3კ-1147-02 6 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 აპრილისა და 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლითაც ძალაში დარჩა 27 აპრილის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა შპს “ი.-ს” სარჩელი მოპასუხე შპს “მ.-ის” მიმართ უკანონო მფლობელობაში არსებული 18 კვ.-ის გამოთავისუფლებისა და შპს “ი.-სათვის”, როგორც კანონიერი მფლობელისათვის, მისი დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები შევიდა კანონიერ ძალაში. შპს “მ.-ის” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 აპრილის და 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა შპს “მ.-ის” წარმომადგენლის, ადვოკატ ჩ.-ის ბრალეული ქმედება. ამასთან, ცნობები, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის ¹24/717 ცნობა და ტექინვენტარიზაციის ბიუროს ¹12-866 ცნობა, ყალბია, რაც განმცხადებლის აზრით, საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ დასახელებული ცნობების სიყალბე პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით არ დადგენილა, ასევე არ დადგენილა სისხლის სამართლის წესით ადვოკატ ჩ.-ის ბრალეულობა. ამდენად, აღნიშნული გარემოებები სსკ-ს 423-ე მუხლის თანახმად არ წარმოადგენენ ახლად აღმოჩენილ გარემოებას და შესაბამისად არ არსებობს საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
შპს “მ.-ის” წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინებით შპს “მ.-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილ იქნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შპს “მ.-ა” 1995წ. 21 აპრილიდან ცნობილია თბილისში ... მდებარე მათ მიერ შესყიდული 18 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება განცხადების განხილვის დროს დატოვებულია სათანადო შეფასების გარეშე, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა რაიონულ სასამართლოში.
შპს “ი.-ს” დირექტორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოითხოვა მისი გაუქმება და შპს “მ.-ის” განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსკ-ს 427-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება. სასამართლო განცხადების განხილვისას იმსჯელებს იმ გარემოებებზე, რომელზედაც განცხადების ავტორი უთითებს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელზე მითითებით სააპელაციო სასამართლო ხელახლა განსახილველად აბრუნებს საქმეს, განცხადების ავტორის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, შეუძლებელია მასზე ემსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს და დაუშვებელია აღნიშნული გარემოება დადებოდა საფუძვლად გადაწყვეტილების გაუქმებას.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებებზე, რომელთა შესახებ განცხადების ავტორი პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო საჩივარში უთითებდა.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს იმ გარემოებებზე, რომლებზედაც განცხადების ავტორი პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო საჩივარში უთითებდა და შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა ეს გარემოებები საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
თუ სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოცემული განცხადების განხილვას უნდა დაუკავშირდეს, მან უნდა იმსჯელოს აღნიშნულ გარემოებაზე და იურიდიულად შეაფასოს იგი, რათა არ მოხდეს საქმის უსაფუძვლო გაჭიანურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ი.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.