Facebook Twitter

¹ 3კ/1151-01 22 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც მიუთითებდა, რომ მისი მამამთილი გ. გ-ძე 1941 წელს გაიწვიეს დიდ სამამულო ომში. 1943 წელს მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა ტყვედ, რის გამოც მისი ცოლ-შვილი, მათ შორის მისი მეუღლე ვ. გ-ძე ბრალის წაუყენებლად გადაასახლეს წყალტუბოს რაიონის სოფ. .... ადიგენის რაიონში, მითითებული საფუძვლით მოითხოვა ვ. გ-ძის ოჯახის აღიარება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა მისი მეუღლის _ ვ. გ-ძის აღიარება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ე. გ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გ. გ-ძე გაწვეული იყო დიდ სამამულო ომში 1942 წლის 11 იანვარს. 1944 წელს მისი მეუღლე – ე. გ-ძის კომლი, მათ შორის ვ. გ-ძე გადასახლებული იყო სოფ. .... ადიგენის რაიონში. კომლი სოფ. .... დაბრუნდა 1967-69 წლებში. ვ. გ-ძე იყო მოსარჩელის – ე. გ-ძის მეუღლე, რომელიც გარდაიცვალა 1984 წელს. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ე. გ-ძე და ვ. გ-ძე დაქორწინდნენ 1956 წელს და ე. გ-ძე მეუღლესთან ერთად არ იმყოფებოდა გადასახლებაში.

სასამართლომ გამოიყენა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

სასამართლომ მიუთითა, რომ ე. გ-ძის მეუღლის იძულებითი გადასახლება არ დასტურდება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს გადასახლება დაკავშირებული არ იყო მოსარჩელის მეუღლის და არც მისი მშობლების პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოცილური, წოდებრივი ან რელიგიურ კუთვნილებასთან. სასამართლომ გაიზიარა ქუთაისის სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს ეს ღონისძება არ განუხორციელებია პოლიტიკური მოტივით, არამედ გამოწვეული იყო მთიანი და მჭიდროდ დასახლებული ადგილების ათვისების მიზნით.

მითითებული საფუძვლებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001 წლის 21 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოითხოვს მისი მეუღლის აღიარებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. კასატორი მიუთითებს, რომ მისი დედამთილი თავის ოთხ შვილთან ერთად გადასახლებული იყო ბრალის წაყენებისა და გასამართლების გარეშე. მისი ოთხი შვილიდან, სასამართლომ სამი უკვე აღიარა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ხოლო მეოთხე შვილის – ვ. გ-ძის პოლიტიკურ რეპრესიით მსხვერპლად აღიარებაზე სასამართლომ უარი უთხრა, რაც მისთვის გაუგებარია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ საქმეზე სასამართლომ დადგენილად ცნო, ე. გ-ძის ოჯახი გადასახლებული იყო სოფ. მაღლაკიდან ადიგენის რაიონში 1944 წელს, საიდანაც დაბრუნდა 1967-69 წლებში. სასამართლომ, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მეორე მუხლის გამოყენებით და მოპასუხის განმარტების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ სახელმწიფოს ე. გ-ძის ოჯახის გადასახლება არ განუხორციელებია პოლიტიკური მოტივით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაპციო პალატის მითითებული დასკვნა დაუსაბუთებელია, რადგან მითითებული კანონის მეოთხე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი. აღნიშნულის დასადგენად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს უნდა მისცენ ისეთი შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა მისი მეუღლის – ვ. გ-ძის პოლიტიკური რესპრესიის მსხვერპლად აღიარება. სააპელაციო პალატის განჩინებაში კი მითითებულია, რომ მოსარჩელე ითხოვს მისი ოჯახის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას და დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად გადასახლებაში.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დააზუსტოს მოსარჩელეს მოთხოვნა, სრულად დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 21 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.