Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1152-01 30 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სარჩელის საგანი: კიბის უჯრედის თავზე არსებული საჩრდილობლის დაშლის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ.ს 3 ნოემბერს გ. ნ-ძემ სარჩელი აღძრა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ქ. ჩ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიერ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2000წ. 29 მარტის ¹70 გადაწყვეტილებისა და ქალაქის მთავარი არქიტექტორის 2000წ. 6 აპრილის ¹168 ბრძანების საფუძველზე კიბის უჯრედის თავზე აშენებული საჩრდილობელი 2000წ. 19 სექტემბერს მოპასუხე ქ. ჩ-ძემ მთლიანად დაშალა და გამოსაყენებლად უვარგისი გახადა. მოსარჩელის განცხადებით მოპასუხის მოქმედების შედეგად მისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1.914 ლარი.

მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ზიანის 1.914 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჩრდილობლით მისი ოჯახი წლების მანძილზე სარგებლობდა. 1992 წლიდან სხვადასხვა უწყებებს მიმართავდა საჩრდილობლის დაკანონების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. მოსარჩელის მიერ წარმოებულ უნებართვო მშენებლობის თაობაზეც არაერთხელ მიმართა შესაბამის სამსახურებს, მაგრამ შედეგს აქაც ვერ მიაღწია. მოპასუხემ დაადასტურა, რომ განაწყენებულმა მართლაც დააზიანა საჩრდილობლის სახურავი, მაგრამ ამით რაიმე ზიანი არ დამდგარა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ნ-ძის სარჩელი და მოპასუხეს დაეკისრა მიყენებული ზიანის 1.914 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 47 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჩ-ძემ.

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 აპრილის გადწყვეტილების გაუქმება, რის საფუძვლადაც მან მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის გამგეობის 2000წ. 29 მარტის ¹70 გადაწყვეტილებით გ. ნ-ძეს ნება დაერთო შეეცვალა თბილისში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის კიბის უჯრედის თავზე დაზიანებული გადახურვა და მოეწყო საჩრდილობელი.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000წ. 8 მაისის ¹168 ბრძანებით შეთანხმებული იქნა პროექტი. შესაბამისად, თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 2000წ. 31 დეკემბერს გ. ნ-ძის სახელზე გაიცა ნებართვა მშენებლობის დაწყების, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის კიბის უჯრედის თავზე საჩრდილობლის მოწყობის თაობაზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის შსს თანამშრომლების მიერ შედგენილი 2000წ. 19 სექტემბრის და 2000წ. 21 ივლისის ოქმებით, თბილისში, ... მცხოვრებ პირთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2000წ. 19 სექტემბერს ამავე მისამართზე მცხოვრებმა ქ. ჩ-ძემ მოშალა გ. ნ-ძის მიერ კიბის უჯრედის თავზე აშენებული საჩრდილობელი.

მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სადავო საჩრდილობლის აღებით უშუალოდ იყო დაინტერესებული აპელანტი _ ქ. ჩ-ძე და 2000წ. 19 სექტემბერს მის მიერ მოყვანილმა ხელოსნებმა მოშალეს გ. ნ-ძის მიერ აშენებული საჩრდილობელი.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჩ-ძემ და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება, საქმის არსებითად გადაწყვეტა და გ. ნ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა, მიუთითა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე არასწორად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ასევე განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა არასწორ ჩვენებებს. მანვე მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციას ნებართვა გაცემული აქვს არა 2000წ. 31 დეკემბერს, არამედ 2000წ. 18 მაისს და ეს ნებართვა ძალაში იყო 31 დეკემბრამდე; გ. ნ-ძეს კანონის დარღვევით აქვს ნებართვები მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პრეტენზია გულისხმობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას საპროცესო ნორმათა დარღვევით. კერძოდ, მართალია, კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება აგებულია არასწორ მტკიცებულებებზე, მაგრამ არ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატება მტკიცებულებათა უსწორობა, საკასაციო პრეტენზია კი დასაბუთებული უნდა იყოს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. ჩ-ძემ მოშალა გ. ნ-ძის მიერ კიბის უჯრედის საჩრდილობელი. ასევე დადგენილია ის ფაქტი, რომ სათანადო ორგანოებიდან მიღებული ნებართვის საფუძველზე მოაწყო გ. ნ-ძემ სადავო საჩრდილობელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, რადგან მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა ზიანი _ დაანგრია კიბის საჩრდილობელი. სასამართლომ დაადგინა ზიანის ოდენობა, რასაც კასატორი სადავოდ არ ხდის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კასატორი სადავოდ არ ხდის დელიქტის არსებობას.

პალატა არ იზიარებს კასატორის მიერ მითითებულ გარემოებებს მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს არსებით მხარეს მოცემული დავის გადასაწყვეტად, ვინაიდან დელიქტური ვალდებულების საფუძველზე დავისას მთავარია დადგინდეს ზიანის მიყენების ფაქტი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი და იგი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია როგორც ბრალი, ისე მიზეზობრივი კავშირი ქ. ჩ-ძის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მშენებლობა უნებართვოა, უსაფუძვლოა, რადგან, ჯერ ერთი, დადგენილია, რომ მშენებლობა ნებართვის საფუძველზე აწარმოა გ. ნ-ძემ; მეორე, უნებართვოც რომ იყოს, ქ. ჩ-ძის მოქმედება მაინც მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნეოდა, რადგან უნებართვო მშენებლობის აღკვეთა შეუძლია მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილ უწყებას (სამსახურს) და არა კერძო პირს.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.