გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1154-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: პარტნიორთა კრების და დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებების გაუქმება და სამი დირექტორისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება.
აღწერილობითი ნაწილი:
1996წ. 30 აგვისტოს თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს “მ.”, რომლის დამფუძნებლები იყვნენ სს “მა.” (50%) და კომპანია “ვ.” (50%).
საზოგადოების წესდების 6.1 პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე საზოგადოებაში მიიღება ერთხმად, ხოლო საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭება დირექტორთა საბჭოს, რომლის შემადგენლობაში შედის 6 დირექტორი. აქედან სამ დირექტორს ნიშნავს კომპანია “ვ.”, ხოლო სამ დირექტორს – სს “მა.” (წესდების 7.4 პუნქტი).
1997წ. 15 ოქტომბერს სს “მა-სა” და კომპანია “ვ-ს” შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც “მა-მა” შპს “მ-ოს” საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა შენობა, მდებარე თბილისში, ...ის გამზ. ¹12-ში (სასტუმრო “ს.”). 1999წ. 16 მარტს აღნიშნული შენობა აღირიცხა საჯარო რეესტრში შპს “მ-ოს” საკუთრებად.
2000წ. 5 მაისს სს “მა-მა” სარჩელი შეიტანა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს ნოტარიუს ნ. სისაურის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელის მიერ 1997წ. 15 ოქტომბერს შესრულებული სანოტარო მოქმედების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსმა იმის ნაცვლად, რომ დაემოწმებინა სს “მა-სა” და შპს “მ-ოს” შორის დადებული უძრავი ნივთის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულების შინაარსი, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მოახდინა მხოლოდ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით სს “მა-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა და ზემოხსენებული სანოტარო მოქმედება გაუქმდა.
სს “მა-ს” მოთხოვნის საფუძველზე საჯარო რეესტრში შევიდა ცვლილება და თბილისში, ...ის გამზ. ¹12-ში მდებარე შენობის 8 525 კვ.მ აღირიცხა სს “მა-ს” საკუთრებად, ხოლო შპს “მ-ს” საკუთრებაში დარჩა ამ შენობის 300 კვ.მ.
2001წ. 25 იანვარს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს “ს.”, რომლის დამფუძნებელი იყო სს “მა.”. შპს “ს-ს” საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა უძრავი ქონება _ სასტუმრო “ს-ს” ნაწილი _ 8 525 კვ.მ.
როდესაც აღნიშნული ფაქტი შეიტყო კომპანია “ვ-მ”, მან სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების _ სს “მა-ს” და შპს “ს-ს” წინააღმდეგ და მოითხოვა სასტუმროს შენობის შპს “მ-ოსათვის” დაბრუნება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის განჩინებით კომპანია “ვ.” მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ, სათანადო მოსარჩელედ დასახელებულ იქნა შპს “მ-ო”, რომელსაც მიეცა წინადადება, ჩაბმულიყო საქმის განხილვაში.
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით 2001წ. 11 ივლისს ჩატარდა შპს “მ-ოს” დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომელმაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ხმები გაიყო შუაზე – სს “მა-ს” მხრიდან დანიშნულმა დირექტორებმა უარი განაცხადეს სათანადო მოსარჩელედ საქმეში საზოგადოების ჩაბმაზე.
იმავე დღეს გაიმართა შპს “მ-ს” პარტნიორთა კრება, რომელმაც ასევე ვერ მიიღო გადაწყვეტილება ზემოთ მითითებულ საკითხზე.
