¹ 3კ/1147-01 6 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 25 მაისს ლ. ზ-ძემ ეგრეთ წოდებული “შინაურული ხელწერილით” ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტის დასადასტურებლად ა. მ-ძეს გადასცა ბედ 2000 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 10 ივლისს _ 1000 აშშ დოლარი. მხარეებს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება აღარ დაიდო. ლ. ზ-ძემ სარჩელი აღძრა ა. მ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით ანაზღაურება და მიყენებული ზიანის _ 4000 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება მოსარჩელის ბრალით არ დაიდო, რის გამოც მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. მ-ძეს ლ. ზ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 აშშ დოლარის გადახდა ეროვნული ვალუტის კურსით. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ბინის შესაძენად მოპასუხეს ბეს სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი. 1999 წლის 28 ოქტომბერს ა. მ-ძემ ბინა იპოთეკით დატვირთა ერთი წლის ვადით, ისე რომ ლ. ზ-ძისათვის ამის შესახებ არ შეუტყობინებია. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით იმ საფუძვლით, რომ გასაყიდი ბინის იპოთეკით დატვირთვა არ აფერხებდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. მოსარჩელის მხრიდან აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, ბინა დაეგირავებინა (იპოთეკით დაეტვირთა) იმ პირობით, რომ მდგმურები ბინას მოთხოვნისთანავე გაათავისუფლებდნენ.
აღნიშნული გარემოება ხელს არ შეუშლიდა ლ. ზ-ძეს, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება _ სრულად გადაეხადა ბინის მთლიანი ღირებულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ა. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ლ. ზ-ძემ ა. მ-ძეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გადასცა 3000 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია აღნიშნული თანხა ბედ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ამდენად, ბე ძირითადი ხელშეკრულების ნაწილია, ხოლო ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხრეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 323-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამავე კოდექსის 328-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან ბე ძირითადი ხელშეკრულების ნაწილია, იგი იმ ფორმის დაცვით უნდა გაფორმდეს, როგორ ფორმასაც ითვალისწინებს კანონი ძირითადი ხელშეკრულებისთვის. რადგან მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობას შეეხება და ბეს გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ფორმა დაცული არ არის, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით ეს გარიგება ბათილია. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის გამო არ არსებობს.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მხარეებს არ დაუყენებიათ მოთხოვნა სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლის შესახებ, სასამართლომ თავისი ინიციატივით შეცვალა იგი და ხელშეკრულება ბათილად ცნო. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი, მაგრამ უნდა გამოეყენებინა ამავე მუხლის მეორე ნაწილი, რომლითაც შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. შეცილების უფლება კი აქვთ დაინტერესებულ პირებს. ამდენად, სასამართლოს აღნიშნული ნორმა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან იგი არც მხარეა ამ გარიგებაში და არც დაინტერესებული პირი. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ასევე სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 328-ე, 323-ე, 59-ე, 976-ე მუხლები. მას უნდა გამოეყნებინა 98-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიეღო გადაწყვეტილება ა. მ-ძის სასარგებლოდ.
კასატორი მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით, მხარეთა მოთხოვნის გარეშე, გამოიყენოს მატერიალური სამართლის ნორმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასამართლო ვალდებულია მიუთითოს კანონებზე, რომლითაც იგი ხელმძღვანელობდა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ნორმა გარიგების ბათილობის შესახებ _ სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რადგან ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. ასეთი გარიგება არარა გარიგებაა და იგი არ წარმოშობს დასახულ სამართლებრივ შედეგებს არც მხარეთათვის და არც სასამართლოსათვის. რადგან ფორმის დაუცველად დადებული გარიგება იურიდიულად შედეგუუნაროა, ასეთ შემთხვევაში არაა სავალდებულო მხარე სარჩელით მოითხოვდეს მის ბათილობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისას არ გასცდენია მოთხოვნის ფარგლებს და მხარისათვის არ მიუკუთვნებია ის, რაც მას არ უთხოვია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 59-ე, 69-ე, 327-ე, 323-ე, 328-ე და 976-ე მუხლები. საკასაციო სასამართლო მთლიანად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით ბეს გადაცემის სახელშეკრულებო ფორმის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001 წლის 17 იანვრის ¹3კ/80-01 განჩინებით* განმარტა, რომ უძრავი ქონების შესაძენად ბეს სახით გაცემულ თანხაზე ხელშეკრულება იმ ფორმის დაცვით უნდა გაფორმდეს, როგორ ფორმასაც ითვალისწინებს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. მ-ძის წარმომადგენლის მრად მრადის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინება.
კასატორს დაევალოს სახელმწიფო ბაჟის 235 ლარის გადახდა, რომლის 70% _ 165 ლარი, კასატორმა უნდა შეიტანოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ¹000 141 107(კოდი 59), ხოლო 30% - 70 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
* ix. susg 2001, # 1, samoq., gv. 57-59.