუხეებს გადაუხადა 5000 აშშ დოლარი. ხოლო ვ. ს-ძის ოჯახმა ბინა გამოანთავისუფლა ერთი თვის ვადაში.

ნ. პ-შვილს მშენებარე ობიექტის დაცვის უზრუნველყოფისათვის ყოველთვიურად ეძლეოდა 150 აშშ დოლარი. შემდგომში რამოდენიმე თვის გასამრჯელოს მიუღებლობა გახდა მხარეთა შორის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი. დავალების შეწყვეტის თაობაზე თ. კ-შვილმა აცნობა ნ. პ-შვილს. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თვით ნ. პ-შვილმა 2000 წლის ოქტომბერში ისანი-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოში მიცემული ახსნა-განმარტებით.

აღნიშნული სახლის 1/2½ ნაწილის თ. კ-შვილის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო 1999 წლის 13 ოქტომბერს ტ. ა-ძეზე, რომელიც ამ უკანასკნელთან ინახებოდა.

2000 წლის 27 სექტემბერს ნ. პ-შვილმა გაზეთ “სიგმაში” გამოაქვეყნა განცხადება, რომ თითქოს “დაიკარგა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (დედანი), რომელიც არის თ. კ-შვილის საკუთრება,” რაც დაედო საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერის დუბლიკატის გაცემას.

2000 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. პ-შვილმა, როგორც ტ. ა-ძის რწმუნებულმა თ. კ-შვილის კუთვნილი სახლის ნაწილი 20 000 აშშ დოლარად გაასხვისა თავის მეგობარ მ. ბ-ძეზე.

ნ. პ-შვილმა სანოტარო ბიუროში სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას განცხადებით დაადასტურა, რომ თითქოს თ. კ-შვილს არ ყავდა მეუღლე, მაშინ როდესაც მოსარჩელე 1994 წლის 10 თებერვლიდან რეგიტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საფრანგეთის მოქალაქე დ. ლ-ერთან.

ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მინდობილობის ასლები ნ. პ-შვილმა სახლში გაუგზავნა ტ. ა-ძეს.

ნ. პ-შვილის მიერ ჩადენილ ქმედებებზე ტ. ა-ძემ 2000 წლის 23 ოქტომბერს საჩივრით მიმართა ისანი-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოს, ხოლო 2000 წლის 15 ნოემბერს აღძრა სარჩელი მინდობილობის და სადავო ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო საჩივრით ნ. პ-შვილმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ მოქმედებდა მინდობილობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, და რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონიერად იყო გაფორმებული.

სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის პერიოდში გარდაიცვალა ტ. ა-ძე, რის შემდეგ სასამართლოს 2001 წლის 30 ივლისის განჩინებით საქმეში მოსარჩელედ ჩაება გარდაცვლილის მარწმუნებელი თ. კ-შვილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თ. კ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო საჩივრით თ. კ-შვილი ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 73-ე და 109-ე მუხლები, სათანადო შეფასება არ მიეცა მარწმუნებელ თ. კ-შვილის მიერ ნ. პ-შვილთან დადებული დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს. ასევე არ იქნა შეფასებული ნ.პ-სა და მ. ბ-ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1999 წელს თ. კ-შვილსა და ნ. პ-შვილს შორის ზეპირი ფორმით დადებული დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად რწმუნებულს ნ. პ-შვილს მარწმუნებლის თ. კ-შვილის სახელითა და ხარჯზე უნდა უზრუნველყო ქ.თბილისში, ... შესახვევის ¹7 ვ. ს-ძის მიერ დაკავებული ოთახის დროულად გამონთავისუფლება, ხალხური შემოქმედების ცენტრის მშენებარე ობიექტის დაცვა.

ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებული იყო გადაეხადა რწმუნებულისათვის შეთანხმებული გასამრჯელო.

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულების სავალდებულო ფორმა, რის გამოც მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადებული გარიგება არ შეიძლება ამ კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით ბათილად ჩაითვალოს.