აღნიშნულის გამო, კომპანია “ვ-მ” და შპს “მ-ს” სამმა დირექტორმა სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შპს “მ-სა” და სს “მა-ს” მიმართ და მოითხოვა შპს “მ-ს” 2001წ. 11 ივლისის დირექტორთა საბჭოს და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმება და შპს “მ-ში” კომპანია “ვ-ს” მიერ დანიშნული სამი დირექტორისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება შპს “მ-ს” სახელით შპს “ს-სთან” და სს “მა-თან” სამართლებრივი ურთიერთობის მიზნით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით კომპანია “ვ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს უარი ეთქვა დირექტორთა საბჭოს და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმებაზე იმ საფუძვლით, რომ არც დირექტორთა საბჭოს და არც პარტნიორთა კრებას არ გამოუტანია გადაწყვეტილება, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა, კომპანია “ვ-ს” მიერ დანიშნული დირექტორებისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, დაკმაყოფილდა.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “მა-მა”.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ შპს “მ-ს” პარტნიორმა სს “მა-მა” შპს “მ-სთან” სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე 1997წ. 15 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა ამ უკანასკნელს თბილისში, ...ის გამზ. ¹12-ში მდებარე შენობა, საერთო ფართით 8 825 კვ.მ, რაც აღირიცხა შპს “მ-ოს” საკუთრებად საჯარო რეესტრში, მაგრამ სს “მა-ს” სარჩელის საფუძველზე, რომლის მოპასუხე იყო არა ხელშეკრულების მხარე, არამედ _ ნოტარიუსი, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზემოხსენებულ ხელშეკრულებაზე სანოტარო მოქმედება და სს “მა-ს” მოთხოვნით საჯარო რეესტრში შევიდა ცვლილება _ სადავო შენობა კვლავ აღირიცხა სს “მა-ს” საკუთრებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “მ-ოს” საკუთრება მისი ნების გათვალისწინების გარეშე შემცირდა მისივე პარტნიორის, სს “მა-ს”, მოქმედების შედეგად.
სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს “მ-ს” პარტნიორი სს “მა.” მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ მისი მხრიდან დანიშნული დირექტორები უარს აცხადებენ, ჩაებან სათანადო მოსარჩელედ დავაში ქონების დაბრუნების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ თბილისში არსებული დიდი კონკურენციის გამო ნაკლებმომგებიანია სასტუმროს ბიზნესი. მიუხედავად ამისა, “მეწარმეთა შესახებ” კანონის პირველი მუხლის შესაბამისად დაბრუნებული სასტუმროს ქონებაზე სს “მა-მა”, მოგების მიღების მიზნით დააფუძნა შპს “ს.”.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იგი არ წყვეტს, თუ რამდენად კანონიერია შპს “მ-ოს” მოთხოვნა ქონების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ თვლის, რომ მას უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, დაიცვას თავისი დარღვეული უფლებები სასამართლოს მეშვეობით. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-7, 21-ე და 45-ე მუხლები და სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები, მოვალეობები და მიიჩნია, რომ სს “მა-ს” მოქმედება, როდესაც იგი არ იღებს გადაწყვეტილებას შპს “მ-ს” ინტერესების დასაცავად საქმეში სათანადო მოსარჩელედ საზოგადოების ჩაბმაზე, ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ მოქმედებად, რადგან იგი თავის ინტერესებს აყენებს შპს “მ-ს” ინტერესებზე მაღლა, რითაც ზიანს აყენებს საზოგადოებას.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, როდესაც პარტნიორები შეთანხმდნენ წილების ისეთ განაწილებაზე, როგორიცაა 50%/50%-ზე, მათ იმთავითვე დაუშვეს შესაძლებლობა იმისა, რომ ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, ხოლო ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან საზოგადოების საქმიანობაში ჩარევა კანონსაწინააღმდეგოა, რადგან უხეშად ხელყოფს საზოგადოების ავტონომიის პრინციპს, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ ორგანოს, ხოლო კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის (იურიდიული პირის) საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, ანუ უფლებას, მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლებების დასაცავად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო უფლებამოსილია უზრუნველყოს ამ პირისათვის დარღვეულად მიჩნეული თავისი უფლების დაცვის შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირი ვერ ახორციელებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას სხვა პირის არაკეთილსინდისიერი მოქმედების შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და 2002წ. 4 ივნისის განჩინებით უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “მ-ოს” დირექტორებს: ი. რეშეფს, რ. გავრიელს და ე. აბრამოვიჩს მიენიჭათ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შპს “მ-ს” სახელით შპს “ს-სთან” და “მა-თან” ურთიერთობაში.
სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “მა-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
1. სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანით ზიანი მიადგა შპს “მ-ოს”. კასატორის მოსაზრებით, ცვლილება საჯარო რეესტრში არ იყო საზოგადოებისათვის საზიანო, რადგან სადავო შენობა საკუთრებაში არ გადასცემია. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 61-ე მუხლის პირველი პუნქტი და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.4 მუხლი.
2. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 42-ე და 45-ე მუხლები. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული ნორმები შეეხება, აგრეთვე, მათი საკუთრების უფლების დაცვასაც. სადავო შენობაზე საკუთრების უფლების გადაცემა არ მომხდარა, ვინაიდან სახეზე იყო უცილოდ ბათილი გარიგება და მათ უსაფუძვლოდ ედავებიან იმ ქონებაზე, რომლის საკუთრებაში გადაცემაც შპს “მ-სათვის” იურიდიულად არ განხორციელებულა.
კასატორის მოსაზრებით, არარა გარიგება არ წარმოშობს არანაირ უფლებებს და სასამართლომ მოსარჩელისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებით საფრთხის ქვეშ დააყენა მათი საკუთრების უფლება და ხელი შეუწყო არარსებული უფლების დაცვას, რითაც დაუშვა არასასურველი პრეცედენტი.
3. სასამართლომ გამოიყენა სკ-ს მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება სს “მა-ს” არაკეთილსინდისიერებაზე არ არის მართებული, რადგან, თუ ერთ-ერთი პარტნიორი არ არის მომხრე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისა, ეს თავისთავად არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მისი მოქმედება მიჩნეულ იქნეს არაკეთილსინდისიერად. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ სს “მა.” თავის ინტერესებს აყენებს შპს “მ-ს” ინტერესებზე მაღლა, ეს ბუნებრივია, რადგან პირველ რიგში იგი დაინტერესებულია, დაიცვას თავისი ქონებრივი ინტერესები, საქმეში სათანადო მოსარჩელედ შპს “მ-ს” ჩართვით კი საფრთხე ექმნება მის საკუთრების უფლებას.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობის შესაბამისად საზოგადოებაში ხმათა 1%-ის მქონე პარტნიორსაც მიეცემა უფლება, რომ დანარჩენი პარტნიორების, თუნდაც 99% წილის მქონე პარტნიორების გადაწყვეტილება მიიჩნიოს არაკეთილსინდისიერად და გაასაჩივროს სასამართლოში, რაც სრულიად გაუმართლებელია.
4. სასამართლომ არ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.8 მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ უნდა დაარღვიოს საზოგადოების ავტონომიის პრინციპი და სუბიექტურად არ უნდა დაუჭიროს მხარი რომელიმე პარტნიორს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ შპს “მ-ოს” პარტნიორმა, სს “მა-მა” სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე 1997წ. 15 ოქტომბერს შპს “მ-სთან” გაფორმებული ხელშეკრულებით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ამ უკანასკნელს სადავო შენობა, რაც აღირიცხა საჯარო რეესტრში შპს “მ-ს” საკუთრებად. მაგრამ სს “მა-ს” სარჩელის საფუძველზე, რომლის მოპასუხე იყო არა ხელშეკრულების მხარე, არამედ _ ნოტარიუსი, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა სანოტარო მოქმედება და სადავო შენობა კვლავ საჯარო რეესტრში აღირიცხა სს “მა-ს” საკუთრებად. ამდენად, დადგენილია, რომ შპს “მ-ს” საკუთრება შემცირდა მისივე პარტნიორის, სს “მა-ს”, მოქმედების შედეგად.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. იგი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო შენობაზე საკუთრების უფლების გადაცემა არ მომხდარა, ვინაიდან მისი მოსაზრებით, სახეზე იყო უცილოდ ბათილი გარიგება და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 61-ე მუხლი და აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში შეტანილი ცვლილებით შპს “მ-ს” მიადგა ზიანი – მისი ნების საწინააღმდეგოდ შემცირდა მისი ქონება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ იმსჯელა კასატორის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რადგან აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენდა სარჩელის საგანს. მოცემული დავის საგანს წარმოადგენს შპს “მ-ს” სამი დირექტორისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების საკითხი.
დადგენილია, რომ შპს “მ-ს” პარტნიორთა კრებამ და დირექტორთა საბჭომ ხმათა თანაბრად გაყოფის გამო ვერ მიიღო გადაწყვეტილება ქონების დაბრუნების მოთხოვნით საზოგადოების სასამართლო განხილვაში სათანადო მხარედ ჩაბმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იყო, ემსჯელა მხოლოდ ამ საკითხზე, კერძოდ იმაზე, თუ ქონების დაბრუნების მოთხოვნის საკითხთან დაკავშირებით ვინ შეიძლებოდა გამოსულიყო საქმეში მხარედ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დირექტორატი არის “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებულ საწარმოთა აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს საწარმოს მიმდინარე საქმიანობას და უფლებამოსილია, მესამე პირების წინაშე მინდობილობის გარეშე წარმოადგინოს საწარმო. ამასთან, მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს (“მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.4 მუხლი). პრაქტიკულად ეს ნიშნავს ყველა დირექტორის შესაძლებლობას, საზოგადოების სახელით დადოს გარიგებები. თუ საზოგადოებას ჰყავს რამდენიმე დირექტორი, საზოგადოებასთან გარიგების დადებისათვის საკმარისია ნების გამოვლენა ერთ-ერთი დირექტორის მიმართ. საზოგადოების ინტერესების დასაცავად ასევე საკმარისია ერთ-ერთმა დირექტორმა წარმოადგინოს საზოგადოება სასამართლოში. ამდენად, კანონი ავალდებულებს დირექტორებს, წარმოადგინონ საზოგადოება.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ შპს “მ-ს” ჰყავს ექვსი დირექტორი. სამი დირექტორი დანიშნულია სს “მა-ს” მიერ, ხოლო სამი დირექტორი _ კომპანია “ვ-ს” მიერ. სს “მა.” და მისი მხრიდან დანიშნული დირექტორები არ იღებენ გადაწყვეტილებას შპს “მ-ოს” ინტერესების დასაცავად საქმეში სათანადო მოსარჩელედ საზოგადოების ჩაბმაზე და თავის ინტერესებს საზოგადოების ინტერესებზე მაღლა აყენებდნენ.
კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მითითებული ფაქტი და, არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი და საქართველოს კონსტიტუციის ნორმები, რადგან იგი პირველ რიგში დაინტერესებულია დაიცვას თავისი ინტერესები, საკასაციო პალატა არ ეთანხმება, რადგან საზოგადოების ყველა ორგანო და ყოველი წევრი ვალდებულია, ხელი შეუწყოს საზოგადოებას და მისი ინტერესების განხორციელებას. ეს შეეხება როგორც დირექტორებს, ასევე ცალკეულ პარტნიორებს. ამ მოვალეობის დარღვევა ყველა შემთხვევაში იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად დირექტორები ვალდებულნი არიან, მათზე დაკისრებული ამოცანები კეთილსინდისიერად და გულისხმიერებით შეასრულონ. დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის დირექტორები პასუხს აგებენ საზოგადოების წინაშე პირადად, მთელი თავიანთი ქონებით. თუ დირექტორი რამდენიმეა, მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა. ისინი ვალდებულნი არიან დაამტკიცონ თავიანთი კეთილსინდისიერება, თუ მათი საქმიანობისას საზოგადოება ზიანს განიცდის.
9.7 მუხლის მეორე აბზაცის ბოლო წინადადების თანახმად საზოგადოების ხელმძღვანელი დამოუკიდებელი პირია. დირექტორი არ უნდა იყოს პარტნიორის გადაწყვეტილებათა ბრმა შემსრულებელი, პირიქით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან მას არ ათავისუფლებს ის გარემოებაც, რომ იგი პარტნიორთა გადაწყვეტილების შესასრულებლად მოქმედებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორებს საწარმოს ხელმძღვანელობის განხორციელებისას არა აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი ინტერესები, რომლებიც საწარმოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. დირექტორებს გადაწყვეტილების მიღებისას უფლება არა აქვთ, ემსახურონ საკუთარ, ახლობელთა ან სხვა საწარმოთა ინტერესებს, რომლებიც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება იმ საქმიანი შესაძლებლობების გამოყენებისას, რომლებიც საზოგადოებას ეკუთვნის. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საზოგადოების ინტერესებს და ხმის მიცემისას უნდა გამოდიოდნენ საზოგადოების ინტერესებიდან.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.8 მუხლის მოთხოვნები და სუბიექტურად მხარი დაუჭირა ერთ-ერთ პარტნიორს – კომპანია “ვ-ს”. დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინებით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა შპს “მ-ს” სამ დირექტორს და არა კომპანია “ვ-ს”, ე.ი. სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა საზოგადოების ინტერესებს და არა რომელიმე პარტნიორს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “მა-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.