3კ-1144-02 29 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. წიქვაძედავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1997წ. 7 ივლისს ა. კ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ს.-ის” მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996წ. სექტემბრიდან 1997წ. 16 ივლისამდე მუშაობდა სს “ს.-ში” სხვადასხვა თანამდებობებზე. 1996წ. 1 აგვისტოს ბანკის პრეზიდენტის ¹69 ბრძანებით შეიქმნა გარესაბალანსო ანგარიშებზე გამოტანილი ვადაგადაცილებული დავალიანებების შემცირებით მიღებული შემოსავლების ხარჯზე სპეციალური მიზნობრივი ფონდი ჯგუფის წევრებისა და ბანკის თანამშრომლების მატერიალური წახალისებისათვის. ამ ფონდში ანარიცხების ნორმატივი განისაზღვრა 5%-ით, ვადაგადაცილებული დავალიანების შემცირების მოცულობის მიხედვით.
ს/ს “ს.-ის” პრეზიდენტის 1996წ. 18 ოქტომბრის ¹105 ბრძანებით ა.კ.-ე შეყვანილ იქნა ზემოაღნიშნული ჯგუფის წევრად, ხოლო 1996წ. 10 ოქტომბრის ¹104 ბრძანებით მოსარჩელეს მიეცა პრემია ჯგუფში გაწეული მუშაობისათვის.
მოსარჩელემ მოითხოვა ს/ს “ს.-ისათვის” 1997წ. 9 იანვრიდან 4076 ლარის და მისი საბანკო პროცენტის გადახდის დაკისრება, ასევე, მიყენებული მორალური ზიანისათვის 10 ათასი ლარის და ბენზინის საფასურის _ 500 ლარის გადახდა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ს/ს “ს.-ს” დაეკისრა 400 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო ა. კ.-ს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 350 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. კ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
2002წ. 13 თებერვლის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პალატამ მიუთითა, რომ არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და ამიტომ იგი უნდა დარჩეს ძალაში.
ა. კ.-მ საჩივრით მიმართა საკასაციო პალატას, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილლი მტკიცებულებები, რომლებითაც ცალსახად დგინდება, რომ იყო ვადაგადაცილებული და გარესაბალანსო ანგარიშზე გადატანილი დავალიანების ამომღები ჯგუფის წევრი და სწორედ ამ ჯგუფში მუშაობის გამო მიეცა მას ანაზღაურება ჯერ 500 ლარის, შემდეგ კი _ 400 ლარის ოდენობით. კასატორმა მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად დააკისრა მას 350 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით და სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ეს გარემოება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ს.-ის პრეზიდენტის 1996წ. 1 აგვისტოს ¹69 ბრძანებით შეიქმნა გარესაბალანსო ანგარიშზე გამოტანილი ვადაგადაცილებული დავალიანებების ამომღები სამუშაო ჯგუფი. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ გარესაბალანსო ანგარიშზე რიცხული ვადაგადაცილებული დავალიანების შემცირებით მიღებული შემოსავლების ხარჯზე ფორმირდებოდა სპეციალური მიზნობრივი ფონდი, რომელიც გამოიყენებოდა ჯგუფის იმ წევრებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებედნენ ასეთ დავალიანებათა შემცირების საქმეში. მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს აღნიშნულ დებულებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, აღნიშნული ბრძანებით დადაგენილია, რომ ფონდში ანარიცხის ნორმატივი განსაზღვრული იყო 5%-ით გარესაბალანსო ანგარიშზე აღრიცხული ვადაგადაცილებული დავალიანების შემცირების მოცულობის მიმართ, მაგრამ აღნიშნული ბრძანებით არ იყო განსაზღვრული, რომ ფონდში შესული თანხები აუცილებლად უნდა განაწილებულიყო ჯგუფის წევრებზე. Bბანკის პრეზიდენტის ბრძანებით ფონდი გამოიყენებოდა არა მხოლოდ ჯგუფის წევრების, არამედ _ ბანკის სისტემის სხვა თანამშრომელთა წახალისებისათვის.
აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მას უნდა მიეღო ამოღებული თანხის 5%, უსაფუძვლოა.
პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის, 350 ლარის, დაკისრება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სარჩელი მოცემულ საქმეზე შეტანილია 1997 წელს. იმჟამად მოქმედი სსკ-ს 137-ე მუხლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს უნდა გამოეტანა განჩინება, რომ სასარჩელო განცხადებას არ მისცემოდა მსვლელობა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი მიღებულია და არ არსებობს განჩინება ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს, რომ მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. Pპალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობისას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 თებერვლის განჩინება ა. კ.-ისათვის ბაჟის დაკისრების შესახებ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში.
ა. კ.-ე განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის 2002წ. 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.