ტ. ა-ძეს სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის მიხედვით უფლება ჰქონდა გადაენდო დავალება ნ. პ-შვილისათვის, მაგრამ ასეთი დავალება არ უნდა მოსულიყო კოლიზიაში თ. კ-შვილსა და ნ. პ-შვილს შორის დადებული დავალების ხელშეკრულებასთან.

სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმის თაობაზე, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა არა მარწმუნებელ თ. კ-შვილის მიერ ნ. პ-შვილთან დადებულ დავალების ხელშეკრულებაში გამოხატულ ნებას, არამედ 1999 წლის 1 დეკემბერს რწმუნებულ ტ. ა-ძის მიერ ნ. პ-შვილზე გაცემულ მინდობილობას, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელმა მესაკუთრე თ. კ-შვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიაღწია მისი კუთვნილი ქონების გასხვისებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის თქმის შესახებ ბათილია. უფლებამოსილების მიმცემს ყოველთვის შეუძლია უფლებამოსილების გაუქმება, რადგან იგი ცალმხრივი ნების გამოვლენაა. ამავე კოდექსის 109-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად წარმომადგენლობით უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით.

სადავო მინდობილობის გამოყენებით ნ. პ-შვილსა და მ. ბ-ძეს შორის გაფორმებული თ. კ-შვილის კუთვნილი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში მ. ბ-ძის სახელზე არ არის რეგისტრირებული. სახლის ამ ნაწილის მესაკუთრედ კვლავ რჩება თ. კ-შვილი.

აწ გარდაცვლილმა ტ. ა-ძემ სადავო სახლის გასხვისების შეტყობისთანავე ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პოლიციაში საჩივრის შეტანით, ხოლო შემდგომში სარჩელის აღძვრით გამოხატა ნება წარმომადგენლობის გაუქმების შესახებ.

ტ. ა-ძის გარდაცვალებით წარმოიშვა ნ. პ-შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის “Dდ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

თ. კ-შვილმა ნ. პ-შვილს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუწყვიტა ჯერ კიდევ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე-2000 წლის ზაფხულში.

ნ. პ-შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტამდე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეეესტრში გაუტარებლობით ეს ხელშეკრულება იქცა კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებად, რაც სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობის უცილო საფუძველია.

არ არის დასაბუთებული სააპელაციო პალატის განჩინება ნ. პ-შვილსა და მ. ბ-ძეს შორის სახლის ნასყიდობის მოჩვენებით გარიგებად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში. გაურკვეველია, თუ 1999 წლის დეკემბერში ნ. პ-შვილს ნამდვილად დაევალა თ. კ-შვილის კუთვნილი სახლის ნაწილის გასხვისება, რატომ დაყვებოდა იგი ტ. ა-ძეს მ. ს-ძის ბინიდან გამოსახლების საქმეზე სასამართლოში 7 თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე, ტ. ა-ძისაგან საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიღების ნაცვლად, რის გამო გამოაქვეყნა განცხადება გაზეთში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე, რა მიზეზით შეიყვანა შეცდომაში სანოტარო ბიურო, რომ თითქოს თ. კ-შვილს არ ჰყავდა მეუღლე, თუ ტ. ა-ძეს სადავო მინდობილობის გაფორმებისას არ დაუშვია შეცდომა ნების გამოვლენაში, რატომ გახადა მან საცილოდ ეს გარიგება. რა ინტერესით შეიძინა მ. ბ-ძემ 20000 აშშ დოლარად აუდიტის დასკვნის მიხედვით 2000 აშშ დოლარად შეფასებული ამორტიზებული სახლის ნაწილი, რომელიც ერთი ოთახისა და დამხმარე სათავსოებისაგან შედგება.

არ არის შეფასებული ნ. პ-შვილის მიერ 2000 წლის ოქტომბერში ქ.თბილისის ისანი-სამგორის შ.ს.სამმართველოში მიცემული ახსნა-განმარტება, რომელშიც იგი ფაქტობრივად ადასტურებს სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს. სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:P

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს თ. კ-შვილის წარმომადგენლის, გ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.