Facebook Twitter

საქმე # 340100121004630607

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №141აპ-24 ქ. თბილისი

კ. ლ. 141აპ-24 31 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, –დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;

1.3. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით;

1.4. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.5. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.6. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ყ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ე–ში მდებარე, თავისსავე საცხოვრებელ სახლში ლ. კ–ე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ, ქარხნული წესით დამზადებულ, რუსული წარმოების ,,ИЖ-56-3“ მოდელის, 28/5,6 მმ კალიბრიან კომბინირებულ ორლულიან სანადირო თოფს №........., რისთვისაც მხილებული იქნა 2021 წლის 7 აპრილს, შსს ყ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

2.2. 2021 წლის 6 აპრილს ყ–ს რაიონის სოფელ ე–ში ლ. კ–ე თავისსავე – „მერსედესის“ მარკის (სახ. №.........) – ავტომანქანაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ, „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 9 მმ კალიბრიან №........ პისტოლეტს.

2.3. 2021 წლის მარტში ყ–ს რაიონის სოფელ ე–ში ლ. კ–ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 9 მმ კალიბრიან №.... პისტოლეტს.

2.4. 2020 წლის სექტემბრიდან ყ–ს რაიონის სოფელ ე–ში ლ. კ–ე სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს – ს. კ–ს, მიმართავდა მას დამამცირებელი სიტყვებით, რაც იწვევდა მის ტანჯვას.

2.5. 2021 წლის 6 აპრილს ყ–ს რაიონის სოფელ ე–ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში ლ. კ–მ სახის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს, ს. კ–ს, რის შემდეგაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.6. 2021 წლის მარტის დასაწყისში ყ–ს რაიონის სოფელ ე–ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ლ. კ–ე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ს. კ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენით :

3.1. ლ. კ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი);

3.1.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი);

3.1.5. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ლ. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 6000 ლარი;

3.3. ლ. კ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 7 აპრილიდან 2021 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული ჯარიმა შეუმცირდა 3000 ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ლ. კ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალადშერაცხილი დანაშაულებისათვის, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი).

4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს: მსჯავრდებულმა ლ. კ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. ჩ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელიც ითხოვს ლ. კ–ს ბრალადწარდგენილი დანაშაულების (კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების) ჩადენაში დამნაშავედ ცნობას.

6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულმა ლ. კ–სემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ჩ–მა, რომლებიც ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო დაშვების შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს ლ. კ–სის დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) ბრალადწარდგენილი ქმედების გამო, დაცვის მხარე კი – პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო დაშვების შემთხვევაში – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8.1. ამდენად, მხარებს შორის დავის საგანი არ არის ლ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც, შესაძლოა, საეჭვო გახადოს ამ ნაწილში ლ. კ–ს მსჯავრდება და სასჯელი, შესაბამისად, სასამართლო განაჩენის ამ ეპიზოდზე არ იმსჯელებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა ლ. კ–მ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

10. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. კ–ს გამართლება განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ლ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შესახებ, ვინაიდან არც მოწმეთა ჩვენებებით და არც წერილობითი მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნული, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი წარდგენილი ბრალდებების – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, ძალადობას (სახის არეში ხელი დაარტყმა) ან/და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ, ასევე გამართლებულის (ამ ნაწილში) ქმედებით დაზარალებულად ცნობილი პირის – ს. კ–სათვის ტანჯვის, ფიზიკური ტკივილის ან/და მუქარის რეალურად აღქმისა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის – დასადასტურებლად.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულმა ლ. კ–მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – მეუღლის – ლ. კ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, იმავდროულად, დაზარალებულად ცნობილმა პირმა უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, ხოლო სს საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 9 აპრილის დასკვნა, რომლის თანახმად, 2021 წლის 7 აპრილს პირადი გასინჯვით ს. კ–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, დაუდგენელი დარჩა, ჰქონდა თუ არა ადგილი ლ. კ–ის მიერ ს. კ–ს მიმართ ძალადობას ან/და მუქარას, განიცადა თუ არა ტანჯვა ან ტკივილი, აღიქვა თუ არა მუქარა დაზარალებულმა რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების რეალური შიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ტკივილის განცდის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შემთხვევაში – ტანჯვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში – საფუძვლიანი შიშის გამოწვევის შეგრძნებას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით კი არ დასტურდება მითითებული დანაშაულების აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულ ს. კ–ს მიერ ფიზიკური ტკივილის, ტანჯვის ან/და შიშის განცდა.

14. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2021 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებების, დასაბუთებისთვის ბრალდების მხარემ დანაშაულის ჩადენის ძირითად მამხილებელ მტკიცებულებად წარმოადგინა: მოწმე გ. ბ–ს ჩვენება, ასევე პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ მიკროავტობუსის ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციას, - რომ მიკროავტობუსში, მძღოლის სავარძლის ზემოთ, ჭერში არსებული სათავსოში ნანახი და ამოღებული იქნა პისტოლეტი (ბალისტიკური ექსპერტიზის 2021 წლის 7 აპრილის №.. დასკვნის თანახმად, არის ქარხნული წესით დამზადებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 9 მმ კალიბრიანი (№.....) პისტოლეტი, რომელიც ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას) და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2021 წლის 19 ივლისის №.......... დასკვნა (ანაწმენდებზე №....... პისტოლეტის სახელურიდან (ობ. N..), ჩამკეტის ჩარჩოსა (ობ. N..) და მჭიდიდან (ობ. N..) არსებული მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N...-ის პროფილების ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ლ. კ–ს. ობ. N..-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია).

14.1. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ლ. კ–ს განმარტებას, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტის წარდგენა, რაც სახლში ვერ იპოვეს. გაახსენდა, რომ ადრე მამამისი მანქანაში ინახავდა თოფს და შესაძლოა იქ ყოფილიყო, შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ეძებდა. მიკროავტობუსის ჩხრეკისას ,,სათავსში ნახა ეს იარაღი და მიაწოდა პოლიციის თანამშრომელს“, ხოლო, მეორე მხრივ, ჩხრეკის 2021 წლის 7 აპრილის ოქმს, რომლის თანახმად, ლ. კ–ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა ამოსაღები ობიექტი – ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რაზეც მან განაცხადა თანხმობა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ჩხრეკა ჩატარდა, მათ შორის, მძღოლის სავარძლის ზემოთ, სამზეურის ზემოთ არსებულ სათავსებში, სადაც ჩხრეკისას ნანახი – აღმოჩენილი იქნა ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდით. ამასთან, ოქმში, რომელიც, მათ შორის, ხელმოწერილია ლ. კ–ს მიერ, არ ფიქსირდება შენიშვნა ან განცხადებები, მათ შორის, ლ. კ–ს განმარტებასთან დაკავშირებით, რომ მან თავად აღმოაჩინა სათავსში იარაღი, ამოიღო და მიაწოდა პოლიციელებს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ლ. კ–ე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები ჩვენებებში არაერთგვაროვნად აღწერენ ჩხრეკის მიმდინარეობისას უშუალოდ ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებასთან დაკავშირებულ საკითხს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა ნეიტრალური მტკიცებულება (საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას არ ესწრებოდა ნეიტრალური პირი ან/და არ არის წარმოდგენილი ჩხრეკის მიმდინარეობისას ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა), რომელიც დაადასტურებდა ან გამორიცხავდა ლ. კ–ს მიერ მითითებულ ვერსიას, საკასაციო სასამართლო, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მხოლოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად ლ. კ–ს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რამდენადაც შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა პერიოდში ჰქონდა შეხება ლ. კ–ს აღნიშნულ იარაღთან;

14.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის პოზიციით მოწმე გ. ბ–მა შეცვალა გამოძიების დროს მიცემული ჩვენება; თავდაპირველად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას (მოსამართლე ნ. ნ–სთან) დაადასტურა, რომ ლ. კ–მ 2021 წლის მარტში მიუტანა გასაწმენდად პისტოლეტი, თუმცა სს საქმის განმხილველი მოსამართლის შეცვლის შემდგომ, განაჩენის გამომტან მოსამართლესთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში (კასატორი პროკურორის განმარტებით: ,,როცა მიხვდა, რომ საფრთხეს უქმნიდა მიცემული ჩვენებით ლ. კ–ს, თავის სიძეს, შესაძლოა, ვინმეს ზემოქმედებითაც, შეცვალა ჩვენება“) აღნიშნა, რომ არ ახსოვს ზუსტად, მაგრამ 2019-2020 წლებში ლ-მ და მამამისმა ერთად მიუტანეს იარაღი გასაწმენდად.

14.3. აღნიშნულისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით, ჩნდება ეჭვები ლ. კ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვისა ან/და ტარების ნაწილში, რაც ვერ გაქარწყლდა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, აღნიშნული უნდა გადაწყდეს გამართლებულის (ამ ნაწილში) სასარგებლოდ.

15. ამდენად, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, შესაბამისად, პროკურორის პოზიცია არის მხოლოდ ვარაუდი; საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე